Thumbnail

პოლიტიკოს ნიკა რურუას 5 საყვარელი კომპოზიცია. 

5. The Zawinul Syndicate with WDR Big Band - Brown Street

ჯო ზავინულის ეს კომპოზიცია, რომელსაც მუსიკოსი ბიგ ბენდთან ერთად ასრულებს, ჯერ კიდევ მის მიერ დაფუძნებული ფიუჟენ ანსამბლის, Weather Report-ის რეპერტუარიდან მიყვარს. ამ ნაწარმოებში არის ყველაზე მეტი დოზით სიცოცხლით აღფრთოვანება, რომელიც საკუთარ თავში უძლიერეს მუხტთან ერთად, სხვადასხვა კულტურის გავლენებსაც აერთიანებს. აქაა ლათინური ამერიკის ფანკიც, აფრიკული კალიმბაც, ნიუ იორკული სვინგ-ბასიცა და გერმანული სიზუსტით აწყობილი ჩასაბერი ინსტრუმენტების ბატალიონიც.

თვითონ ზავინული მთელი თემის განმავლობაში ამ უნიკალურ ორკესტრს დირიჟორივით მიუძღვის. ეს ერთი დიდი, მხიარული ფურგონია, მოხეტიალე ცირკი, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში დაიარება და ყველა გაჩერებაზე ბედნიერებას არიგებს. თან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე - ბილეთის ვერანაირი ფასი ვერ დაიტევს იმ სიხარულსა და მხნეობას, რასაც ეს მუსიკა ასხივებს. 

4. Frank Zappa - What’s New in the Baltimore

ზაპას ეს კომპოზიცია პირადად ჩემთვის ყველაზე გამამხნევებელ და მშვენიერ გიტარის სოლოს შეიცავს, რომლის სმენაც არასდროს, არასდროს მწყინდება. ის სადღაც სიმღერის პირველი მესამედიდან იწყება და თითქოს უსასრულობაში გრძელდება, სადაც მსმენელსაც სიხარულით მიგაქროლებს.  

მთელი თემა ძალიან მკაფიო ბგერების ერთობლიობითაა ჩაწერილი. მისი უცნაური ჟღერადობა არასდროს გავიწყდება. ის უცნაურ ზღაპარს ჰგავს, სადაც ბოლო, უამრავი სახიფათო თავგადასავლის მიუხედავად, ძალიან მაგარია - კივილამდე მაგარი. ეს მუსიკა ყველაზე მაგარი გრძნობის, გამბედაობის ზეიმია. 

3. Bill Evans - Suicide is Painless

"თვითმკვლელობა უმტკივნეულოა" სიმშვიდის და სილამაზის გამო მიყვარს. გეგონება, ნელ ცეცხლზე იწვის ყველაფერი. ქალაქი, რომლის ცარიელ ქუჩებში დადიხარ და მიწაზე დაყრილი, მშრალი ფოთლების შრიალი გესმის. თან მსუბუქი ქარი უბერავს, რომელსაც მტვრის სუნი აქვს, როგორც ახალ ნაწვიმარზე. უმისამართო სიარული მაინც არაა ბოდიალი - რაღაცაზე ფიქრობ, რაღაც ისეთზე, რაც არ იცი, როგორ დამთავრდება, მაგრამ ალღო გეუბნება, რომ ძალიან კარგად. იმიტომ, რომ ასეთ ამინდში არაფერი ბრიყვული, უხეში არ ხდება.

აქ, ალბათ, ყველაზე კარგადაა ნაჩვენები, როგორ შეიძლება ლირიზმი არ გახდეს სიროფივით დაშაქრული, იმის მიუხედავად, რომ იოლად მოსასმენია და თან რაფინირებული. ბილ ევანსის ოსტატობა აქ ყველაზე კარგად ჩანს და მგონია, რომ ის ყველას ესმის, ვინც კი მოისმენს. ეს სიმღერასავით (ამ თემის ორიგინალი მართლაც სიმღერაა ფილმიდან MASH) დაკრული თემა ზომიერების, ანუ გემოვნებისა და ტაქტის ბალანსის საუკეთესო მაგალითია.

2. Cannonball Adderley Quintet - Sticks

ეს კომპოზიცია დიდ, ხალხით გამოჭედილ ტრამვაის მაგონებს, რომელიღაც ძალიან დიდ ქალაქში, სადაც ორი ჯიბგირი ვაგონის ორი ბოლოდან შუისკენ მიიწევს და გზად ყველა მგზავრს ჯიბეებს უცარიელებს. პირველივე მოსმენიდან ასეთი ასოციაცია გამიჩნდა - კინოკადრივით. რატომ? ამის დადგენას მგონი უცნობილესი ფსიქოანალიტიკოსის ჩარევა დასჭირდება და მანაც შეიძლება, კისერი მოიტეხოს, ისეთი ამბავია აქ.

მხიარულება ყველაფრის მიუხედავად, ამ თემის ლეიტმოტივია და მეჩვენება, რომ მთელი ვაგონი ცეკვავს - მძარცველიც და გაძარცვულიც. ამ კონცერტში ჩემი რამდენიმე საყვარელი მუსიკოსი მონაწილეობს - ჯო ზავინული, თვითონ ედერლი, მისი ძმა - ნეტი და დანარჩენები. როგორც არ უნდა ვიყო, ეს მოკლე და გიჟური ცეკვა-მგზავრობა მაცოცხლებს მისი თავქარიანი ენერგიით. 

1. The Beatles - The Word

ეს სიმღერა, რომელიც არასდროს ძველდება, უცნაური, თითქმის მაგნიტური ეფექტის გამო მიყვარს, რომელსაც ყოველი მოსმენისას ჩემში ადრენალინივით აფრქვევს. მარტო ტექსტი არაფერ შუაშია, მუსიკაც რაღაცნაირად ასხლეტილი, მოხდენილი და ლაკონურია - როგორიც ადამიანის ყველა თავზეხელაღებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. მოკლე და კონკრეტული. პირველად რომ იყო სიტყვა, ამ სიმღერაშიც კარგად ჩანს და ეს სიტყვა რა იყო, ყველამ თავისთვის უნდა განსაზღვროს ან იპოვოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული