Thumbnail

პოპულარული არტისტების ნაწილს ასეულ მილიონობით ადამიანი ნამდვილი სახელისა და გვარის ნაცვლად ფსევდონიმებით იცნობს, თუმცა მათი წარმოშობისა თუ ინსპირაციის წყაროს შესახებ ცოტამ თუ უწყის.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ათი ცნობილი მუსიკოსის სასცენო სახელის ისტორიას მოგიყვებით.

10. ლედი გაგა

Lady Gaga-ს ფსევდონიმით ცნობილი სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავი და წარმატებული მსახიობი გახლავთ. პროფესიული კარიერის დაწყებიდან მცირე ხანში მუსიკოსმა სასცენო სახელი თავისი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდის, ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Queen-ის კომპოზიციის Radio Ga Ga სათაურიდან ისესხა.

9. სიდ ვიშეზი

საკულტო ბრიტანული პანკ კოლექტივის, Sex Pistols-ის ბასისტს, საიმონ რიჩის სასცენო სახელი ჯგუფის ვოკალისტმა, ჯონ ლაიდონმა შეურჩია. მისმა ზაზუნამ, სიდმა, რომელსაც ეს სახელი Pink Floyd-ის ყოფილი ფრონტმენის, სიდ ბარეტის პატივსაცემად დაარქვეს, საიმონს უკბინა, რასაც ამ უკანასკნელის წამოძახილი Sid is really vicious – "სიდი ნამდვილად ბოროტია" მოჰყვა.

8. სნუპ დოგი

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი არტისტის ნამდვილი სახელი კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსი გახლავთ. 1971 წელს დაბადებულ რეპერს ფსევდონიმად ქცეული მეტსახელი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოსდევს - პატარა კელვინს კომიქსების სერიის Peanuts პერსონაჟებიდან განსაკუთრებით ძაღლი სნუპი უყვარდა.

7. სტინგი

ჯგუფის The Police ყოფილი ფრონტმენი, გორდონ მეთიუ სამნერი პოპულარობის მოპოვებამდე სხვა პროექტებთან ერთად ჯაზ კოლექტივში Phoenix Jazzmen მოღვაწეობდა. ინგლისელ მუსიკოსს იმ პერიოდში შავ-ყვითელი ზოლებიანი ჯემპრი ეცვა, რის გამოც ბენდის ლიდერმა, გორდონ სოლომონმა კრაზანას მიამსგავსა და მეტსახელად Sting (ნესტარი) შეარქვა.

6. ჯეი ზი

ჰიპ ჰოპ არტისტს, რომლის ნამდვილი სახელიც შონ კორი კარტერია, მოზარდობისას მეტსახელად ჯეზის (Jazzy) ეძახდნენ. მოგვიანებით, მან ფსევდონიმად Jay-Z თავისი მენტორის, ბრუკლინელი რეპერის, Jaz-O-ს პატივსაცემად შეარჩია. ეს უკანასკნელი ცნობადობის მხრივ ყოფილ პროტეჟეს ბევრად ჩამოუვარდება, თუმცა ჟანრის ვეტერან მსმენელთა წრეში განსაკუთრებული დაფასებით სარგებლობს.

5. ელტონ ჯონი

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შემსრულებელმა, რეჯინალდ კენეთ დუაითმა ჯგუფი Bluesology თხუთმეტი წლის ასაკში ჩამოაყალიბა. 1967 წელს, პროექტის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ, ბრიტანელმა არტისტმა თავისი ფსევდონიმი ამ კოლექტივის ორი წევრის, საქსოფონისტ ელტონ დინისა და ვოკალისტ ჯონ ბოლდრის სახელების შეერთებით მიიღო.

4. იგი პოპი

პროტოპანკ კოლექტივის, The Stooge-ის ფრონტმენის, ჯეიმს ნიუელ ოსტერბერგის ფსევდონიმის პირველი ნაწილი ჯგუფის The Iguanas შემოკლებულ სახელწოდებას წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაშიც ის კარიერის დასაწყისში მოღვაწეობდა. რაც შეეხება მეორეს, ლეგენდარულმა მუსიკოსმა სასცენო სახელს "პოპი" ძველი მეგობრის, ჯიმი პოპის პატივსაცემად დაუმატა.

3. ბონო

საკულტო ირლანდიური კოლექტივის, U2-ს ფრონტმენი, პოლ ჰიუსონი მოზარდობისას კულტურულ მოძრაობას Lypton Village შეუერთდა, რომლის თითოეულ წევრს დანარჩენები მეტსახელით მიმართავდნენ. მეგობრებმა მას რამდენიმე ფსევდონიმი შეურჩიეს, რომელთა შორის ერთ-ერთი Bono Vox იყო - ეს სიტყვათშეთანხმება Bonavox-ის მცირედ შეცვლილ ფორმას წარმოადგენს, რაც ლათინურ ენაზე "კარგ ხმას" ნიშნავს.

2. მერილინ მენსონი

სკანდალურმა როკ არტისტმა, ბრაიან ჰიუ უორნერმა კარიერის საწყის პერიოდში გადაწყვიტა, თავისი ფსევდონიმი ამერიკელი სექს სიმბოლოსა და ცნობილი დამნაშავის სახელების შერწყმით შეექმნა. მერილინ მონრო ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ, ჩარლზ მენსონი კი რელიგიური კულტის ლიდერი, რომლის მიმდევრებმაც მისი მითითებით ცხრა ადამიანი მოკლეს.

1. ემინემი

1986 წელს დამწყებმა დეტროიტელმა რეპერმა, მარშალ მეზერსმა, რომელიც იმჟამად მხოლოდ 14 წლის იყო, პირველ სასცენო სახელად თავისივე ინიციალები M&M შეირჩია. მოგვიანებით, ამ ფსევდონიმმა არაერთი ცვლილება განიცადა და საბოლოოდ იმ ფორმით ჩამოყალიბდა, რომლითაც დღესდღეობით ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტს მილიონობით ადამიანი იცნობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული