Thumbnail

რინგო სტარი: ეს The Beatles-ის ყველაზე ცუდი ტრეკია, რომელიც მაკკარტნიმ დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის რიგით მეთერთმეტე ალბომში Abbey Road შესული კომპოზიცია Maxwell’s Silver Hammer, რომლის ავტორიც პოლ მაკკარტნია, იმ პერიოდში ჩაიწერა, როდესაც კოლექტივის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობები უკვე გაციებული იყო. მაკკარტნის სურდა, ტრეკი ზუსტად ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა, ასე რომ ბენდის წევრებს მრავალკვირიანი სესიების განმავლობაში მოუწიათ მასზე მუშაობა. როგორც მოგვიანებით რინგო სტარმა ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბევრ შრომას შედეგი არ გამოუღია და მისთვის Maxwell’s Silver Hammer "ბითლზის" ყველაზე ცუდ სიმღერად დარჩა.

რინგო სტარმა The Beatles-ის შემოქმედებიდან ფავორიტი სიმღერა დაასახელა

"Maxwell’s Silver Hammer-ის სესია ყველაზე ცუდი იყო, რაც კი გვქონია. ეს კი ყველაზე საშინელი ტრეკია, რომელზეც ოდესმე გვიმუშავია. მისმა ჩაწერამ ოთხი წყეული კვირა წაგვართვა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

რინგო სტარს ჰკითხეს, რამდენად ხშირად ფიქრობს The Beatles-ის წევრებზე

რინგოს განწყობას იზიარებდა ჯონ ლენონი, რომელიც არასდროს ერიდებოდა პოლ მაკკარტნის შემოქმედების კრიტიკას.

"მეზიზღებოდა ეს ტრეკი. ამ სესიიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ გვაიძულებდა, ასმემილიონედ ჩაგვეწერა. ყველაფერი გააკეთა, რომ სინგლად ექცია - რაც არ იყო, ვერც ვერასდროს გახდებოდა, მაგრამ პოლმა ამ სიმღერას იმაზე მეტი ფული დაახარჯა, ვიდრე მთელი ალბომის დანარჩენი ტრეკების ჩაწერა დაჯდა", - ამბობდა ლენონი დევიდ შეფთან ინტერვიუში, რომელიც 1980 წელს Playboy-ში გამოქვეყნდა.

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

თუმცა, ბენდის წევრების უკმაყოფილების მიუხედავად, თავად პოლს ეს ჩანაწერი მოსწონდა.

"ეს საუკეთესო რადიო სპექტაკლი იყო, რომლისთვისაც ცხოვრებაში მომისმენია. ყველაზე კარგი პროდაქშენით. უბრალოდ სენსაცია იყო. ჩემთვის იმ პერიოდის ყველაზე დიდი მოვლენა იყო", - ამბობდა პოლი ბიოგრაფიულ წიგნში Paul McCartney: Many Years from Now.

კომპოზიციის ტექსტში მოთხრობილია, როგორ კლავს სტუდენტი, სახელად მაქსველ ედისონი ადამიანებს ჩაქუჩით. ვიკიპედიის თანახმად, მაკკარტნი ამ სიმღერას აღიქვამდა, როგორც ცხოვრებისეული დაცემის სიმბოლოს.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული, ახალ EP-ს კი 19 მარტს გამოუშვებს. მასში სხვა მუსიკოსებთან ერთად, პოლ მაკკარტნიმაც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული