Thumbnail

10 კომპოზიცია, რომელშიც ცხოველების ხმაა გამოყენებული

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული მუსიკოსები საკუთარ ჩანაწერებში ხშირად ცხოველების, ფრინველებისა და მწერების ხმებსაც კი იყენებენ. მსგავსი ექსპერიმენტების ნაწილი საკმაოდ საინტერესო, სახალისო თუ ეფექტური შედეგით სრულდება.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ ათ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ, რომელშიც ამა თუ იმ ცოცხალი არსების ხმაა გამოყენებული.

10. The Beatles - Good Morning, Good Morning

ეპოქალურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band შესული, ერთობ უჩვეულო სტრუქტურის მქონე კომპოზიცია Good Morning, Good Morning მამლის ყივილით იხსნება. ჩანაწერის მიწურულს კი ინტენსიურ ინსტრუმენტალს ჩიტების, ძაღლების, კატის, ძროხის, ცხვრის, ცხენის, ლომისა და სპილოს ხმები ძალზე ეფექტურად ერწყმის.

9. Gojira - Flying Whales

1996 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის ჩანაწერების დიდი ნაწილი ეკოლოგიითა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებითაა შთაგონებული. ფრანგული ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია Flying Whales დაახლოებით სამწუთიანი ინსტრუმენტული პარტიით იხსნება, რომელსაც ფონად ვეშაპების ხმა გასდევს.

8. Missy Elliott - Work It

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, მისი ელიოტის ჰიტში Work It სექსუალური შინაარსის მქონე მინიშნება ძალზე ორიგინალური ხერხითაა დაფარული. ჩანაწერში მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვის ალტერნატივად არც მეტი, არც ნაკლები, სპილოს ხმაა გამოყენებული.

7. Bob Dylan - Man in the Long Black Coat

საკულტო ამერიკელი არტისტის, ბობ დილანის 26-ე ალბომი Oh Mercy ნიუ ორლეანში ჩაიწერა. სტუდიის მახლობლად საღამოობით ჭრიჭინების გაბმული ხმა ისმოდა, რამაც ჩანაწერის პროდიუსერს, დენიელ ლანუას კომპოზიციაში Man in the Long Black Coat ფონად სწორედ ამ მწერის მიერ გამოცემული ბგერების გამოყენება შთააგონა.

6. Pink Floyd - Seamus

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის ამ კომპოზიციაში ვოკალისტის როლში კოლის ჯიშის ძაღლი, შეიმუსი მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი როკ ჯგუფ Small Faces-ის ფრონტმენის, სტივ მარიოტის ოთხფეხა მეგობარი გახლდათ და მისი ყეფა ამ ბენდის ნამუშევარშიც The Universal გაისმის.

5. Run the Jewels - Meowrly

2015 წელს პოპულარულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Run the Jewels მეორე სტუდიური ალბომის რამდენიმე რემიქს ვერსია გამოსცა. მათ შორის განსაკუთრებით არაორდინარული Meow the Jewels გახლავთ, სადაც ნამუშევრის ორიგინალური ინსტრუმენტალის უდიდესი ნაწილი კატების ხმებითაა ჩანაცვლებული.

4. Baauer - Harlem Shake

Baauer-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰარი ბაუერ როდრიგესის სადებიუტო სინგლი Harlem Shake გამოსვლისთანავე ჰიტად და ინტერნეტ ხუმრობად იქცა. ათასობით სახალისო ვიდეორგოლის თანმხლებ კომპოზიციაში, რამდენიმე სხვა სემპლთან ერთად, ლომის ღრიალის ხმაცაა გამოყენებული.

3. The Avalanches - Frontier Psychiatrist

ამ ავსტრალიური კოლექტივის წევრები თავიანთი ნამუშევრების უდიდეს ნაწილს სხვადასხვა რესურსებიდან ნასესხები სემპლებით ქმნიან, კომპოზიციაში Frontier Psychiatrist კი ამ მიზნით ერთობ ორიგინალური წყარო გამოიყენეს - ჩანაწერში ხან ცხენის ჭიხვინი გაისმის, ხანაც თუთიყუშის ხმა, რომელიც ადამიანის საუბრის მიბაძვას ცდილობს.

2. Fiona Apple - Fetch the Bolt Cutters

ამერიკელმა შემსრულებელმა, ფიონა ეფლმა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი Fetch the Bolt Cutters საკუთარ სახლში შექმნა. ნამუშევარში შესული, ამავე სახელწოდების სიმღერის ჩაწერისას მუსიკოსისა და მისი მეგობრების ძაღლებმა ყეფა დაიწყეს, კომპოზიციის საბოლოო მიქსში კი მათი ხმები ხელუხლებლად დარჩა.

1. Björk - The Gate

ვენესუელაში მცხოვრები ტომის, იანომანას რწმენით, დაბადებისას გარდაცვლილი ჩვილების სულები ფრინველებში სახლდებიან. ისლანდიელი არტისტი, ბიორკი კომპოზიციაზე The Gate მუშაობისას სწორედ იქ ჩაწერილ, შამანისტური რიტუალების ამსახველ ფირფიტას წააწყდა და მისი მოსმენისას გაგონილი ჩიტების ჭიკჭიკის ხმა საკუთარ ნამუშევარში გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული