Thumbnail

ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა ერთობლივი ალბომი დააანონსეს და სიმღერაც გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლედი გაგა და მისი თანამემამულე შემსრულებელი, 95 წლის ტონი ბენეტი რიგით მეორე ერთობლივ ალბომს Love for Sale გამოუშვებენ. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 1 ოქტომბერს ჩაეშვება და მასში 10 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა ტრეკებზე 2018-20 წლებში იმუშავეს.

ნახეთ: ლედი გაგასა და ჯარედ ლეტოს ფილმის House of Gucci თრეილერი

ნახეთ: ლედი გაგამ Friends-ის სპეციალურ ეპიზოდში იმღერა

ლედი გაგა: 19 წლის ასაკში პროდიუსერმა გამაუპატიურა, რის შედეგადაც დავორსულდი

"2014 წელს მე და ტონი ბენეტმა პირველი საერთო ალბომი Cheek to Cheek გამოვეცით. ტონიმ დამირეკა და მითხრა, მსურდა თუ არა, რომ მასთან კიდევ ერთ ჩანაწერზე მემუშავა. ცხადია, დავთანხმდი, რადგან ბენეტთან ერთად სიმღერა ჩემთვის დიდი პატივია. ახლა კი გაცნობებთ, რომ ჩვენი მორიგი კოლაბორაციული ნამუშევარი Love For Sale პირველ ოქტომბერს ჩაეშვება გაყიდვაში", - წერს გაგა ინსტაგრამზე.

მუსიკოსებმა ალბომიდან პირველი ერთობლივი სიმღერა I Get A Kick Out Of You გაავრცელეს.

გაგამ და ბენეტმა პირველი ერთობლივი სტუდიური ჩანაწერი Cheek to Cheek 2014 წლის სექტემბერში გაავრცელეს. ნამუშევარმა 2015 წელს საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალ ალბომის კატეგორიაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. მან ბილბორდის ჩარტშიც მოახერხა წამყვანი პოზიციის დაკავება.

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

მომღერალმა და მხატვარმა, ტონი ბენეტმა კი მოღვაწეობა 1936 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 50 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ტონიმ გრემის პრესტიჟული ჯილდო 20-ჯერ მიიღო. ჯამში მას, როგორც სოლო, ასევე კოლაბორაციული, 70-ზე მეტი ალბომი აქვს გამოშვებული. არტისტი მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე აშშ-ის რიგებშიც იბრძოდა. 2016 წელს ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, მას მუსიკალური საქმიანობა არ შეუწყვეტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული