Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონს შანსი რომ ჰქონოდა, ავტოტუნს აუცილებლად გამოიყენებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ მაკკარტნი ამერიკელი პროდიუსერის, მარკ რონსონის სატელევიზიო შოუს Watch the Sound with Mark Ronson პირველი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. სხვადასხვა თემასთან ერთად პოლმა ჯონ ლენონის შესახებ ისაუბრა და აზრი გამოთქვა, რომ, შესაძლებლობა რომ მისცემოდა, ლენონი თავის ნამუშევრებში ავტოტუნის ეფექტს აუცილებლად გამოიყენებდა.

პოლ მაკკარტნი: ჯონის მკვლელობა დღემდე ვერ გადავხარშე

"ჯონ ლენონს რომ შანსი ჰქონოდა, ავტოტუნს აუცილებლად გამოიყენებდა. არა იმიტომ, რომ ხმის კორექცია მოეხდინა, უბრალოდ, ამით გაერთობოდა", - ამბობს მაკკარტნი.

პოლის მოსაზრებას გამოეხმაურა ჯონ ლენონის ვაჟი, შონი:

"მართალია, მამაჩემს თავისი ტემბრი არ მოსწონდა. ამიტომ ეძებდა ხოლმე სხვადასხვა აუდიოეფექტს, რათა ვოკალი მისთვის უკეთესად ჟღერადი გამოსულიყო. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ავტოტუნსაც ცდიდა".

ავტოტუნი ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, 1996 წელს ამერიკელმა მათემატიკოსმა, ენდი ჰილდებრანდმა გამოიგონა. ფართო საზოგადოებას ეს ეფექტი ცნობილი მუსიკოსის, შერის მიერ 1998 წელს გამოცემული ჰიტიდან Believe ახსოვს.

პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები 1960-70 წლებში იყვნენ. მათ მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. არტისტებმა 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი კომპოზიცია გამოუშვეს, მათ შორის აღსანიშნავია Yesterday, Eleanor Rigby, Come Together, Hey Jude, All You Need Is Love და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული