Thumbnail
ფოტო: Michael Och

არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სოულის ლეგენდა, ამერიკელი მუსიკოსი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

არტისტმა უკანაკნელი კონცერტი 2017 წლის აგვისტოში, ფილადელფიაში გამართა. 

არეტა ფრანკლინი Atlantic Records-თან კონტრაქტის ხელმოწერისას

1942 წელს დაბადებულმა არეტა ფრანკლინმა სიმღერა 14 წლის ასაკში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის დეტროიტის ერთ-ერთ ეკლესიაში მღეროდა. 1966 წელს მომღერალმა Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულების ხელმოწერას პროდიუსერი ჯერი ვექსლერი და არეტას მაშინდელი ქმარი, ტედ უაითიც ესწრებოდნენ.
ფოტო: William Randolph / Michael Och

არეტა ფრანკლინი გრემის ჯილდოთი ხელში

პირველი გრემი არეტამ 1968 წელს არენბის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. აღსანიშნავია, რომ 1969-1973 წლებში ამავე ნომინაციაში ოქროს გრამოფონი მან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა. 
ფოტო: Essence

არეტა ფრანკლინი მამასთან და დასთან ერთად

არეტას მამა კლარენს ფრანკლინი ბაპტისტი სასულიერო პირი და სამოქალაქო აქტივისტი იყო. მუსიკოსის და კეროლაინი კი მომღერალი გახლდათ. 
ფოტო: Anthony Barboza

არეტა ფრანკლინი ოჯახთან ერთად

არეტა სულ ორჯერ დაქორწინდა. ფოტო 1979 წელსაა გადაღებული და მასზე მუსიკოსი მეორე ქმართან, მსახიობ გლინ ტურმენთან და უმცროს შვილთან ერთადაა აღბეჭდილი. გლინს მუსიკოსი 1984 წელს გაეყარა. 
ფოტო: Time

არეტა ფრანკლინი, უიტნი ჰიუსტონი და პროდიუსერი ნარადა უოლდენი

ფოტო 1989 წელს დეტროიტში, არეტასა და მისი ნათლულის, უიტნი ჰიუსტონის ერთობლივი სიმღერის It Isn’t, It Wasn’t, It Ain’t Gonna Be Me ჩაწერის დროსაა გადაღებული. 
ფოტო: Michael Och

არეტა ფრანკლინი, მაიკლ ჯექსონი, სტივი უანდერი და დაიანა როსი

1993 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა არეტა ფრანკლინმაც მიიღო. 
ფოტო: Getty Images

არეტა ფრანკლინი, ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი

1999 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა არეტა ხელოვნების სფეროში დამსახურებებისთვის აშშ-ის ეროვნული მედლით დააჯილდოვა. 
ფოტო: Stephen Jaffe

არეტა ფრანკლინი და ჯორჯ ბუში

2005 წელს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არეტა ფრანკლინს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების მედალი გადასცა. 
ფოტო: Getty Images

არეტა ფრანკლინი ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე

2009 წელს არეტა ფრანკლინმა პრეზიდენტ ბარაკა ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე სიმღერა My Country, 'Tis of Thee შეასრულა.
ფოტო: Billboard

არეტა ფრანკლინის ბოლო კონცერტი

2017 წელს არეტამ ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმღერა. მუსიკოსმა 9 კომპოზიცია შეასრულა. ეს მისი უკანასკნელი კონცერტი იყო. 
ფოტო: Getty Images

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული