Thumbnail

ერთ-ერთმა კინოკრიტიკოსმა თავის დროზე საკულტო რეჟისორების შედარებისას მოხდენილად შენიშნა,  კუბრიკი მექანიკური კოშმარია, ტარკოვსკი კი დავიწყებული სიზმარიო.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ემბიენთი ის ჟანრია, რომლის მოსმენით გამოწვეულ ემოციებსაც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად აღწერს. მაგრამ, თუ მისი ერთი ფრაზით დახასიათებაა შესაძლებელი, ალბათ, სწორედ ეს იქნება - მოგზაურობა მექანიკური კოშმარებისა და დავიწყებული სიზმრების სამყაროში.

მიმდინარეობის ისტორია წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. ემბიენთის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ფრანგი კომპოზიტორის, ერიკ სატის შემოქმედებაში გვხვდება. ის თავის უცნაურ კომპოზიციებს "ავეჯის მუსიკას" უწოდებდა.

ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი კი ბრაიან ინომ დაამკვიდრა, რომელიც 1975 წელს ავტოკატასტროფის შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდა. პალატაში მყოფი, ლოგინს მიჯაჭვული ხელოვანი დროის გასაყვანად ფანჯრიდან შემომავალ ქალაქის ხმებს უსმენდა, როდესაც მიხვდა, რომ ამ ბგერებით მუსიკის შექმნა იყო შესაძლებელი. 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველა დროის 20 გამორჩეულ ემბიენთ ჩანაწერს.

20. Steve Roach - Artifacts (1993)

სტივ როუჩს ხშირად "თრაიბალ ემბიენთის მამას" უწოდებენ, რაც რეალობას დიდად არ შეესაბამება. ეს ჟანრი მანამდეც არსებობდა, ამერიკული ემბიენთის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურის შემოქმედება კი ზედმეტად ბევრ ექსპერიმენტს შეიცავს იმისათვის, რომ მისი სახელი რომელიმე ერთ მიმდინარეობას უკავშირდებოდეს.

Origins ნამდვილად არაა ყველაზე პოპულარული ალბომი მის დისკოგრაფიაში, მაგრამ სწორედ აქ ვხვდებით ზემოთ ხსენებული ტრაიბალური ჟღერადობის საუკეთესო ნიმუშებს. ჩანაწერის პირველ ტრეკში Artifacts კი თვალნათლივ იგრძნობა ავტორის უჩვეულო იდეები, რომლებიც მოგვიანებით არაერთმა არტისტმა ისესხა.

19. Aphex Twin - Heliosphan (1992)

რიჩარდ ჯეიმსის სახის დანახვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ არაორდინარულ პიროვნებასთან გაქვთ საქმე. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს გაცდენილი ტალანტისა და უნიკალური ინოვაციების ხარჯზე Aphex Twin ელექტრონული მუსიკის სამყაროში ცოცხალ ლეგენდად იქცა.

ჩვენს სიაში შესული სხვა ტრეკებისგან განსხვავებით, Heliosphan გაცილებით რიტმულია და დიდად ვერ შეგეწინააღმდეგებით, თუ მას ტექნოს ან IDM-ს მიაკუთვნებთ. თუმცა, ეს კომპოზიცია აქ აუცილებლად უნდა იყოს. ეს ის ჟღერადობაა, რომელიც იდეალურ საუნდტრეკად გამოდგება როგორც კლუბში დილამდე ცეკვისათვის, ასევე აცტეკური მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის.

18. Stars of the Lid - The Lonely People (Are Getting Lonelier) (2001)

ემბიენთის საშუალებით უამრავი განცდის გადმოცემა შეიძლება: დაღლილობა, მელანქოლია, დეპრესია, ბედნიერება, კოსმოსური უწონადობის შეგრძნებაც კი. ამ მხრივ Stars of the Lid-ის შემოქმედებას უნიკალურს ერთი ფაქტორი ხდის - თუ სხვა არტისტების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი შემოქმედებით მონოტონურობით გამოწვეული სიცარიელის შევსებას ცდილობდა, ტექსასურმა დუეტმა საკუთარი ესთეტიკა სწორედ ამ ერთფეროვნების გამძაფრებით შექმნა.

The Tired Sounds of Stars of the Lid ის ალბომია, რომლის დახმარებითაც უკიდურესი მარტოსულობის დროსაც კი შესაძლებელია, კიდევ უფრო მარტო დარჩე საკუთარ თავთან.

17. Alio Die - Obliterated Alcove (2012)

თვით ძალზე ავტორიტეტულ იტალიურ ემბიენთის სკოლაშიც კი რთულად მოიძებნებიან სტეფანო მუსოს, იგივე Alio Die-ს დონის მუსიკოსები. საკმარისია, თუნდაც ერთხელ მოუსმინოთ მის ნამუშევრებს, რომ ეს თითქოს ერთფეროვანი, მაგრამ სინამდვილეში ძალზედ კომპლექსური კომპოზიციები სამუდამოდ ჩაგრჩებათ მეხსიერებაში.

მუსო არტისტული თვითგამოხატვის მხრივ მწვერვალს საეკლესიო-საგუნდო მუსიკასთან გადაკვეთისას აღწევს. ძნელად დასაჯერებელიცაა, რომ ალბომი Deconsecrated and Pure 2012 წელს ჩაიწერა და არა რამდენიმე საუკუნის წინ. მასში შესული კომპოზიცია Obliterated Alcove კი ბაროკოს ეპოქის იდეების ემბიენთ ჟღერადობაში გაცოცხლების საუკეთესო მაგალითია.

16. Boards of Canada - An Eagle in Your Mind (1998)

Music Has the Right to the Children-ის მოსმენის შემდეგ ადამიანები ან სამუდამოდ ივიწყებენ ამ ალბომს, ან ეს უკანასკნელი მათ ცხოვრებაში საკრალურ მნიშვნელობას იძენს.

შოტლანდიურმა დუეტმა თავის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარში პარანოიისა და სიმშვიდის საოცარი სინთეზით ძირფესვიანად ამოატრიალა ემბიენთის სტრუქტურის ტრადიციული აღქმა - აქ უმთავრეს როლს რიტმი ითავსებს, რომელიც იმდენად ბუნებრივად ჯდება ინსტრუმენტების მონოტონურ ჟღერადობაში, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უცხოპლანეტური ორგანიზმის ფიქრებს უსმენთ და არა დედამიწელთა მიერ შექმნილ მუსიკას. მოდუნდით, კანადის საზღვრები უცვლელია.

15. Maurizio Bianchi - The Plain Truth (1983)

ინდასტრიალის ერთ-ერთი პიონერის, მაურიციო ბიანკის შემოქმედება იმის დასტურია, რომ მუსიკა, სიცოცხლის მსგავსად, საკუთარ გზას ყოველთვის პოულობს.

იტალიელმა არტისტმა სანაგვეში გადასაყრელად განწირული ფირებიდან უდიდესი მუსიკალური ღირებულების მქონე ჩანაწერები შექმნა. მისი 1983 წლის ალბომი The Plain Truth კი მისი ფატალიზმითა და სიმძიმით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა, სადაც კაცობრიობის პირქუში, დისტოპიური მომავალია აღწერილი.

14. Vangelis - Tears in Rain (1994)

რიდლი სკოტის სურათმა Blade Runner მილიონობით მაყურებელი დააფიქრა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად იყო ადამიანი. ფილმის დასკვნით სცენაში კი რეჟისორმა ხელოვნურად შექმნილი სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლების მოწმენი გაგვხადა.

სხვა ვინ შეძლებდა ამ ემოციების მუსიკალური ენით გადმოცემას, თუ არა ლეგენდარული ევანგელოს პაპათანასიუ. ბერძენი კომპოზიტორის Tears in Rain იმ ფუტურისტული, პირქუში სამყაროს ანარეკლია, რომელშიც სურათის მოქმედება ვითარდება. კინემატოგრაფის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ნამუშევრის ესთეტიკის მის საუნდტრეკში ასე ზედმიწევნით ზუსტად ასახვის პრეცედენტი.

13. Pauline Oliveros, Stuart Dempster & Panaiotis - Lear (1989)

პოლინ ოლივეროსმა თექვსმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა კომპოზიტორი გამხდარიყო. სტუდენტობისას კი მისი არაორდინარული იდეების წყალობით უკვე "გადარეულის" იარლიყი ჰქონდა მიწებებული.

სწორედ ამ ლეგენდარულმა მუსიკოსმა მოახდინა გარდამტეხი ცვლილება ემბიენთის ისტორიაში "ღრმა სმენის" კონცეფციის დანერგვით. ამ მეთოდით შექმნილ ჩანაწერებს შორის კი ცალსახად გამოირჩევა მისი, სტიუარტ დემპსთერისა და პანაიოტისის ერთობლივი ჩანაწერი Deep Listening, სადაც მხოლოდ აკუსტიკური ინსტრუმენტების მეშვეობით სამმა არტისტმა წარმოუდგენელი, საეკლესიო-საგუნდო ჟღერადობის მიღება შეძლო.

12. Michael Stearns - As the Earth Kissed the Moon (1981)

სფეის ემბიენთი უმეტესწილად გერმანულ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში ერთ-ერთ წამყვან არტისტად ამერიკული ანდერგრაუნდის წარმომადგენელი მაიკლ სტერნსი გვევლინება.

მისი 1981 წლის ალბომი Planetary Unfolding პროგრესული ელექტრონიკის შედევრადაა აღიარებული. უნდა ვაღიაროთ, რომ კომპოზიცია As the Earth Kissed the Moon უკიდურესად სუბიექტურად, მხოლოდ პირადი გემოვნებით გამოვარჩიეთ ჩანაწერიდან, რომლის 45-წუთიანი, თითქოს სხვა გალაქტიკიდან მოვლენილი ჟღერადობის სრულად შეგრძნებასაც დაბეჯითებით გირჩევთ.

11. Tangerine Dream - Phaedra (1974)

ემბიენთი, ისევე, როგორც ზოგადად ექსპერიმენტული მუსიკა მასშტაბური პოპულარობით არ სარგებლობს და ვიწრო აუდიტორიითაა შემოსაზღვრული. თუმცა, ლეგენდარული გერმანული კოლექტივის ეს ნამუშევარი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. 

კრიტიკოსების მიერ "გიგანტური ვარსკვლავების აფეთქებებისა და ჯადოსნური ოკეანეების ხმად" დახასიათებულმა ჩანაწერმა გამოსვლისთანავე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მუსიკალურ ჩარტებშიც მოხვდა, ოქროს სტატუსიც მოიპოვა და თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად ითვლება. ამასთანავე, Phaedra პირველი ნამუშევარი იყო, რომელშიც Tangerine Dream-მა სექვენსერების აქტიური გამოყენება დაიწყო, რაც მომავალში ელექტრონული მუსიკის ბერლინური სკოლის ჟღერადობის დამახასიათებელი ნიშანი გახდა.

10. Robert Rich - Somnium (2001)

არსებობენ ემბიენთ არტისტები და არსებობს რობერტ რიჩი. ძალზედ რთულია დაასახელო ამ ჟანრში მოღვაწე სხვა მუსიკოსი, რომელიც ჟღერადობაში მცირე, თითქოს უმნიშვნელო ცვლილებების წყალობით, ასეთ მძაფრ ემოციურ ეფექტს იწვევს. რობერტმა თავისი პირველი ანალოგური სინთეზატორი 13 წლის ასაკში ააწყო, შემდეგ კი სტენფორდში, მუსიკისა და აკუსტიკის კომპიუტერული კვლევების ცენტრში განაგრძო სწავლა. 

80-იან წლებში მან ე.წ "საძილე კონცერტებით" გაითქვა სახელი. მისი მუსიკა თერაპიული მიზნებით, უძილობით დატანჯული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებოდა. მსმენელები ლაივზე ღამე, საძილე ტომრებით მოდიოდნენ და თითქმის 10-საათიან პერფორმანსს ნახევრად მთვლემარე მდგომარეობაში ესწრებოდნენ. ალბომი Somnium სწორედ ამ უცნაური, გაბედული იდეის გამოძახილია, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპერიმენტად დარჩა მის შემოქმედებაში.

9. Terry Riley - A Rainbow in Curved Air (1969)

ტერი რაილი გრძელი თეთრი წვერით, ეშმაკური გამოხედვითა და სახეზე მუდმივი ღიმილით იმდენად ჰგავს მოხუც ჯადოქარს, "ჰარი პოტერის" გადაღებისას თავისუფლად შეიძლებოდა ალბუს დამბლდორის როლის შესრულება მისთვის მიენდოთ.

A Rainbow in Curved Air მხოლოდ ნამდვილ ჯადოქარს შეეძლო შეექმნა. 60-იანი წლების ბოლოს გამოსულმა,  მინიმალისტური მუსიკის შედევრად მიჩნეულმა ნამუშევარმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ემბიენთის, არამედ პროგრესივ როკის, ნიუ ეიჯისა და ელექტრონული ფიუჟენ ჯაზის განვითარებაზეც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩანაწერის ხმის ბრწყინვალე დამუშავება. ეს ის ნაწარმოებია, რომლის მოსმენაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის აუდიოსისტემითაა რეკომენდებული.

8. Robert Fripp - The Outer Darkness: XI. In Fear and Trembling of the Lord (1998)

რობერტ ფრიპს მელომანებთან წარდგენა არ სჭირდება. საკულტო პროგრესივ როკ ჯგუფის, King Crimson-ის ლიდერი  არაერთი ორიგინალური იდეის ავტორია. მათგან ერთ-ერთი, ფრიპერტრონიკსი, გიტარის ჟღერადობის დამუშავების საკუთარი მეთოდი, მუსიკოსმა ემბიენთშიც წარმატებით დანერგა.

ათწლეულების განმავლობაში რობერტმა ტექნოლოგია დახვეწა და უკვე საუნდსქეიფსის სახელით არაერთ ნამუშევარში გამოიყენა. განსაკუთრებით კარგად ხსენებული მეთოდი ფრიპის 1998 წლის ალბომში The Gates of Paradise არის წარმოჩენილი. თითქმის დაუჯერებელია, რომ ბგერათა მთელი ის მრავალფეროვნება, რომელსაც კომპოზიციაში The Outer Darkness: XI. In Fear and Trembling of the Lord ვისმენთ, ერთადერთი გიტარის მეშვეობითაა შექმნილი.

7. Midori Takada - Mr. Henri Rousseau’s Dream (1983)

იაპონელი კომპოზიტორისა და პერკუსიონისტის, ემბიენთის ერთ-ერთი პიონერის, მიდორი ტაკადას შემოქმედებითი მოღვაწეობა ოთხ ათწლეულზე მეტ ხანს ითვლის. 80-იანი წლების დასაწყისში ჯგუფ Mkwaju Ensemble-თან ერთად ჩაწერილი ორი სტუდიური ალბომის შემდეგ, მუსიკოსმა სოლო კარიერა დაიწყო და 1983 წელს მსმენელებს სადებიუტო ნამუშევარი Through the Looking Glass შესთავაზა. 

ეს საოცარი ჩანაწერი მუსიკის კრიტიკოსებმა სტივ რაიხის მინიმალისტურ შედევრებს შეადარეს და ტაკადაც თანამედროვეობის უდიდესი არტისტების პანთეონში შეიყვანეს. ალბომის გამხსნელი კომპოზიცია Mr. Henri Rousseau’s Dream ფრანგი პრიმიტივისტი ფერმწერის, ანრი რუსოს შინაგანი სამყაროს ანარეკლია, რომლის ასე თვალნათლივ დანახვაც მხოლოდ აღმოსავლურ სარკეში თუ იქნებოდა შესაძლებელი. 

6. The Necks - Blue Mountain (2017)

The Necks ავსტრალიური ტრიოა, რომელიც უკვე ოცდაათი წელიწადია ექსპერიმენტული ჯაზისა და ემბიენთის ჟანრებში მოღვაწეობს. მათ მუსიკას, ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია და მისი სიტყვებით დახასიათება უკიდურესად რთულია. 

რა თქმა უნდა, არაერთ კოლექტივს ჩაუწერია მსგავსი ჟღერადობის მქონე, თითქმის ერთსაათიანი, მინიმალისტური, იმპროვიზაციული კომპოზიციები, თუმცა, ვეჭვობთ, მათ მუსიკასაც შეეძლოს მსმენელზე ასეთი ზემოქმედება და ალბომის ყდაზე გამოსახული ცისფერი მთების ამქვეყნად ყველაზე დაუჯერებელი მოგზაურობის ადგილად გადაქცევა. 

5. William Basinski - Watermusic II (2003)

ემბიენთის უნიკალურობა, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ამ ჟანრის წარმომადგენლები ახერხებენ მუსიკის საშუალებით უსახელო გრძნობების ასეთი სიცხადით გადმოცემას.

ნიუ იორკული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, უილიამ ბასინსკის ნაწარმოები Watermusic II ემოციური ფონით იდეალურად ემთხვევა მის სათაურს. თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, რას განიცდის ადამიანი ზღვაში ჩაძირვისა და სხეულის ჟანგბადისგან დაცლის პროცესში, ეს კომპოზიცია თქვენს კითხვაზე პასუხის მისაღებად ყველაზე უსაფრთხო გზად გამოგადგებათ.

4. Edward Artemyev - Dedication to A. Tarkovsky (1990)

წარმოიდგინეთ მუშაობა რეჟისორთან, რომელიც ამბობდა, ფილმის დასაწყისი რაც შეიძლება ნელი და მოსაწყენი უნდა იყოს, დარბაზში შეცდომით მოხვედრილ მაყურებელს საკმარისი დრო რომ ჰქონდეს სხვა სეანსზე გადასანაცვლებლადო.

ანდრეი ტარკოვსკის ცოცხალი ოკეანეებით, ყოვლისშემძლე ოთახებითა და ანომალიებით სავსე სამყაროს მუსიკალური ენით გადმოცემას თუ ვინმე შეძლებდა, სწორედ ედუარდ არტემიევი იყო. საბჭოთა ცენზურის მიერ ის, ფაქტობრივად, კულტურულ დისიდენტად იყო შერაცხული. თუმცა, კომპოზიტორის საოცრად თვითმყოფად შემოქმედებას რკინის ფარდის გადაფარებამაც კი ვერაფერი დააკლო. რაც, პირველ რიგში, სწორედ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კინოხელოვანის დამსახურება იყო.

3. Delia Derbyshire - Sea (2014)

1963 წელს BBC-ს ეთერში სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალი Doctor Who გავიდა. პირველი სეზონისთვის საუნდტრეკი კომპოზიტორ რონ გრანიეს შეუკვეთეს. თემატიკიდან გამომდინარე, მუსიკის ჟღერადობა ელექტრონულ დამუშავებას მოითხოვდა, რაც დელია დერბიშირმა განახორციელა. შედეგი იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ ორიგინალური ვერსიის ავტორმა გულწრფელად იკითხა, ეს ხომ ჩემი ნამუშევარიაო? "მხოლოდ ნაწილობრივ", - მშვიდად მიუგო დელიამ. 

ათწლეულების შემდეგ დელია დერბიშირი მუსიკის სამყაროში საკულტო ფიგურად ითვლება. დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ელექტრონული მუსიკა აღარ წარმოადგენს მხოლოდ აკადემიური ავანგარდის საკუთრებას და თანამედროვე პოპკულტურის ნაწილია. მისი შემოქმედებიდან კი ჩვენს სიაში შესატანად 1964 წელს დრამატურგ ბარი ბერმანჯთან ერთად შექმნილი რადიოპიესა შევარჩიეთ, რომელიც ალბომის სახით ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ გამოიცა. 

2. Klaus Schulze - Wahnfried 1883 (1975)

კრაუტროკი, მინიმილიზმი, ნეოკლასიკა, ემბიენთი - ეს იმ ჟანრების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა ისტორიაშიც კლაუს შულცემ წარუშლელი კვალი დატოვა.

Tangerine Dream-ის ყოფილი წევრისა და ელექტრონული მუსიკის ბერლინული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელის 1975 წლის ალბომი რიხარდ ვაგნერს ეძღვნება. კომპოზიცია Wahnfried 1883-ის სათაური კი კომპოზიტორის გარდაცვალების თარიღსა და იმ ბაღზე მიანიშნებს, სადაც ის დაკრძალეს. გრანდიოზული, უკიდურესად ემოციური და ექსპრესიული - საუკუნეების წინ მოღვაწე მაესტროს სტილი მუსიკის თანამედროვე ტიტანის ნამუშევარში სრულყოფილადაა დაცული.

1. Brian Eno - Ambient 1: Music for Airports (1978)

არსებობს ბრაიან ინოს კომპოზიცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში, ატომური ბომბის მოდელის ექსპოზიციასთან ოცდაოთხსაათიან რეჟიმშია ჩართული. ეს ალბომი კი მუდმივად გაისმის ლონდონის აეროპორტის ერთი შეხედვით ქაოტურ გარემოში, რომელიც ამავდროულად სიმშვიდისა და წესრიგის განსახიერებაცაა.

სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც ვწერდით, რომ ემბიენთის მეშვეობით ყველა უსახელო გრძნობის გადმოცემაა შესაძლებელი. ამის საუკეთესო მაგალითი კი სწორედ ჟანრის ცოცხალი ლეგენდისა და ათასობით არტისტის სათაყვანებელ კერპად ქცეული მუსიკოსის ნამუშევარია, რომელიც მის საოცარ კარიერაშიც კი საკუთარი სრულყოფილებით გამოირჩევა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული