Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა სიმღერაზე I Get a Kick Out of You კლიპი გადაიღეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ და 95 წლის შემსრულებელმა, ტონი ბენეტმა კომპოზიციის I Get a Kick Out of You ქავერ ვერსიაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელეს. სიმღერა არტისტების მომავალ, კოლაბორაციულ ალბომში Love for Sale იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 1 ოქტომბერს ჩაეშვება.

ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა ერთობლივი ალბომი დააანონსეს და სიმღერაც გაავრცელეს

სიმღერის ორიგინალი ვერსიის ავტორი ამერიკელი კომპოზიტორი, კოულ პორტერი გახლავთ. ტრეკი პირველად 1934 წელს ბროდვეიზე დადგმულ მიუზიკლში Anything Goes გაჟღერდა. მას შემდეგ კომპოზიცია არაერთმა ცნობილმა არტისტმა დააქავერა, მათ შორის ფრენკ სინატრამ, ელა ფიცჯერალდმა და სხვებმა.

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

მომღერალმა და მხატვარმა, ტონი ბენეტმა კი მოღვაწეობა 1936 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 50 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ტონიმ გრემის პრესტიჟული ჯილდო 20-ჯერ მიიღო. ჯამში მას, როგორც სოლო, ასევე კოლაბორაციული, 70-ზე მეტი ალბომი აქვს გამოშვებული. არტისტი მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე აშშ-ის რიგებშიც იბრძოდა. 2016 წელს ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, მას მუსიკალური საქმიანობა არ შეუწყვეტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული