Thumbnail
ფოტო: მაშო სამადაშვილი

KayaKata-ს წევრის, ზურა ჯიშკარიანის მაისურმა საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

27 ივნისს პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის KayaKata წევრის, ზურა ჯიშკარიანის რომანი "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

► KayaKata-ს წევრის ზურა ჯიშკარიანის რომანმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა

დაჯილდოების ცერემონიაზე ჯიშკარიანი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მუსიკოსი და მწერალი თავის ფეისბუქის გვერდზე აღშფოთებულ მოქალაქეებს ასე გამოეხმაურა:

"ეს მაისური ჩემმა ეროვნებით აფხაზმა მეგობარმა მაჩუქა, პატივისცემით და სიყვარულით და ხშირად მაცვია ხოლმე. თუ გვინდა თანაარსებობა, ჩვენც უნდა ჩავიცვათ აფხაზური მაისურები და ვისწავლოთ აფხაზური ენა ისევე, როგორც მათ უნდა ჩაიცვან ჩვენები და ისწავლონ ჩვენი ენა, რომ ისევ რუსულად არ მოგვიწიოს ერთმანეთში საუბარი. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ტესტია: სისხლი გვწყურია, თუ სიყვარული?

განსაკუთრებით ბრმა ცინიზმი მგონია ამ მაისურით ასეთი მასიური აღშფოთება და "აფხაზეთის ტკივილი", როცა შენივე დევნილები საშინელ დღეში ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში და კიდე უამრავი სხვა პრობლემაა გარშემო."

ქართველი მუსიკოსების ჩაცმულობას საზოგადოების გაღიზიანება ადრეც გამოუწვევია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ზურა ჯიშკარიანის წინა პროექტს Kung Fu Junkie-ის უკავშირდება. მაშინ მოქალაქეთა ნაწილი ჯგუფის ერთ-ერთ კონცერტზე მისი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის მაისურზე საქართველოს დროშაზე ჯვრების ნაცვლად გამოსახულმა მარიხუანის ფოთლებმა აღაშფოთა.  

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული