Thumbnail

ჯგუფმა "წერილი" ახალი ალბომი "მასაში გხედავ" გამოუშვა

სანდრო ცქიტიშვილი პროფილის ფოტო
სანდრო ცქიტიშვილი

ქართული ჯგუფისგან "წერილი" სიახლეებია."ამორალის" სახელით 1997 წელს გამოშვებული ალბომის ჩათვლით, "მასაში გხედავ" ბენდის დისკოგრაფიაში რიგით მეექვსე ჩანაწერია. ბოლო 4 წელიწადში ეს კოლექტივის მესამე ნამუშევარია და ის კვლავ ავითარებს იმ საფირმო გოთურ როკ მიდგომას, რამაც "წერილის" მუსიკას არაერთი ერთგული მსმენელი შესძინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ალბომის ხასიათი მინორულია. ჟღერადობაში აკუსტიკური რიტმ-გიტარის პარტიები დომინირებს, რომელთაც ელექტროგიტარის მოკლე, მელანქოლიური მელოდიები ავსებს. ეს სევდა ხშირად რბილად, ლირიკულადაა გადმოცემული, მაგრამ ნამუშევარში დისონანტურ, დრაივიან მომენტებსაც ვხვდებით და ზუსტად ეს აფეთქებებია ამ ჩანაწერში განსაკუთრებით შთამბეჭდავი.

ყველაზე კარგად ეს ნამუშევრის სასათაურე სიმღერაში ჩანს, რომლის ენერგიული რიტმი, წამყვანი "ჭუჭყიანი" რიფი და მისამღერზე მოულოდნელი გადასვლა იმდენად გიტაცებს, რომ შეიძლება ალბომის მოსმენაც კი შეწყვიტო ამ კომპოზიციის კიდევ ერთხელ გასამეორებლად.

არანაკლებ მრავალფეროვანია ალბომის სხვა სიმღერებიც. "რას მოიფიქრებ" მარტივი, მაგრამ ლამაზი აკუსტიკური რიფით იხსნება, რომელსაც კომპანიას ელექტროგიტარის მოუსვენარი პარტია უწევს. ბოლო სიმღერა "მოდის" კი მძიმე, ფაქტობრივად ინდასტრიალ ჟღერადობითაა დატვირთული.

ამ ყველაფერს აბალანსებს ალბომის ლირიკული ნაწილი, რომლის ატმოსფეროც იმდენად ღრმა და ჰიპნოტურია, რომ ზოგჯერ Dead Can Dance-ის ან სულაც Death In June-ისნაირ ნეოფოლკს მოგვაგონებს.

ნაშრომის მთელი მრავალფეროვნების მიუხედავად, სმენისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ სიმღერები ერთ გარემოში დაიწერა და ერთსა და იმავე პრობლემებზე აპელირებს. თვალწინ გეხატება ქალაქის ჩაბეტონებული გარეუბნები, რომლებსაც ვერ შორდები. კი ცდილობ, ზრდილობის გამო მაინც გიყვარდეს, მაგრამ ცინიკურად გაგრძნობინებს, რომ ეს სიყვარული ცალმხრივობისთვისაა განწირული. თვალწინ წარმოგიდგება მტვრით სავსე ბურუსი, რომელიც სახეებს კონტურებს აცლის, მათ სინათლეს შლის და შენც ცდილობ, ამ ნისლში მზის სხივები იპოვო.

მოკლედ, ეს ალბომი იმ მილიონობით ადამიანზეა, რომელთაც ერთი და იგივე რამ აწუხებთ, თუმცა, ამ ყველაფერს ხშირად სხვადასხვა სახელს არქმევენ. ეს ადამიანური მუსიკაა, როგორც ყველაფერი ის, რაც აქამდე "წერილს" შეუქმნია და ვისაც ეს მუსიკა გვიყვარს, ალბათ, სწორედ ამიტომაც გვიყვარს.

"წერილის" ახალი ალბომი უახლოეს მომავალში წიგნის სახლში გაიყიდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული