Thumbnail

შაკირას პროკურატურა 17 მილიონის დამალვას ედავება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კოლუმბიელი პოპვარსკვლავის, შაკირას წინააღმდეგ ესპანეთის სასამართლო გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება საგადასახადო თაღლითობას, რომლის ფარგლებშიც 44 წლის მუსიკოსს პროკურატურა $17,2 მილიონი დოლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადის დამალვას ედავება. როგორ გამოცემა Reuters წერს, მოსამართლე მარკო ხესუს ხუბერიასმა საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ მომღერლის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არსებობს.

Shakira განმარტავს, რატომ არ ასმენინებს შვილებს თავის სიმღერებს

"პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტები კანონდარღვევის საკმარის მტკიცებულებებს შეიცავს საიმისოდ, რომ საქმე წარმოებაში მიეცეს", - ნათქვამია დოკუმენტებში.

პროკურატურის ინფორმაციით, შაკირამ სავარაუდო დანაშაული 2012-14 წლებში, კატალონიის რეგიონში ცხოვრების პერიოდში ჩაიდინა, თუმცა, არტისტის ადვოკატების მტკიცებით, მას ესპანეთში 2015 წლამდე არ უცხოვრია და თავისი ყველა საგადასახადო ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული.

"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ სიმართლეში და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - ნათქვამია მუსიკოსის იურისტების განცხადებაში.

ნახეთ: შაკირას ახალი კლიპი Don't Wait Up

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის წამყვან წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don't Lie მოუტანა. 2012 და 2015 წლებში ჟურნალმა Forbes შემსრულებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული