Thumbnail

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მუსიკის სამყაროს დისკოს სახით ახალი მბრძანებელი გამოუჩნდა. ენერგიული რიტმები, პროვოკაციული ტექსტები და გამომწვევი ჩაცმის სტილი - ამ მახასიათებლებით სავსე ჟანრმა საოცარი სისწრაფით დაიპყრო ადამიანთა გულები. 

► ნახეთ სრული ფლეილისტი

საწყის ეტაპზე, ახალი სუბკულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი სან ფრანცისკომ ითამაშა. კალიფორნიის ეს ქალაქი ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენდა ლგბტ თემის, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების წარმომადგენლებისათვის. ბუნებრივია, რომ იქაურ საზოგადოებაში მტკიცედ დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა ნებისმიერი რასის, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ - ყველაფერი ის, რაც შემდგომში დისკოს მსოფლმხედველობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

Studio 54

პარალელურად, სოულის ჰანგებით გაჟღენთილ ფილადელფიაში ადგილობრივმა არტისტებმა საკუთარ მუსიკასთან 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი რიტმების შერწყმა დაიწყეს - ასე ჩაისახა ჟღერადობა, რომელიც ახალი ჟანრის წინაპირობად მოგვევლინა.

დისკოს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით დაბადება კი ნიუ იორკსა და მის კლუბებს უკავშირდება. The Loft, Studio 54, The Gallery ის ადგილები იყო, სადაც პირველი დისკო წვეულებები იმართებოდა. ბოლომდე აწეული ხმა დინამიკებში, უცნაური განათება, ბრჭყვიალა ტანსაცმელი, ჰალუცინოგენი ნარკოტიკები და ცეკვა ახალი რიტმების ფონზე -  სწორედ ამ ქალაქში მიიღო სუბკულტურამ სრულყოფილი სახე და ნიუ იორკიც ჟანრის მსოფლიო დედაქალაქად იქცა.

Studio 54

თუმცა, დისკო მხოლოდ ამერიკულ მოვლენას არ წარმოადგენს. მისი სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან la discotheque მომდინარეობს, ევროპელმა არტისტებმა კი უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჟანრის განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში. 

იმის მიუხედავად, რომ დისკო პირველადი სახით ფაქტობრივად აღარ არსებობს, მან წარუშლელი კვალი დატოვა მუსიკის ისტორიაზე. მის ცალკეულ ელემენტებს დღემდე ვხვდებით თანამედროვე არტისტების შემოქმედებაში, განსაკუთრებით ჰაუსსა და ელექტრონული მუსიკის სხვა მიმართულებებში. 

გთავაზობთ ყველა დროის 30 საუკეთესო დისკო კომპოზიციას.

30. Sister Sledge - We Are Family (1979)

დისკოს სუბკულტურა სექსის, ურთიერთობების და ზოგადად, ცხოვრების სტილის შესახებ თავისუფალი, კონსერვატორთა წრეებში ერთობ არაპოპულარული შეხედულებებით ხასიათდება. თუმცა, ეს ჰიტი სრულიად მოულოდნელ გზავნილს აჟღერებს და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ოთხი დის მიერ შესრულებული კომპოზიცია ლეგენდარული Chic-ის წევრების მიერაა შექმნილი და მათი დიდებული, საფირმო ხელწერაც პირველივე ნოტებიდან იგრძნობა.

29. Stevie Wonder - Superstition (1972)

ოცზე მეტი გრემის მფლობელი არტისტის შემოქმედებაში Superstition ნამდვილად გამორჩეულ ადგილს იკავებს. ფანკისა და სოულის ეს ნაზავი უხვადაა გაჯერებული დისკოს ელემენტებით და ერთ-ერთი პირველი ჰიტია, რომელმაც ჟანრის კომპოზიციური სტრუქტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

70-იანებში, ნიუ იორკისა თუ ფილადელფიის ხმის ჩამწერ სტუდიებში, სოულის მძლავრი დრამ პარტიებითა და ორკესტრული არანჟირებით გამდიდრების ტენდენციაც ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ამ სიმღერაში იჩენს თავს. 

28. Manu Dibango - Soul Makossa (1972)

დისკოს გავრცელების არეალი მხოლოდ დასავლური სამყაროთი არ შემოიფარგლებოდა. ცხელ კამერუნში მანუ დიბანგომ Soul Makossa ჩაწერა. სიმღერა, რომელშიც ერთმანეთს ჭეშმარიტი აფრიკული შამანიზმი და კლასიკური დისკოსთვის დამახასიათებელი მუსიკალური ელემენტები შეერწყა.

ლეგენდარული კომპოზიცია ათწლეულებია, არ კარგავს მნიშვნელობას. სხვადასხვა დროს ის ათობით მეგავარსკვლავმა გასემპლა, დაწყებული მაიკლ ჯექსონით და დამთავრებული ქანიე ვესთით.

27. The Rolling Stones - Miss You (1978)

დისკოს აღმავლობა 70-იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება. ჟანრი იმდენად პოპულარული და ყოვლისმომცველი გახდა, რომ მასში კლასიკური როკ სცენის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა The Rolling Stones-მაც კი სცადა ბედი.

"როლინგებმა" მათთვის დამახასიათებელი ქარიზმატულობა, როკ-ენ-როლის სულისკვეთება და დისკოს რიტმები ერთმანეთს იდეალურად შეუთავსეს. ნიშანდობლივია, რომ Miss You ჯგუფის უკანასკნელი სინგლია, რომელიც ამერიკულ ჩარტებს მოექცა სათავეში.

26. The Jackson 5 - I Want You Back (1969)

დაიანა როსის პროტეჟეებმა სწორედ ამ ალბომით მოიპოვეს საყოველთაო აღიარება. 5 ძმისგან შემდგარი კოლექტივის წარმატების მთავარ გასაღებს 11 წლის მაიკლ ჯექსონი წარმოადგენდა, რომელიც უკვე ამ ასაკში გაოგნებას იწვევს უნიკალური ვოკალური მონაცემებითა და საოცარი არტისტიზმით.

I Want You Back პოპის მომავალი მეფის პირველი ხმამაღალი განაცხადი და უკვდავი ჰიტია, რომელიც არასდროს დაბერდება - თუ ჩვენი არ გჯერათ, პატარა გრუთს ენდეთ ფილმიდან Guardians of the Galaxy.

25. The Chemical Brothers - Star Guitar (2002)

127 BPM და ფა მაჟორის გასაღები - Star Guitar დისკოსთვის არასტანდარტული მუსიკალური სტრუქტურითა და ვიდეოკლიპით გამოირჩევა, მაგრამ ჟანრისთვის დამახასიათებელ განწყობას იდეალურად ინარჩუნებს.

ბიგ ბიტის პიონერი ბრიტანული დუეტის The Chemical Brothers-ის მიერ 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ეს კომპოზიცია, რომელიც დევიდ ბოუის ჰიტის Starman სემპლის საფუძველზე შეიქმნა, ე.წ. პოსტ დისკოს იდეალურ ნიმუშად გამოდგება.

24. The O'Jays - Love Train (1972)

ასევე, როგორც ამ სიაში მოხვედრილი ტრეკების დიდი ნაწილი, ეს კომპოზიციაც ლეგენდარულ ფილადელფიურ სკოლას უკავშირდება და მისთვის დამახასიათებელ ყველა საუკეთესო ელემენტს უყრის თავს - მგრძნობიარე ვოკალი, მრავალხმიანი ჰარმონია და ენერგიული, პოზიტიური ინსტრუმენტული ნაწილი.

"სიყვარულის მატარებელმა" თავის დროზე ბილბორდის ჩარტებში პირველობა არავის დაუთმო, 2006 წელს კი გრემის დიდების დარბაზშიც დაიმკვიდრა ადგილი. 

23. Space - Just Blue (1978)

უფროს თაობას კარგად უნდა ახსოვდეს ეს ფრანგული ტრიო, რომელიც ოთხმოციანების ბოლოს საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომმა Magic Fly ბრიტანულ ჩარტებშიც კი შეაღწია.

კოლექტივის მარტივმა, ადვილად დასამახსოვრებელმა მელოდიებმა და არანჟირების მანერამ არა მარტო სფეის დისკოს ჟანრში მოღვაწე სხვა შემსრულებლებზე მოახდინა გავლენა, არამედ ძალიან ბევრ პოსტ დისკო ეპოქის მუსიკოსზეც, რომლებმაც სწორედ Space-ის ზეგავლენით გადაწყვიტეს ელექტრონულ ჟღერადობაში პოპ მუსიკის ელემენტების შეტანა. 

22. Electric Light Orchestra - All Over the World (1980)

როგორც ვახსენეთ, თავის დროზე დისკოთი არაერთი ჟანრის გამორჩეული ლიდერი დაინტერესდა. მათ შორის იყო Electric Light Orchestra, რომელსაც 1980 წელს ფილმისათვის Xanadu რამდენიმე კომპოზიციის დაწერა მიანდეს.

ELO-მ  ეს გამოცდა ათიანზე ჩააბარა - ბენდის ფრონტმენმა, ჯეფ ლინმა ხუთი უნამუსოდ კომერციული, მაგრამ საოცრად ლამაზი  სიმღერა დაწერა, რომელთაგანაც ერთ-ერთი, All Over the World, უდავოდ იმსახურებს უნაკლოდ არანჟირებული პოპ სიმღერების სიაში მოხვედრას. 

21. Modjo - Lady (Hear Me Tonight) (2001)

და ისევ Chic. ეს ყველა თქვენგანისთვის კარგად ცნობილი ჰიტი, რომელიც ე.წ. ნიუ დისკოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია, სწორედ ამ ჯგუფის 1982 წლის სიმღერის Soup for One სემპლს ეფუძნება.

დუეტმა Modjo კომპოზიცია თავის ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შეიტანა და სწორადაც მოიქცა - პირველი ადგილი ბრიტანულ და შეერთებული შტატების ჩარტებში და საუკეთესო ათეული 13 ქვეყანაში. აქ ყველაფერს ფრანგული, ურბანული ესთეტიკის ელფერი დაჰკრავს, რაც ძალზედ ორგანულადაა შერწყმული ოკეანისმიღმა, ამერიკული ფანკის ელემენტებთან. 

20. Superman Lovers - Starlight (2001)

ჩართეთ ეს ტრეკი და შეეცადეთ, არ აჰყვეთ - ნამდვილად რთული გამოწვევაა. თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურასთან, მანი ჰოფმანთან ერთად ჩაწერილი სადებიუტო სინგლი ამ ჯგუფისთვის სწრაფი წარმატების საწინდარი გახდა.

კომპოზიციის ჟღერადობა ძალიან წააგავს დისკოს ოქროს ხანას, გასული საუკუნის 70-იან წლებს. მუსიკალური ვიდეო კი ისეთივე ფუტურისტულია და სახასიათო იუმორით სავსე, როგორც თავად სიმღერა.

19. Thelma Houston - Don’t Leave Me This Way (1976)

ეს კომპოზიცია თავდაპირველად დაიანა როსისთვის დაიწერა, მაგრამ, საბოლოოდ, ტელმა ჰიუსტონმა შეასრულა. ჩანაწერმა გარდამტეხი ცვლილება მოახდინა ჰიუსტონის კარიერაზე - დიდად შეუწყო ხელი მისი შემოქმედებისა და პერსონის პოპულარიზებას, დაიპყრო ჩარტები და შემსრულებელს გრემიც მოუტანა.

Don’t Leave Me this Way ის სიმღერაა, რომელიც ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში თანაბარი წარმატებით ირგებს გულგატეხილთა საერთაშორისო ჰიმნის როლს.

18. Kylie Minogue - Can’t Get You Out of My Head (2001)

2001 წელს დისკოს ოქროს ხანა უკვე შორეული წარსულის კუთვნილება იყო, თუმცა, ცალკეული არტისტები საკუთარ შემოქმედებაში ამ ჟანრს პერიოდულად მაინც უბრუნდებოდნენ.

Can’t Get You Out of My Head თავდაპირველად ბრიტანული პოპ ბენდისათვის S Club 7 დაიწერა, მაგრამ კოლექტივის წევრებმა სიმღერა დაიწუნეს. მსგავსი რეაქცია ჰქონდა ცნობილ შემსრულებელს, სოფი ელის-ბექსტორსაც. საბოლოოდ, კომპოზიცია კაილი მინოუგთან მოხვდა, რომელმაც მისი სპეციფიური ვოკალისა და დამამუნჯებლად სექსუალური იმიჯის წყალობით მორიგი ჰიტი შექმნა.

17. Todd Terje - Inspector Norse (2014)

დღესდღეობით ასე პოპულარული ჰაუს მუსიკა ფესვებით ადრეული დისკოს ჟღერადობას უკავშირდება. ამ ფაქტის თვალსაჩინო დასტურს ნორგეგიელი დიჯეისა და პროდიუსერის ტოდ ტერიეს ტრეკი Inspector Norse წარმოადგენს.

კომპოზიციაში რიტმი წმინდა წყლის დისკოა, საუნდი კი სავსებით თანამედროვე. მუსიკალურ ვიდეოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ავტორის თანჩართული მონოლოგები საცეკვაო მუსიკისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ, რაც ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ გავლენებს კიდევ უფრო აშკარას ხდის.

16. Sarah Brightman & Hot Gossip - I Lost My Heart to a Starship Trooper (1978)

დისკო, მისი საერთო ესთეტიკიდან გამომდინარე, ხშირად არც თუ ისე სერიოზული ტექსტებით ხასიათდება. იმდროინდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვა ვერცერთ ჟანრში შეხვდებოდით ასეთი სიუხვით ისტორიებს რასპუტინის "გმირობებისა" თუ კოსმოსური ხომალდის პილოტთან გამიჯნურების შესახებ.

სარა ბრაიტმანმაც (რომელიც ოთხმოციანებში ენდრიუ ლოიდ ვებერის ბროდვეიზე შესრულებული მიუზიკლების, შემდეგ კი ქროსოვერ-კლასიკური მუსიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა) ასეთი მსუბუქი დისკოდან დაიწყო. ეს სიმღერა კი მისი პირველი სინგლია, თითქოს მიამიტი და სულელური, მაგრამ ძალიან, ძალიან გადამდები.

15. Gloria Gaynor - I Will Survive (1978)

ამ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას დღეს კინოფილმებში თუ წვეულებებზე ნახევრად კომიკური დატვირთვა ენიჭება. თუმცა, თავის დროზე ის გაცილებით სერიოზული განწყობით დაიწერა და 70-იანი წლების ამერიკაში ფემინისტური მოძრაობისა და სექსუალური უმცირესობების გზავნილსაც წარმოადგენდა.

გრემი საუკეთესო დისკო ტრეკის კატეგორიაში და საპატიო ადგილი შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში - ასე აღინიშნა კომპოზიციის განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის. 

14. KC and the Sunshine Band - Give It Up (1982)

1979 წლის 12 ივლისს დისკოთი თავგაბეზრებულმა როკ მუსიკის მსმენელებმა ამ ჟანრს ნამდვილი "ბართლომეს ღამე" მოუწყვეს. ბეისბოლის მატჩის დროს დაწყებულ მასობრივ არეულობას ათასობით ფირფიტა და ჩიკაგოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ ჟანრის პოპულარობამ კატასტროფული ვარდნა იწყო. თუმცა, ცალკეული არტისტები დისკოს მუსიკალური ჩარტების სათავეში დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდნენ.

KC and the Sunshine Band-ის 1982 წლის სიმღერა სწორედ ასეთ, ერთ-ერთ უკანასკნელ გაბრძოლებას წარმოადგენდა. კომპოზიციამ კომერციული წარმატება მოიპოვა, რამდენიმე ქვეყნის ჰიტ აღლუმიც დაიპყრო და დღემდე საკმაოდ პოპულარულ ჩანაწერად რჩება. თუმცა, ვერც მისმა ასეთმა აღიარებამ შეუშალა ხელი დისკოს გარდაუვალ აღსასრულს.

13. MFSB - Love is the Message (1973)

ლეგენდარული ფილადელფიური ლეიბლის Sigma Sound Studios პარტნიორი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ეს უზარმაზარი ორკესტრი (წევრთა რაოდენობა სხვადასხვა დროს 25-დან 30-მდე მერყეობდა) ნებისმიერ იმ კრიტიკოსს დაადუმებს, რომელიც დისკოს მარტივ და იაფფასიან მუსიკალურ მიმართულებად მოიხსენიებს.

მათი სოულისა და ჯაზის ელემენტებით სავსე კომპოზიციები პროფესიონალიზმისა და ნიჭის სანიმუშო მაგალითებს წარმოადგენს, რომელთა შორის Love is the Message ნამდვილად გამორჩეულია როგორც ჟღერადობით, ასევე სათაურში გამოხატული მარტივი გზავნილით, რომლის სათქმელადაც MFSB-ს ტექსტი საერთოდ არ სჭირდება.

12. Diana Ross - Love Hangover (1976)

დისკოს ჟანრში ასობით ქალი შემსრულებელი მოღვაწეობდა, რომლებიც შესანიშნავი ვოკალითა და მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩეოდნენ და არც ჰიტების სიმცირეს უჩიოდნენ, მაგრამ არსებობდა და არსებობს მხოლოდ ერთი დაიანა როსი. ორი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში - მსგავსი პატივი წილად ცოტას თუ ხვდომია. 

გრემის მფლობელი Love Hangover კი ამ საოცარი მუსიკოსის უნიკალური ქარიზმისა და შარმის საუკეთესო გამოვლინებაა - ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა დისკოს ისტორიაში, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ ჟანრის ჰიმნის სტატუსს.

11. Mariya Takeuchi - Plastic Love (1984)

ამომავალი მზის ქვეყანამ ბევრი წმინდად დასავლური მუსიკალური იდეა ისესხა და მათი ძალზედ საინტერესო ინტერპრეტაციები შემოგვთავაზა. ჩვენს მიერ შედგენილ სხვა სიებში აუცილებლად ვისაუბრებთ იაპონური ჯაზის, პოსტ როკისა და სხვა მიმართულებების შესახებ, აქ კი აზიური დისკოს სუპერვარსკვლავის, მარია ტაკეუჩის ჰიტს შემოგთავაზებთ.

სპეციფიკური ვოკალითა და უნაკლო ინსტრუმენტალით გაჯერებული Plastic Love ორი სამყაროს სინთეზის საოცარი მაგალითია.

10. Village People - Y.M.C.A. (1978)

Village People ლგბტ აუდიტორიაზე ორიენტირებული ერთ-ერთი პირველი ბენდია მუსიკის ისტორიაში. ჯგუფის წევრები სცენაზე გროტესკული, ფსევდომასკულინური კოსტიუმებით გამოდიოდნენ და სექსუალური რევოლუციის  შემდგომი პერიოდის ამერიკისთვისაც კი ეპატაჟურ და კონტროვერსიულ მუსიკას ქმნიდნენ.

ამის ნათელი მაგალითი სიმღერის სათაურია - აბრევიატურა Y.M.C.A. იშიფრება როგორც Young Men’s Christian Association (ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცთა ასოციაცია). ეს ის ორგანიზაცია იყო, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა თემის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. კომპოზიციამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საზოგადოების მხრიდან სექსუალური იდენტობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მას ხომ ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანი თანაბარი მონდომებით ასრულებს Village People-ის კონცერტებზე.

9. ABBA - Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight) (1980)

მუსიკალური ნიჭი და სონგრაითერის ტალანტი რომ ორი სხვადასხვა ცნებაა, ამის საუკეთესო მაგალითს სწორედ ეს შვედური ოთხეული წარმოადგენს. ჯაზისა თუ პროგრესივ როკის წარმომადგენლები შესაძლოა ურთულესი ინსტრუმენტალის შესრულებით იწონებდნენ თავს, მაგრამ ვირტუოზული პერფორმანსი ალბათ ვერასდროს ჩაანაცვლებს უიშვიათეს ბუნებრივ უნარს, შექმნა ათობით მარტივი და ამავდროულად უზომოდ პოპულარული კომპოზიცია.

სწორედ ეს არის მათი მთავარი კოზირი და იმის მიზეზიც, რომ ABBA საკულტო სტატუსით სარგებლობს როგორც მსმენელთა, ასევე უაღრესად ავტორიტეტულ მუსიკოსთა წრეში.

8. Chic - I Want Your Love (1978)

ისევ და ისევ Chic. ამჯერად თავად ნაილ როჯერსი და მისი საოცარი კოლექტივი, რომელიც დისკოს ისტორიაში ცალსახად უმნიშვნელოვანესი ბენდია. მოიძებნება არანაკლებ პოპულარული ჯგუფები, ან ისეთები, საშემსრულებლო დონითაც რომ არ დაუდებენ ტოლს, მაგრამ დისკოს ჩამოყალიბებიდან დღემდე მათი ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ სხვა არტისტები ვერც იოცნებებენ.

ამ კომპოზიციაში, რომელიც 19 კვირის განმავლობაში ლიდერობდა მუსიკალურ ჩარტებს, Chic-ის ყველა საუკეთესო მხარეა წარმოდგენილი. ქარიზმატულობა, უნაკლო მუსიკალური პროფესიონალიზმი, ენერგიული რიტმები, მელანქოლიური და ემოციური ტექსტი - თითოეულ დეტალში იგრძნობა, რომ 70-იანების ნიუ იორკის "ყველაზე მაგარ ტიპებთან"  გვაქვს საქმე.

7. Cerrone - Supernature (1977)

მარკ სერონის მუსიკაში ამერიკული ფანკი საოცრად ორგანულადაა შერწყმული ევროპულ დისკოსთან. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია 1977 წლის ალბომი Supernature, რომლის გამხსნელ, ამავე სახელწოდების ტრეკს აშკარად ეტყობა Kraftwerk-ის გავლენა.

კომპოზიციის მსუბუქი, ერთი შეხედვით უდარდელი ტექსტის მიღმა, პლანეტის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული პროტესტი იმალება. იდეალურად დასმული დრამ პარტიის (დასარტყამ ინსტრუმენტებს თავად სერონი უზის), დასამახსოვრებელი მისამღერისა და მრავალფეროვანი არანჟირების წყალობით, სიმღერამ ავტორს უდიდესი წარმატება მოუტანა. კომპოზიცია სათავეში მოექცა შეერთებული შტატებისა და კანადის საცეკვაო მუსიკის ჩარტებს, ალბომი კი 8-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

6. Earth, Wind & Fire - Boogie Wonderland (1979)

"თქვენს კლასიკას ხომ მოვუსმინეთ, ახლა ჩემი დროა", - მიმართავს ახალგაზრდა ბაკარი  უფროს მეგობარს და აიპოდში Boogie Wonderland-ს რთავს. 2011 წელს გამოსულ ფრანგულ ფილმში "ხელშეუხებელნი" ამ ეპიზოდს მხოლოდ კომიკური დატვირთვა არ გააჩნია. აქ თაობათა ცვლის, მუსიკალური ევოლუციის ნათელი სურათია მოცემული. 

Earth, Wind & Fire სწორედ ამითაა გამორჩეული. მათი მუსიკა ყველაზე მეტადაა ხალხის კუთვნილება. იშვიათად თუ მოიძებნება ბენდი, რომლის ჩანაწერსაც როგორც დისკოს, ასევე კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლის აღფრთოვანება შეუძლია.  

5. Donna Summer - I Feel Love (1977)

პომპეზური სასცენო გაფორმების მიუხედავად, დისკო მაინც პროდიუსერების ჟანრია. სწორედ ისინი ქმნიან მუსიკას, აკეთებენ არანჟირებას, ზრუნავენ კომპოზიციის თითოეულ დეტალზე, არტისტები კი ხშირ შემთხვევაში უბრალო შემსრულებლებად გვევლინებიან. 

ისტორიაში ბრწყინვალე პროდიუსერების მიერ დაწერილი უამრავი დისკო ჰიტი გვხვდება უნიჭო მომღერლების შესრულებით. მაგრამ, როდესაც ჯორჯო მოროდერისნაირი ნოვატორი მუსიკოსი დონა სამერის ტემპერამენტის მქონე მომღერალს ხვდება, იქ შეუძლებელია, რაიმე განსაკუთრებული არ მოხდეს. 1974-80 წლებში მათ ერთობლივად უამრავი შესანიშნავი სიმღერა ჩაწერეს. მათ შორისაა I Feel Love - კომპოზიცია, რომელმაც მსოფლიოს საცეკვაო ელექტრონული მუსიკის დაბადება ამცნო.

4. Bee Gees - Stayin’ Alive (1977)

Stayin’ Alive მსმენელის დადებით ხასიათზე მოყვანას ძალზედ სწრაფად და მარტივად ახერხებს. თუმცა, ამ ერთი შეხედვით მხიარული სიმღერის ტექსტი სოციალური უთანასწორობით სავსე სამყაროში გადარჩენის მცდელობის შესახებ გვიყვება. 

კომპოზიცია 70-იანი წლების საკულტო სურათისთვის "შაბათ საღამოს ციებ-ცხელება" დაიწერა და მასთან იდეალურ შინაარსობრივ თანხვედრაში მოდის - მუშათა კლასის წარმომადგენელი ტონი მანეროსთვის ყოველდღიური პრობლემების დავიწყების ერთადერთ გზას შაბათ საღამოს დისკოთეკაზე ცეკვა წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ბრიტანელ კარდიოლოგთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ეს კომპოზიცია საუკეთესო გზაა გულისცემის დასარეგულირებლად და სამედიცინო პრაქტიკაშიც წარმატებით გამოიყენება.

3. Giorgio Moroder - Chase (1978)

მისი სახელია ჯოვანი ჯორჯო, მაგრამ ყველა ეძახის ჯორჯოს. იტალიელი არტისტი არა მხოლოდ დისკოს, არამედ, ზოგადად, მუსიკის ისტორიაში წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობის მქონე პერსონაა. ჯორჯო მოროდერის ყველა დამსახურებაზე რომ დავიწყოთ საუბარი, ამ სიაზე დაახლოებით ორჯერ დიდი ტექსტი გამოგვივა (არ ვაჭარბებთ).

დისკოს ნათლიმამის აშკარა გავლენის ქვეშ ასობით არტისტია მოქცეული, დაწყებული დონა სამერით და დამთავრებული "დაფტ პანკით". მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ მოროდერის მიერ ფილმისთვის "შუაღამის ექსპრესი" შექმნილი ეს საუნდტრეკი პირველი დისკო ჩანაწერია, რომელმაც საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა. 

2. Kool & the Gang - Get Down on It (1981)

ჩვენს სიაში დისკოსთვის დამახასიათებელ უამრავ მუსიკალურ, სოციალურ თუ სხვა ასპექტზე ვისაუბრეთ. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, რთულია დავასახელოთ კომპოზიცია, რომელიც ამ დიდებულ ჰიტზე უკეთესად მოირგებს ჟანრის საიმიჯო ჩანაწერის როლს.

Get Down on It ყველა იმ ძირითად კომპონენტს შეიცავს, რომელიც დისკოში გვხვდება - სოულით შთაგონებული ვოკალი, ფანკის ელემენტები, სახასიათო რიტმულობა და მსუბუქი, ნათელი შინაარსის მქონე ტექსტი. ძალიან რთულია, ოდესმე ეს ტრეკი მოგბეზრდეს. 

1. Daft Punk - Get Lucky (2013)

დიახ, ათობით ლეგენდარული არტისტისგან დაკომპლექტებულ სიაში პირველ ადგილზე 2013 წელს ჩაწერილი ტრეკი გავიყვანეთ და ჩვენი აზრით, ჭეშმარიტად "დისკო" გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ამ ჟანრის ფილოსოფიაც ხომ ასეთია - იცხოვრე დღევანდელი დღით, დატკბი თითოეული წამით და არაფრის ფასად დათმო თავისუფლება.

ეს ფრანგული დუეტი კი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მათი საყოველთაოდ ცნობილი და ათობით სხვადასხვა სტილში გადამღერებული კომპოზიცია თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო არტისტთან, ფარელ უილიამსთან და ლეგენდარულ ნილ როჯერსთან (დიახ, დიახ, ისევ მასთან) თანამშრომლობის შედეგია. ვიმედოვნებთ, ჩვენი სია და ფლეილისტი საუკეთესო ხასიათზე დაგაყენებთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული