Thumbnail

დამწყებ ბენდებს ეფექტური სახელწოდება პოპულარობის მოპოვებაში უწყობს ხელს, რის გამოც მისი სწორად შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე მუსიკოსების ნაწილმა ამ არცთუ იოლ ამოცანას საკმაოდ მახვილგონივრულად გაართვა თავი და ინსპირაცია საკუთარი კოლეგების მიერ შექმნილი სიმღერების სახელებიდან აიღო.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ისეთ ჯგუფს წარმოგიდგენთ, რომლის სახელწოდებაც სხვა შემსრულებლის ჩანაწერის სათაურითაა შთაგონებული.

10. The Rolling Stones

ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ბენდს თავდაპირველად The Blues Boys ერქვა, ყველასთვის კარგად ცნობილი სახელწოდება კი კოლექტივის გიტარისტმა, ბრაიან ჯონსმა სპონტანურად, გამოცემა Jazz News-ის წარმომადგენელთან სატელეფონო ინტერვიუსას მოიფიქრა. როდესაც ჟურნალისტი ჯგუფის სახელით დაინტერესდა, მუსიკოსმა იატაკზე დაიხედა, სადაც ეპოქალური ბლუზმენის, მადი უოთერსის ფირფიტა The Best of Muddy Waters ეგდო, მასზე ჩაწერილი ერთ-ერთი კომპოზიციის სათაური კი Rollin' Stone გახლდათ.

9. Judas Priest

1969 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის თავდაპირველ ფორმაციაში კლასიკური შემადგენლობის (რობ ჰელფორდი, გლენ ტიპტონი, კენეთ დაუნინგი, იენ ჰილი, სკოტ ტრევისი) არცერთი წევრი ირიცხებოდა, რაც მსგავსი პოპულარობის მქონე ჯგუფებისთვისსაკმაოდ იშვიათ შემთხვევაა. ბრიტანულ ბენდს სახელწოდება ბასისტმა, ბრაიან სტეიფენჰილმა ამერიკელი არტისტის, ბობ დილანის სიმღერის The Ballad of Frankie Lee and Judas Priest მიხედვით შეურჩია.

8. Roxette

1984 წელს ლეიბლის EMI წარმომადგენლებმა შვედურ ჯგუფს Gyllene Tider სახელწოდების შეცვლა მოსთხოვეს. შედეგად, ალბომის The Heartland Café ჩრდილოამერიკულ ვერსიაში პროექტი განსხვავებული სახელით Roxette იყო მოხსენიებული, რომელიც მუსიკოსებმა ინგლისური კოლექტივის Dr. Feelgood სიმღერის სათაურიდან ისესხეს. მოგვიანებით, ჯგუფის ფრონტმენმა, პერ გესლემ და ბექვოკალისტმა, მარი ფრედრიკსონმა ეს სახელწოდება მათ მიერ ჩამოყალიბებულ, ძალზე წარმატებულ პოპ დუეტსაც შეუნარჩუნეს.

7. Spoon

კიოლნში 1969 წელს დაარსებული კრაუტროკ კოლექტივი Can სხვადასხვა დროს ათობით ჯგუფისთვის (Radiohead, Sonic Youth, LCD Soundsystem, Oasis, The Jesus and Mary Chain და სხვა) იქცა შთაგონების წყაროდ. მათ შორის ერთ-ერთი 1982 წელს აშშ-ში ჩამოყალიბებული Spoon გახლავთ, რომლის წევრებმაც საკუთარი ბენდის სახელწოდებად გერმანელი კოლეგების პოპულარული კომპოზიციის სათაური შეარჩიეს.

6. Radiohead

ტომ იორკი და მისი მეგობრები კარიერის დასაწყისში სარეპეტიციოდ პარასკევობით იკრიბებოდნენ, რის გამოც კოლექტივს On a Friday დაარქვეს. თუმცა, მუსიკოსებთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლეიბლის EMI წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ჯგუფის სახელი არცთუ ეფექტურად ჟღერდა და მისი სასწრაფოდ შეცვლა მოითხოვეს. ბიჭებსაც ბევრი არ უფიქრიათ და ახალი სახელწოდება საკულტო ნიუ ვეივ ბენდის Talking Heads კომპოზიციიდან Radio Head ისესხეს.

5. Deep Purple

ლეგენდარულ ბრიტანულ კოლექტივს არსებობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში არცთუ შთამბეჭდავი სახელი Roundabout ერქვა. 1968 წლის აპრილის ერთ-ერთ საღამოს გიტარისტ რიჩი ბლექმორს ბებიის საყვარელი კომპოზიცია, ამერიკელი ჯაზ არტისტის, პიტერ დე როუზის ნაწარმოები Deep Purple გაახსენდა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს შესთავაზა, ახალ სახელწოდებად ამ ჩანაწერის სათაური გამოყენებინათ. მუსიკოსებმა სახელდახელოდ მცირე კენჭისყრა ჩაატარეს, სადაც რიჩის იდეამ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

4. The Sisters of Mercy

საკულტო პოსტ პანკ ბენდი The Sisters of Mercy ენდრიუ ელდრიჩმა და გარი მარქსმა ინგლისის ქალაქ ლიდსში 1980 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებმა კოლექტივს სახელწოდება ვესტერნის "მაკკეიბი და მისის მილერი" ნახვის შემდეგ შეურჩიეს - რეჟისორ რობერტ ოლტმენის მიერ 1971 წელს გადაღებულ ფილმში საუნდტრეკად გამოყენებული კომპოზიციებიდან ერთ-ერთი ლეგენდარული კანადელი შემსრულებლის, ლეონარდ კოენის სიმღერა Sisters of Mercy გახლავთ.

3. Slowdive

1989 წელს შუგეიზის მომავალ ლეგენდებს თავიანთი პროექტისთვის შესაფერისი სახელწოდება შერჩეული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. ბასისტ ნიკ ჩაპლინს დაესიზმრა, რომ ჯგუფს Slowburn ერქვა, რის შესახებაც ბენდის დანარჩენ წევრებს მოუყვა. ნიკის მოსმენისას ვოკალისტ რეიჩელ გოსველს თავისი ფავორიტი პოსტ პანკ კოლექტივის Siouxsie and the Banshees სიმღერა Slowdive გაახსენდა, რომლის სათაურიც მუსიკოსებს საკმაოდ ეფექტურად მოეჩვენათ და საკუთარ სახელწოდებადაც აქციეს.

2. Cocteau Twins

1979 წელს ჩამოყალიბებული Cocteau Twins დრიმპოპის პიონერად და უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიიჩნევა. კოლექტივმა სახელწოდება გლაზგოური ბენდის Johnny and the Self -Abusers ერთ-ერთი პირველი ჩანაწერიდან ისესხა. ამ ჯგუფმა მცირე ხანში სახელი Simple Minds-ად გადაიკეთა და უდიდესი პოპულარობაც მოიპოვა, ზემოხსენებული სიმღერა კი მათ სადებიუტო ალბომში ასევე განსხვავებული სათაურით No Cure შევიდა.

1. The Black Angels

კომპოზიცია The Black Angel's Death Song ეპოქალური კოლექტივის The Velvet Underground სადებიუტო, 1967 წელს გამოცემულ ალბომში The Velvet Underground & Nico შევიდა, რომელიც ამერიკულმა ჯგუფმა გერმანელ მომღერალთან, კრისტა პაფგენთან, იგივე ნიკოსთან თანამშრომლობით შექმნა. 37 წლის შემდეგ ტექსასის შტატში ჩამოყალიბებული ფსიქოდელიური როკ ბენდის The Black Angels წევრებმა თავიანთი პროექტი სწორედ ზემოხსენებული სიმღერის მიხედვით მონათლეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული