Thumbnail

"ჩვენ იშვიათად ვცდილობთ უსახელო განცდებში ჩაღრმავებას, რადგანაც საკუთარ თავს მუდმივად გავურბით", -  წერდა ტომას სტერნზ ელიოტი. ლეგენდარული პოეტის ეს ფრაზა პოსტ როკის ფილოსოფიას იდეალურად გამოხატავს. ამ ექსპერიმენტული მიმდინარეობის წარმომადგენლები სწორედ სიტყვებით აუხსნელი შეგრძნებების მუსიკალური ენით გადმოცემას ცდილობენ. ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ როკისთვის დამახასიათებელი რიტმულობისა და ტრადიციული ინსტრუმენტული სტრუქტურის ნაცვლად, აქ აქცენტი ბგერასა და ტექსტურაზე კეთდება. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჟანრის ისტორია 80-იანი წლების ბოლოდან იწყება. თუმცა, ფესვები უფრო ღრმად მიდის და 1967 წელს გამოცემულ საკულტო ალბომს - The Velvet Underground & Nico უკავშირდება. მისი უჩვეულო, გაბმული ემბიენთ ჟღერადობა, რომელიც პირველ რიგში "ველვეტ ანდერგრაუნდის" წევრის, მულტიინსტრუმენტალისტ ჯონ კეილის დამსახურებაა, იმავე ტერმინით ხასიათდება, როგორც თანამედროვე პოსტ როკ კოლექტივების ნამუშევრების თითქმის ნახევარი - დროუნ მუსიკა.

ათწლეულების განმავლობაში პოსტ როკი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან მუსიკალურ მიმდინარეობად იქცა, რომელიც ემბიენთის, კრაუტროკის, ჯაზის, ელექტრონიკისა და ბევრი სხვა ჟანრისთვის დამახასიათებელ ელემენტებს აერთიანებს. 

ჩვენს სიაში პოსტ როკის ოც საუკეთესო მაგალითს შემოგთავაზებთ.

20. Hammock - I Can Almost See You (2006)

კომპოზიციაში პოსტ როკის ბევრი ღირსება ერთადაა წარმოდგენილი - ულამაზესი, ემბიენთ ჟღერადობა, მინიმალური რიტმი და ემოციური ვოკალი, რომელიც სიმღერის სათაურს ხუთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ვარიაციით იმეორებს.

ბენდმა ამ ნამუშევრით საბოლოოდ მიატოვა დრიმ პოპი და ექსპერიმენტული მუსიკის შექმნა დაიწყო. ალბომის გამხსნელი კომპოზიციის სახით I Can Almost See You კი ამ გადაწყვეტილების შესახებ საუკეთესო განაცხადია.

19. This Will Destroy You - There Are Some Remedies Worse Than the Disease (2006)

პოსტ როკი მხოლოდ მელანქოლიისა და უცოდველი სილამაზის სამყაროს არ წარმოადგენს. თუ წინა კომპოზიცია პირველივე წამიდან ბოლომდე სიმშვიდის განცდას ტოვებს, ტექსასური ბენდის Young Mountain ნამუშევრის ბოლო 2 წუთი აგრესიითა და ადრენალინითაა სავსე.

ტრეკი ტონი სკოტის ფილმის "პელამის მატარებლის გატაცება 1-2-3" ტრეილერში იქნა გამოყენებული და ალბათ, საუკეთესო არჩევანიც იყო. რთულად თუ მოიძებნება სხვა კომპოზიცია, რომელიც ასეთ მძაფრ ასოციაციურ კავშირს იწვევს მატარებლის სასიკვდილოდ განწირულ მგზავრებთან.

18. God Is an Astronaut - Reverse World (2013)

პოსტ როკის ახალბედა მსმენელისთვის წარსადგენად ეს ირლანდიური ბენდი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მათი შემოქმედება განგებაა გათვლილი ფართო აუდიტორიაზე ან კოლექტივის ერთადერთ მიზანს კომერციული წარმატება წარმოადგენს.

მელანქოლიური, მაგრამ ამავე დროს ენერგიული კომპოზიცია პოსტაპოკალიპტურ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად, გულგრილს, ალბათ, არცერთი მიმდინარეობის მსმენელს არ დატოვებს.

17. No Clear Mind - Dream is Destiny (2012)

ინტერნეტის ეპოქაშიც კი გასაოცარია, რამდენად მჭიდროდაა დამოკიდებული მუსიკის პოპულარულობა სწორ მარკეტინგზე. თუმცა, ზოგიერთ ბენდს საკუთარი შემოქმედების პრომოუშენი აშკარად მეასეხარისხოვან საქმედ მიაჩნია და მთელ დროს მუსიკალურ ძიებებს უთმობს. სხვა ახსნა არ გააჩნია იმ ფაქტს, თუ რატომ არ მოიხსენიება ეს ბერძნული ბენდი პოსტ როკის საუკეთესო წარმომადგენელთა სიაში.

ჯგუფის მუსიკა ულამაზესია აბსტრაქტულ პოსტ როკ ატმოსფეროსთან შერწყმული რომანტიკული მელოდიზმით. იმის მიუხედავად, რომ იუთუბზე კოლექტივის რამდენიმე ტრეკს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ეს საერთოდ არ ეტყობა ალბომების გაყიდვებს და მათდამი კრიტიკოსთა ინტერესს.

16. Explosions in the Sky - Your Hand in Mine (2003)

21-ე საუკუნის დასაწყისიდან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ორი დიდი პოსტ როკ სცენა არსებობს. ერთი კანადაში, სადაც მონრეალური ბენდები აპოკალიპტურ, დრამატულ და ზოგჯერ საშიშ მუსიკას უკრავენ. მეორე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ძირითადი გავლენები კანადიდან აიღეს, დაახურდავეს და უფრო წყნარი, მზიანი და კომფორტული ნამუშევრები შემოგვთავაზეს.

Explosions In the Sky შეერთებული შტატების სცენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ამ ბენდის მსუბუქი, ნათელი ჟღერადობა ამერიკული პოსტ როკის იდეალური სახეა - ინოვაციებისგან დაცლილი, მაგრამ უნაკლოდ შესრულებული მუსიკა. მათი Earth Is Not a Cold Dead Place კი ერთ-ერთი ის ალბომია, რომელიც პოსტ როკის უსაზღვრო ოკეანეში პირველი გაცურვის მშვიდობიან დასასრულს უზრუნველყოფს.

15. Maybeshewill - He Films the Clouds Pt.2 (2008)

აწ დაშლილი ბრიტანული კოლექტივის სადებიუტო ალბომიდან ეს ტრეკი ყველაზე პოპულარულია. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ნამუშევარი თითქმის ყველა იმ ძირითად მუსიკალურ კომპონენტს აერთიანებს, რაც პოსტ როკში გვხვდება - ემბიენთ შესავალი, ელექტრონიკა, ატონალური დრამის პარტია, აგრესიული გიტარები და ვოკალური ნაწილი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - იუთუბზე ატვირთული საფეხბურთო თემატიკის მქონე ვიდეოებში საუნდტრეკად ხშირად სწორედ ეს კომპოზიციაა გამოყენებული. პრინციპში, ეს ბენდიც ხომ ლესტერიდან იყო, უკანასკნელი წლების ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სასწაულის შემოქმედი გუნდის მშობლიური ქალაქიდან.

14. Bark Psychosis - Absent Friend (1994)

ბრიტანული ჯგუფის, Bark Psychosis-ის ალბომი Hex არა მხოლოდ ბრწყინვალე, ინტენსიური მუსიკით სავსე ნამუშევარია, არამედ ისტორიული ჩანაწერიც, რომელსაც ჟანრის სახელწოდების წარმოშობა უკავშირდება. 

პირველად ტერმინი "პოსტ როკი" ჟურნალისტმა საიმონ რეინოლდსმა ჟურნალ Mojo-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში გამოიყენა, რომელიც სწორედ ამ ალბომს ეძღვნებოდა.

მსმენელთა და კრიტიკოსთა მხრიდან დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, კოლექტივმა მორიგი და ჯერჯერობით უკანასკნელი სტუდიური ალბომი //Codename: Dustsucker მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოსცა.

13. Tortoise - TNT (1998)

ამ ალბომს თითქმის ყველა იმ სიაში შეხვდებით, რომელიც გამორჩეულ პოსტ როკ ნამუშევრებს ეძღვნება. პრინციპში, გასაკვირი არაფერია - TNT ცალსახად საუკეთესო ჩანაწერია Tortoise-ის დისკოგრაფიაში.

კოლექტივში ახალი წევრის, ჯაზ გიტარისტ ჯეფ პარკერის მოსვლის შემდეგ, ამ ამერიკულმა ბენდმა საბოლოოდ  მოახერხა საკუთარი ჟღერადობის პოვნა. ნამუშევარმა კრიტიკოსთა და მსმენელთა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ფსიქოდელიიდან, ემბიენთიდან და მინიმალიზმიდან აღებული იდეების ეს ბრწყინვალე ნაზავი დღემდე რჩება პოსტ როკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად.

12. Thee Silver Mt. Zion Memorial Orchestra - Rains Thru the Roof at Thee Grande Ballroom (For Capital Steez) (2014)

კანადური პოსტ როკ კოლექტივის კომპოზიცია ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტის Capital Steez-ის ხსოვნას ეძღვნება. მუსიკოსმა 2012 წლის 23 დეკემბერს ახლობლებს უკანასკნელი წერილები დაუგზავნა, ტვიტერზე The End დაპოსტა და საკუთარი სტუდიის სახურავიდან გადმოხტომით დაასრულა სიცოცხლე.

ძნელია, ერთმანეთისგან მუსიკალურად, კულტურულად თუ იდეურად იმდენად დაშორებული ორი ჟანრის დასახელება, როგორიც ჰიპ ჰოპი და პოსტ როკია. თუმცა, ამ  ჩანაწერის არსებობა და მასში ჩადებული ემოცია ადასტურებს, რომ ნამდვილი ხელოვნება მსგავს ბარიერებს არ ცნობს.

11. Battles - The Yabba (2015)

პოსტ როკი რომ დიდწილად 70-იანი წლების კრაუტროკისა და პროგრესივის იდეებით საზრდოობს, ამ ფაქტის ერთ-ერთ საუკეთესო დადასტურებას ამერიკული ჯგუფის Battles შემოქმედება წარმოადგენს.

2002 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი შესრულების ვირტუოზული მანერითა და დახვეწილი ინსტრუმენტალით გამოირჩევა. უცნაურია, მაგრამ მათი ერთი შეხედვით რთულად აღსაქმელი შემოქმედება გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. ბენდის დისკოგრაფიიდან ჩვენს სიაში შესატანად კი ეს ბრწყინვალე კომპოზიცია შევარჩიეთ, რომელსაც თან ძალზედ შთამბეჭდავი ოფიციალური ვიდეორგოლი ახლავს.

10. Mono - Stellar (2016)

ჯგუფი Mono 1999 წელს ტოკიოში ჩამოყალიბდა. დღეს უკვე საკულტო სტატუსის მქონე ბენდის შემოქმედება პოსტ როკის, კლასიკისა და ექსპერიმენტული მუსიკის ელემენტებს აერთიანებს. Requiem for Hell კი კოლექტივის რიგით მეცხრე სტუდიური ალბომია, რომელიც დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" გავლენით შეიქმნა. მისი გარეკანისთვის მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მხატვრის, გუსტავ დორეს მიერ შესრულებული ილუსტრაციის გამოყენებაც ამაზე მიუთითებს. 

კომპოზიცია Stellar, რომელიც ჩვენს სიაში შესატანად შევარჩიეთ, ალბომის მძიმე, დინამიკური ინსტრუმენტალისგან მისი მშვიდი და ლამაზი ჟღერადობით გამოირჩევა. ერთი სიტყვით, საოცარი ჩანაწერია - ალბათ, დანტესაც ძალიან მოეწონებოდა.

9. Ulver - Eos (2007)

ამ ნორვეგიულმა კოლექტივმა ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში უამრავ ჟანრში სცადა ბედი, დაწყებული ბლექ მეტალიდან და დამთავრებული სინთპოპით. თუმცა, მათი რიგით მეშვიდე ალბომი Shadows of the Sun ჯგუფის შემოქმედებაში ცალსახად გამორჩეული ნამუშევარია. 

ბენდის წევრები ალბომს ახასიათებენ, როგორც "ყველაზე ინტიმურ, პირადულ ნამუშევარს, რომელიც ცხოვრების დეპრესიულ, მძიმე მონაკვეთს უკავშირდება".

ბნელი და მელანქოლიური Eos რეჟისორ აქსელ ჰენის ფილმის Uno საუნდტრეკია. ალბომის ყდა კი ჟურნალ Natural History Magazine-ის 1978 წლის ერთ-ერთი ნომრიდანაა აღებული. 

8. 65daysofstatic - Come to Me (ft. Robert Smith) (2010)

ინგლისური პოსტ როკ ჯგუფის 65daysofstatic შემოქმედება ელექტრონიკის, ჯაზის, როკისა და ემბიენთის ელემენტებს აერთიანებს. ბენდმა სახელი ენერგიული ცოცხალი პერფორმანსებითა და არაორდინარული ჟღერადობით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივს გამორჩეულად ერთგული ფანები ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავს 65kids-ის სახელით მოიხსენიებენ. 

ჩვენს სიაში წარმოდგენილი კომპოზიცია Come to Me ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინსტრუმენტული მუსიკით ცნობილი კოლექტივის ტრეკს ვოკალიც ახლავს. მით უმეტეს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიჭებს პარტნიორობას ლეგენდარული პოსტ პანკ ჯგუფის, The Cure-ს ფრონტმენი, რობერტ სმიტი უწევს.

7. American Football - I’ll See You When We’re Both Not So Emotional (1999)

როგორც მუსიკის ისტორია გვიჩვენებს, საკულტო სტატუსის მოპოვების ფორმულა ძალზედ მარტივია - ჩაწერეთ ერთი საოცარი ალბომი და ფეხი ფეხზე გადაიდეთ. სულ ესაა. 

ლეგენდარულმა კოლექტივმა American Football ამავე სახელწოდების სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი 1999 წელს გამოუშვა. ინდის, ჯაზისა და პოსტ როკის ელემენტებით სავსე ნამუშევარმა გამოსვლისთანავე ფანებისა და კრიტიკოსების საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მორიგი ალბომი კი, ზუსტად იმავე სათაურით, ჯგუფმა მხოლოდ 2016 წელს გამოსცა. საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი გავა, სანამ მათი ახალი კომპოზიციების მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცემა.

6. Dirty Three - Sometimes I Forget You’ve Gone (2012)

Dirty Three-ს გაცილებით მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ პოსტ როკ ბენდს. მიზეზი აქაც ბრენდები და იმიჯია - ბენდის მევიოლინე და ფრონტმენი უორენ ელისი უკვე 20 წელია, Nick Cave and the Bad Seeds-ში მოღვაწეობს. ნიკ ქეივი კი მეფე მიდასის მსგავსი ფიგურაა - შეგახებს ხელს და შენც სანახევროდ ლეგენდა ხდები.

ავსტრალიური ტრიო ძალზე მრავალფეროვან მუსიკას ქმნის, რომელსაც ჯაზის მოყვარული ჯაზს დაარქმევდა, პოსტ როკისა კი პოსტ როკს. თუმცა, ჩვენ სიაში წარმოდგენილი ნაწარმოები ამ ორი სტილის არცერთ კლასიკურ კომპონენტს არ შეიცავს.

5. Talk Talk - I Believe in You (1988)

"სანამ ორ ნოტს გადააბამთ ერთმანეთს, ჯერ ერთის სწორად დაკვრა ისწავლეთ. და ერთი ნოტის გამოც ნუ შეიწუხებთ თავს, თუ ამისთვის სათანადო მიზეზი არ გაგაჩნიათ" - Talk Talk-ის ფრონტმენის, მარკ ჰოლისის ასეთი რადიკალიზმი თავის დროზე ჯგუფს კომერციული კრახისა და ლეიბლ EMI-სთან კონტრაქტის გაწყვეტის ფასად დაუჯდა.

1988 წელს კოლექტივმა ადრეულ, მარტივ სტილს ხაზი გადაუსვა და ჯაზით, კლასიკური მუსიკითა და ემბიენთით შთაგონებული ალბომი შექმნა. Spirit of Eden მსმენელებმა და კრიტიკოსებმა არ მიიღეს, თუმცა, დღესდღეობით ის პირველ პოსტ როკ ჩანაწერად და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება.

4. Mogwai - I’m Jim Morrison, I’m Dead (2010)

თანამედროვე პოსტ როკ სცენიდან რთულია ისეთივე მნიშვნელობის მქონე არტისტის დასახელება, როგორითაც ეს შოტლანდიური ბენდი გამოირჩევა. მათი უზარმაზარი დისკოგრაფიიდან ერთადერთი კომპოზიციის გამოყოფა მარტივ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა, ალბათ, არ შევმცდარვართ, როდესაც არჩევანი ამ ტრეკზე და მის ცოცხლად შესრულებულ ვერსიაზე შევაჩერეთ.

კომპოზიციის პირველივე წამებიდან წვიმისა და ქალაქის ხმები საოცრად ორგანულად ერწყმის მუსიკას. სათაური კი ჟურნალ Rolling Stone-ის 1981 წელს გამოცემული ერთ-ერთი ნომრის ყდითაა შთაგონებული, რომელზედაც ეწერა - "ჯიმ მორისონი, ის მიმზიდველია, ის სექსუალურია, ის მკვდარია".

3. Slint - Good Morning, Captain (1991)

ამერიკული ბენდის ეს ალბომი თავიდანვე განწირული იყო საკულტო სტატუსისთვის. Spiderland დღემდე ჟანრის კლასიკად ითვლება და მას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთის თანახმად, ჩაწერის პროცესში ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსსაც კი გადიოდა.

ჩვენი ფავორიტი კომპოზიცია მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი პოეტის, სემუელ კოლრიჯის "ძველი მეზღვაურის პოემის" შთაგონებით დაიწერა. ნაწარმოების ფატალურმა, ბნელმა ატმოსფერომ იმდენად მძლავრი ზეგავლენა მოახდინა ბენდის წევრებზე, რომ ვოკალისტი ბრაიან მაკმაანი ჩაწერის პროცესში ზედმეტი ემოციური დატვირთვისაგან კინაღამ გარდაიცვალა.

2. Sigur Rós - Hún Jörð … (1997)

პოსტ როკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ბენდის, Sigur Rós-ის ფრონტმენი იონსი ბირგისონი მოზარდობაში მძიმე მეტალით იყო გატაცებული, რაც ჯგუფის სადებიუტო ალბომში Von აისახა კიდეც.

ეს ტრეკი, ფაქტობრივად, ელექტრონული ინსტრუმენტებით შესრულებული პირველყოფილი, სკანდინავიური ჰიმნია. Hún Jörd ისლანდიურად "დედაო მიწავს" ნიშნავს და მისი ტექსტი ქრისტიანული ლოცვის, "მამაო ჩვენოს" წარმართული  ინტერპრეტაციაა. წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა ამ კოლექტივმა ასეთი ქაოტური და ამავე დროს ასეთი ლამაზი კომპოზიციის შექმნა.

1. Godspeed You! Black Emperor - East Hastings (1997)

ამ კანადური ბენდის მსგავს მოვლენას, რბილად რომ ვთქვათ, იშვიათად წააწყდებით. Godspeed You! Black Emperor-ის წევრები საკუთარ მსმენელებს ხან მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ, ხანაც ალბომების ყდებს მოლოტოვის კოქტეილის მომზადების რეცეპტს ურთავენ და მსოფლიოს კორუმპირებული ლიდერების ჩამოხრჩობას მოითხოვენ.

მათი 1997 წელს გამოცემული ალბომი "F♯ A♯ ∞" სამართლიანად ითვლება პოსტ როკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. რაც შეეხება კომპოზიციას East Hastings, ამ მუსიკის სიტყვებით დახასიათება შეუძლებელია - თავად განსაჯეთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული