Thumbnail

"ქალების შეთქმულების მსხვერპლი ვარ" - მერილინ მენსონი სასამართლოს მიმართავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა მუსიკოსმა, მერილინ მენსონმა 28 ივლისს კალიფორნიის ცენტრალურ საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომელშიც მოითხოვს, HBO-ს პოპულარული სერიალის, Game Of Thrones-ის მსახიობს, ესმე ბიანკოს უარი ეთქვას მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაზე. ბიანკო ერთ-ერთია იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც არტისტს სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის უჩივიან. როგორც გამოცემა Billboard დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, მენსონი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ორგანიზებული შეთქმულების მსხვერპლია.

მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობისთვის კიდევ ერთი ქალი უჩივის

"ეს ყალბი და უსაფუძვლო ბრალდებები რამდენიმე მომჩივანის კოორდინირებული თავდასხმის ნაწილია. ისინი ცინიკურად და არაკეთილსინდისიერად ცდილობენ სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიის #MeToo საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის გამოყენებას. ბიანკომ დანარჩენ ქალებთან ერთად თვეები მოანდომა იმ გეგმაზე მუშაობას, თუ როგორ შეეთხზათ მენსონის შესახებ დამახინჯებული ისტორიები, რომელთაც რეალობასთან არაფერი აქვთ საერთო. ის და მისი თანამზრახველები გამეტებით ცდილობენ უორნერის სასცენო იმიჯის მის პიროვნებასთან გაიგივებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ესმე ბიანკოს სარჩელი სექსუალურ ძალადობასა და სექს-ტრეფიკინგს შეეხება. მან ჯერ კიდევ თებერვალში, ონლაინ ჟურნალთან The Cut ინტერვიუში, განაცხადა, რომ მენსონი 2009-11 წლებში სხვადასხვა ფორმით ახდენდა მასზე ზეწოლას. სასამართლო დოკუმენტებში კი კიდევ უფრო დაწვრილებით ისაუბრა, თუ როგორ არ აძლევდა მუსიკოსი მას ჭამისა და დაძინების საშუალებას, აბრუებდა ნარკოტიკებითა და ალკოჰოლური სასმელებით, ამწყვდევდა საძინებელ ოთახში, სცემდა მათრახით, აწამებდა ელექტროშოკით და ემუქრებოდა გაუპატიურებით.

მსახიობმა ესმე ბიანკომ მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა

"მისგან მითითებებს ვიღებდი, როდის უნდა დამეძინა, რა უნდა ჩამეცვა, ან როდის შემეძლო სახლიდან გასვლა. თავს პატიმრად ვგრძნობდი. ერთხელ სხეულზე რამდენჯერმე დამისვა დანა, მე კი გაუნძრევლად ვიწექი. ეს იყო მომენტი, როცა ყველანაირი იმედის და დაცულობის შეგრძნება დავკარგე. ბოლოს კარადაში დამალულმა ჩემს ოჯახს დავურეკე. მისი სახლიდან 2011 წლის ივლისში გავიპარე, როცა მერილინს ეძინა. ერთი თვით ადრე ის სახლის გარშემო ნაჯახით დამსდევდა", - იხსენებს ქალი.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსს სულ მცირე 15 ქალი ადანაშაულებს სასტიკ მოპყრობაში, ფიზიკურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, მუქარასა და მანიპულირებაში. ყველაფერი ყველაფერი 1 თებერვალს, მენსონის ყოფილი მეგობარი ქალის, მსახიობ ევან რეიჩელ ვუდის ინსტაგრამ პოსტით დაიწყო, რომლის თქმითაც, მუსიკოსი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ამის გამო მომღერალთან საქმიანი კონტრაქტი გაწყვიტა ლეიბლმა Loma Vista Recordings. სატელევიზიო შოუებიდან American Gods და Creepshow კი მისი სცენები ამოჭრეს. თავად არტისტმა თავიდანვე უარყო ბრალდებები, მათ "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა და აღნიშნა, რომ ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორებთან.

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მერილინ მენსონმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული