Thumbnail

ივნისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2018 წლის ივნისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The Carters - Apeshit

16 ივნისს ბიონსემ და ჯეი ზიმ, ყოველგვარი ანონსის გარეშე, სახელით The Carters ერთობლივი ალბომი Everything Is Love გამოუშვეს. სადებიუტო ნამუშევართან ერთად ვარსკვლავურმა წყვილმა კომპოზიციაზე Apeshit გადაღებული ვიდეოც გაავრცელა. კლიპში მუსიკოსები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ მუზეუმში, ლუვრში დაცული შედევრების ფონზე პოზირებენ

9. Gacha Bakradze - Image

ქართველმა დიჯეიმ და პროდიუსერმა გაჩა ბაქრაძემ ახალი ტრეკი Image გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Restless იქნება წარმოდგენილი, რომელიც 29 ივლისს ჩაეშვება გაყიდვაში. ჩანაწერს ბრიტანული ლეიბლი Anjunadeep გამოუშვებს და მასში არტისტის 5 ნამუშევარი შევა.

8. DJ Muggs & MF Doom - Death Wish feat. Freddie Gibbs

კალიფორნიელმა პროდიუსერმა ლოურენს მაგერადმა, იგივე DJ Muggs-მა და ნიუ იორკელმა რეპერმა დანიელ დუმილეიმ, ფსევდონიმით MF DOOM, მსმენელებს ახალი კომპოზიციას Death Wish შესთავაზეს. ჩანაწერში ინდიანელი რეპერი ფრედი გიბსიც მონაწილეობს. ლეგენდარული შემსრულებლები საერთო პროექტზე MUGGS X DOOM მუშაობენ. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 3 აგვისტოს ჩაეშვება. Death Wish ალბომის პირველი სინგლია.

7. Ólafur Arnalds & SOHN - unfold

ისლანდიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა ოლაფურ არნალდსმა ახალი კომპოზიცია Unfold და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკი ინგლისელ მუსიკოს SOHN-თან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი არნალდსის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Re:member შევა, რომლის გამოსვლაც 24 აგვისტოს იგეგმება. 

6. Gorillaz - Sorcererz

29 ივნისს ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი The Now Now გამოუშვა. ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრის ჯეიმი ჰიულეტის პროექტის ახალ ნამუშევარში 11 კომპოზიცია შევიდა. ჩვენი სიისთვის კი სიმღერა Sorcererz შევარჩიეთ.

5. HVL - Moon Halo

ივნისში გამოშვებული, აუცილებლად მოსასმენი კომპოზიციების სიაში კიდევ ერთი ქართველი დიჯეისა და პროდიუსერის გიგა ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Moon Halo მოხვდა. ნამუშევარი მუსიკოსის ამავე სახელწოდების EP-ში შედის, რომელიც 8 ივნისს ჩაეშვა გაყიდვაში. ჩანაწერი ჰოლანდიურმა ლეიბლმა Lonely Planets Rec. გამოსცა.

4. Trippie Redd & XXXTentacion Feat. Ski Mask The Slump God - Ghost Busters

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის XXXTentacion-ის მკვლელობიდან 4 დღის შემდეგ, მუსიკოსმა მაიკლ ლამარ უაით IV-მ, სასცენო სახელით Trippie Redd, გარდაცვლილ რეპერთან ერთად ჩაწერილი, ადრე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Ghost Busters გაავრცელა. ტრეკში კიდევ ერთი შემსრულებელი Ski Mask The Slump God მონაწილეობს. 

3. Helena Hauff - No Qualms

გერმანელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა ჰელენა ჰაუფმა ახალი ტრეკი No Qualms გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Qualm იქნება წარმოდგენილი, რომელიც 3 აგვისტოს ჩაეშვება გაყიდვაში. ჩანაწერს ბრიტანული Ninja Tune გამოსცემს.

2. Beak〉- Allé Sauvage

ბრიტანული ტრიპ ჰოპ კოლექტივის Portishead წევრის, მულტიინსტრუმენტალისტ ჯეფ ბეროუს ჯგუფმა BEAK> ახალი ტრეკი Allé Sauvage და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია კოლექტივის მომავალ, რიგით მესამე ალბომში შევა, რომლის სახელწოდება და გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

1. Kanye West & Kid Cudi - Kids See Ghosts Ft Yasiin Bey

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, ქანიე ვესთმა და ქიდ ქადიმ ახალი კომპოზიცია Kids See Ghosts გაავრცელეს. სიმღერა მუსიკოსების ერთობლივ, ამავე სახელწოდების ალბომში შევიდა, რომელიც 8 ივნისს ქანიეს ლეიბლმა G.O.O.D Мusic გამოუშვა. ტრეკში ასევე ლეგენდარული ბრუკლინელი არტისტი და მსახიობი იასინ ბეი მონაწილეობს, რომელიც 2012 წლამდე Mos Def-ის სახელით იყო ცნობილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული