Thumbnail

გამოცემამ Кoreaboo კეიპოპ ჯგუფების ყოველთვიური რეიტინგი გამოაქვეყნა. სია 1-დან 31 მაისის ჩათვლით შეგროვებული მონაცემების მიხედვითაა შედგენილი. სამხრეთ კორეაში ყველაზე პოპულარული კოლექტივების ოცეული დღეისთვის ასე გამოიყურება: 

20. Mamamoo

წელს გოგონებმა რიგით მე-6 მინი ალბომი Yellow Flower გამოუშვეს, რომელმაც კორეის მუსიკალურ ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. ცოტა ხნის წინ კი ჯგუფმა მსმენელებს ჩანაწერში შესულ სიმღერაზე Starry Night გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზა. 

19. iKON

წელს მუსიკოსები მსმენელებს რიგით მე-2 სტუდიური ალბომით Return დაუბრუნდნენ. ახალი ჩანაწერიდან განსაკუთრებით წარმატებული სიმღერა Love Scenario აღმოჩნდა, რომელზე შექმნილმა ვიზუალურმა ნამუშევარმაც იუთუბზე 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

18. BTOB

18 ივნისს ბენდი გაყიდვაში რიგით მე-11 EP-ის This Is Us ჩაუშვებს. 11 ივნისს კი ბიჭებმა მომავალი ნამუშევრიდან პირველი სინგლის გამოშვებაც დაანონსეს. 

17. NCT

2016 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა წელს სადებიუტო სტუდიური ალბომი NCT 2018 Empathy გამოუშვა. ნამუშევარი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

16. GFRIEND

გოგონების რიგით მეექვსე EP Time for the Moon Night აპრილში გამოვიდა. ნამუშევარმა კორეული ჰიტ აღლუმის ლიდერობა არავის დაუთმო და ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტშიც მე-6 პოზიცია დაიკავა.  

15. Dreamcatcher

სამხრეთ კორეულ შოუბიზნესში Dreamcatcher გამორჩეული ბენდია. გოგონების შემოქმედება კეიპოპსა და როკ მუსიკას აერთიანებს. კლიპები კი მუქი ტონებითა და გოთური ესთეტიკით გამოირჩევა.  

14. BIGBANG

BIGBANG-ის გარეშე სამხრეთ კორეული პოპ მუსიკა წარმოუდგენელია. კოლექტივი 2006 წელს ჩამოყალიბდა და კეიპოპი მილიონობით ადამიანს შეაყვარა. ბენდის ოთხი წევრი ორწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რის გამოც ჯგუფმა შემოქმედებითი პაუზა აიღო. კოლეგების გარეშე დარჩენილმა სეუნგრიმ კი ივნისში სოლო ჩანაწერის გამოშვება დააანონსა. 

13. WINNER 

ბენდის რიგით მე-2 სტუდიური ნამუშევარი EVERYD4Y კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. ჩანაწერმა ბილბორდის ჩარტში მე-6 პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შარშან კოლექტივის წევრი ჯინვუ სამხრეთკორეული რეალითი შოუს The Wizard of Ozi-ის გადაღებისას საქართველოში იმყოფებოდა. პოპვარსკვლავმა ვირზე იჯირითა, ყანწით ქართული ღვინო დააგემოვნა და გოგირდის აბანოებსაც ესტუმრა. 

12. Infinite 

ჯგუფმა წლის დასაწყისში რიგით მე-3 სტუდიური ალბომი Top Seed ჩაწერა. მარტში კი ბენდის ლიდერმა სუნგკიუმ სოლო კონცერტი დაანონსა, რომელიც 5-7 მაისს უნდა გამართულიყო. შოუზე დასასწრები ბილეთები 3 წუთში გაიყიდა, თუმცა, ლაივის დღეს არტისტმა ფანებს აცნობა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და ღონისძიება გააუქმა. 

11. SEVENTEEN 

წელს ბიჭებმა მათი მე-2 სტუდიური ალბომის Teen, Age განახლებული ვერსია Director's Cut შემოგვთავაზეს. ცოტა ხნის წინ კი, ბენდმა სეულში სოლო კონცერტი დააანონსა და პირველი იაპონურენოვანი ჩანაწერი We Make You გამოუშვა.

10. Lovelyz 

2018 წელს გოგონები ტელეარხ SBS MTV-ის გადაცემის The Show გამარჯვებულები გახდნენ. თუმცა, ეს მათი ერთადერთი წარმატება არ ყოფილა. აპრილში გამოსულმა მინი ალბომმა Heal კორეულ ჩარტებში მეორე პოზიცია დაიკავა და იაპონიის ჰიტ აღლუმშიც მოხვდა. 

9. Girls’ Generation

2007 წელს შექმნილი ჯგუფის წევრებმა ბოლო ალბომი Holiday Night კოლექტივის ათი წლის იუბილეს მიუძღვნეს. ამჟამად კი გოგონები ახალ რეალითი შოუზე მუშაობენ, რომლის გადაღებებიც საფრანგეთში მიმდინარეობს. პროექტის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

8. AOA

შარშან ჯგუფი ერთ-ერთმა წევრმა, ჩოამ დატოვა. ამის მიუხედავად, კოლექტივს წინსვლა არ შეუწყვეტია. გოგონებმა მაისში რიგით მე-5 მინი ალბომი Bingle Bangle გამოუშვეს, რომელიც ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში მოხვდა. 

7. Red Velvet

აპრილში Red Velvet ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. გოგონებმა ფხენიანში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა და კიმ ჩენ ინსაც შეხვდნენ. როგორც ამბობენ, ჩრდილოეთკორეელი დიქტატორი ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელია და ლაივზე დასასწრებად მან თავისი დატვირთული გრაფიკიც კი შეცვალა. 

6. SHINee

პოპულარული კეიპოპ კოლექტივი SHINee ათი წლის წინ შეიქმნა. შარშან ბენდის ერთ-ერთმა წევრმა ჯონგჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ტრაგედიის მიუხედავად, წელს ბიჭებმა თაყვანისცემლებს ახალი ნამუშევარი Good Evening შესთავაზეს. კომპოზიცია რიგით მე-7 სტუდიური ალბომის The Story of Light პირველ ნაწილში შევიდა, რომელიც გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა. სრული ჩანაწერი კი 25 ივნისს გავრცელდება.

5. BLACKPINK

ჯგუფის ფანები სულმოუთქმელად ელოდებიან გოგონების პირველ კორეულენოვან ჩანაწერს Square Up, რომლის გამოსვლაც 15 ივნისს იგეგმება. შარშან სინგლმა As If It's Your Last მუსიკოსებს დიდი წარმატება მოუტანა. კომპოზიცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჩარტებში წამყვან პოზიციებზე მოხვდა. 

4. TWICE

ახლახან გოგონებმა ლეგენდარული ჯგუფის Jackson 5-ის სიმღერის I Want You Back ქავერი დააანონსეს, რომელიც იაპონური კინოფილმის Sensei Kunshu ("მასწავლებელი-მბრძანებელი") საუნდტრეკი იქნება. მათ თაყვანისმცემლებს კომპოზიციაზე What is Love? გადაღებული მუსიკალური ვიდეოც შესთავაზეს. 

3. EXO

ტელეარხ Mnet-ის მუსიკალური დაჯილდოების (MAMA) თხუთმეტგზის გამარჯვებული ბენდი EXO სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. წელს კოლექტივის ქვეჯგუფმა Exo-CBX რიგით მე-2 მინი ალბომი Blooming Days გამოუშვა, რომელიც მალევე გაყიდვების ლიდერი გახდა.

2. Wanna One

ბოიბენდი Wanna One შარშან შეიქმნა. თუმცა, მუსიკოსებმა მოკლე დროის განმავლობაში უკვე მოასწრეს სამი ალბომის ჩაწერა. ბოლო ნამუშევარი 1÷x=1 (Undivided) 4 ივნისს გამოვიდა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. 

1. BTS

BTS-ის სახელი დიდი ხანია, სამხრეთ კორეის საზღვრებს გასცდა. დღეს ჯგუფი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბოიბენდად ითვლება და თაყვანისმცემლები თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს. 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიჭებმა ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ  მეორედ გაიმარჯვეს, კეიპოპის ისტორიაში პირველებმა დაიკავეს წამყვანი პოზიცია Billboard 200-ის და Billboard Artist 100-ის ჩარტებში და გახდნენ პირველი კეიპოპ ჯგუფი, რომლის კლიპმაც იუთუბზე 400 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

25 აგვისტოს სეულში სტარტს აიღებს კოლექტივის მსოფლიო ტურნე, რომელიც 20 ოქტომბერს პარიზში დასრულდება. BTS-ისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ლონდონში გასამართ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი ბენდმა 10 წუთზე ნაკლებ დროში გაყიდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული