Thumbnail

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Fugees მსოფლიო ტურნე დააანონსა

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Fugees მსოფლიო ტურნე დააანონსა. 15-წლიანი პაუზის შემდეგ ლორინ ჰილი, ვაიკლიფ ჟანი და პრეზ მიშელი კვლავ გაერთიანდებიან და ჯგუფის მეორე და ყველაზე წარმატებული სტუდიური ალბომის The Score გამოსვლიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნად ნოემბერსა და დეკემბერში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ნიგერიასა და განაში კონცერტებს გამართავენ.

ლორინ ჰილი პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის ალბომმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა

Fugees-ის 2021 წლის საკონცერტო ტურნეს განრიგი

Fugees სწორედ The Score-ის გამოსვლის შემდეგ დაიშალა. საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გრემისა და შვიდგზის პლატინის სტატუსის მფლობელ სტუდიურ ჩანაწერში ჯგუფის ისეთი ცნობილი კომპოზიციებია წარმოდგენილი, როგორებიცაა Ready or Not, Killing Me Softly და Fu-Gee-La. 1997 წლიდან კოლექტივის წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. 2004 წელს ისინი კვლავ შეიკრიბნენ და მუსიკის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ნიუ იორკში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა, რასაც მომდევნო წელს BET-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლა და ევროპული ტურნე მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, ასევე, ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ, თუმცა მასზე მუშაობის პროცესში მუსიკოსებს შორის ისევ უთანხმოებამ იჩინა თავი - ლორინ ჰილს ახალი კომპოზიცია Lips Don't Lie არ მოსწონდა. საბოლოოდ კოლექტივი ისევ დაიშალა, სიმღერა კი სახეცვლილი სახელწოდებით Hips Don't Lie კოლუმბიელი პოპვარსკვლავის, შაკირასა და ვაიკლიფ ჟანის შესრულებით მსოფლიო ჰიტი გახდა. ალბომზე მუშაობისას ჩაწერილი მასალიდან 2005 წლის 27 სექტემბერს გავრცელდა სინგლი Take It Easy, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მე-40 პოზიცია დაიკავა.

"Fugees-ს რთული, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორია აქვს. მე გადავწყვიტე, პატივი მიმეგო ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მისი იუბილესთვისა და მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის მშვიდობიანი პლატფორმის შექმნით, სადაც შევძლებთ გავერთიანდეთ, შევასრულოთ საყვარელი კომპოზიციები და ვაჩვენოთ მსოფლიოს შერიგების მაგალითი", - განაცხადა ლორინ ჰილმა გავრცელებულ პრესრელიზში.

ჰიპ ჰოპ კოლექტივი Fugees აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ საუთ ორენჯში 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. მის შემადგენლობაში ლორინ ჰილი, ვაიკლიფ ჟანი და პრეზ მიშელი შედიან. 1994 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Blunted on Reality გამოუშვა, რომელსაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებების მიუხედავად, ხელშესახები წარმატება არ მოჰყოლია. ვითარება 1996 წელს მუსიკოსების მიერ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერის The Score გამოცემის შემდეგ შეიცვალა. ნამუშევარი მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ბილბორდის ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე მოექცა და დღემდე ჰიპ ჰოპ ჯგუფის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული