Thumbnail

Kris Wu-ს გაუპატიურებაში ამერიკელი თინეიჯერიც ადანაშაულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს ყოფილ წევრს, ჩინელ-კანადელ მუსიკოსს, მსახიობსა და მოდელს, კრის ვუს გაუპატიურებაში კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად ამერიკაში მცხოვრები არასრულწლოვანი ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Straits Times ავრცელებს. გოგონას მტკიცებით, შემთხვევა კრის ვუს ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა, სადაც მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. მისივე მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებებით გააბრუეს, რის შემდეგაც მუსიკოსმა მასზე სექსუალურად იძალადა.

მუსიკოსი Kris Wu, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, დააპატიმრეს

ხოლო ვებგვერდი Todayonline იუწყება, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ მუსიკოსს, რომელიც თავდაპირველად 19 წლის წლის სტუდენტმა, დუ მეიჩჟუმ დაადანაშაულა გაუპატიურებაში, სულ მცირე 30 ქალი უყენებს მსგავს ბრალდებას. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა, ლოს ანეჯელესში მცხოვრებმა გოგონამ არტისტის წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად სისხლის სამართლის დანაშაულებზე მომუშავე კერძო კომპანიას მიმართა. სავარაუდო მსხვერპლის თქმით, წვეულებაზე მიწვევა კრის ვუს მენეჯერისგან მიიღო. იქ მისულმა კი დალია სასმელი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა გარეული, სწორედ ამის შემდეგ მოხდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი. Todayonline-ისვე ცნობით, იურიდიულმა ფირმამ, რომელიც ამერიკელ არასრულწლოვანთან მუშაობს, ეჭვი გამოთქვა, რომ მათი კლიენტი ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა და კრის ვუს დანარჩენ სავარაუდო მსხვერპლ ქალებსაც მოუწოდა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისკენ.

პოლიციამ კრის ვუს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

ჩინური მედიის ცნობით, 30 წლის კრის ვუ, რომელიც კანადის მოქალაქეა, შიშობს, რომ სწორედ იქ მოუწევს დეპორტირება, სადაც ბავშვის მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ჩინეთში კი სექსუალურ კავშირზე თანხმობა 14 წლიდან არის ნებადართული. იმ შემთხვევაში, თუ მუსიკოსი მართლაც კანადის სასამართლოს წინაშე წარდგება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექნება არჩევანი, სამუდამო პატიმრობის ნაცვლად, ქიმიური კასტრაციის პროცედურით შეძლოს შეწყალების მოპოვება.

შეგახსენებთ, დუ მეიჩჟუმ, რომელიც მუსიკოსის თაყვანისმცემელი იყო, 8 ივლისს Weibo-ზე დაწერა, რომ 17 წლის ასაკში კრის ვუმ მასზე სექსუალურად იძალადა, არტისტი კიდევ არაერთმა გოგონამ დაადანაშაულა გაუპატიურებაში, რის შემდეგაც ის პეკინის პოლიციამ დააკავა.

"დაკავებას საფუძვლად უდევს ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან მოტყუებით არაერთ ახალგაზრდა ქალთან დაამყარა სექსუალური კავშირი", - წერს სამართალდამცველი უწყება ადგილობრივ სოციალურ ქსელში Weibo.

დუ მეიჩჟუ

მას შემდეგ, რაც მუსიკოსის სავარაუდო დანაშაულების შესახებ გახდა ცნობილი, მასთან საქმიანი კავშირი გაწყვიტა ჩინური კომპანიების უმეტესობამ და ისეთმა საერთაშორისო ბრენდებმა, როგრებიცაა: Porsche, Louis Vuitton, Bulgari, L’Oréal და სხვები. თავად ვუ და მისი კომპანია Beijing Fanshi Culture and Media ბრალდებებს უარყოფენ.

"არასრულწლოვნები არასდროს მყოლია. თუკი მსგავსი რამ მოხდება, მერწმუნეთ, თავად წავალ საპატიმროში. ჩემს სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", - დაწერა კრისმა Weibo-ზე.

ვუ იფანმა, სასცენო სახელით Kris Wu, აზიაში პოპულარობა სწორედ EXO-ს წევრობით მოიპოვა. ის კოლექტივში 2012-14 წლებში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მან ჩინეთში სოლო კარიერა დაიწყო, ასევე, ხელი მიჰყო სამსახიობო და სამოდელო საქმიანობას, რის შემდეგაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი გახდა. 2017 წელს, ფილმში XXX: Return of Xander Cage მონაწილეობით, მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჰოლივუდშიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული