Thumbnail

ვიდეოთამაშების ინდუსტრია უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ გართობის სფეროს ფარგლებს და დღეს ის თამამად შეგვიძლია ხელოვნების დამოუკიდებელ დარგად ჩავთვალოთ. ღრმა ქვეტექსტის მქონე სცენარები, საკულტო პერსონაჟები, საოცარი ვიზუალური ეფექტები და რაც მთავარია, მუსიკა - დაუვიწყარი მელოდიები, რომლებიც ვირტუალური თავგადასავლების ყველაზე ემოციურ მომენტებს უკავშირდება.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში ვიდეოთამაშებისათვის შექმნილ ყველა დროის ოც საუკეთესო საუნდტრეკს წარმოგიდგენთ.

20. Jeremy Soule - Dragonborn (The Elder Scrolls V: Skyrim)

Bethesda Games Studios-ის ამ საოცრად მასშტაბურმა და ამბიციურმა პროექტმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, კოლოსალურ კომერციულ წარმატებას მიაღწია და ინტერნეტში გავრცელებული უამრავი ხუმრობის შთაგონების წყაროც გახდა.

Skyrim ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ყოვლისმომცველობის და გრანდიოზულობის ნათელი მაგალითია. ჯერემი სოულის მუსიკა კი ზუსტად ჯდება მის ეპიკურ, ჰეროიკულ განწყობაში.

19. Bill Elm & Woody Jackson - Born Unto Trouble (Red Dead Redemption)

Rockstar Games-ის მიერ გამოცემული Red Dead Redemption ვესტერნის ჟანრის თამაშებს შორის ყველაზე პოპულარულია. ველური დასავლეთისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ატმოსფეროს გადმოცემა კი შესაბამისი მუსიკის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

საუნდტრეკის იდეებზე მუშაობისას, ბილ ელმმა და ვუდი ჯექსონმა გადაწყვიტეს ამ საქმეში გამოცდილი ენიო მორიკონესთვის მიებაძათ. ჰარმონიკის ჟღერადობითა და ფორტეპიანოს მინორული აკორდებით გაზავებული კომპოზიცია სერჯიო ლეონეს "სპაგეტი ვესტერნებს" გვახსენებს. თუმცა მისი შემქმნელების მიზანიც, ალბათ, სწორედ ეს იყო.

18. Konami Kukeiha Club - Simon Belmont’s Theme (Super Castlevania IV)

სულაც არაა საჭირო ჰიპერრეალისტური სამგანზომილებიანი გრაფიკა იმისათვის, რომ მოთამაშემ ნამდვილ ვამპირებზე მონადირედ იგრძნოს თავი. 

1991 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტუდია Konami მხოლოდ ფულის საჭრელ დაზგას არ წარმოადგენდა, ვიდეოთამაშების ინდუსტრიას ნამდვილი შედევრი მოევლინა, რომელმაც გოთიკური სამყაროს ატმოსფერო იდეალურად გადმოსცა. ამაში კი დიდ როლს სტუდიის რეზიდენტი მუსიკოსების ჯგუფის მიერ შექმნილი შესანიშნავი საუნდტრეკი თამაშობს.

17. Lorne Balfe - Estate Betrayal (Call of Duty 6: Modern Warfare 2)

შოტლანდიელი ლორნ ბალფის მუსიკა Call of Duty-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ სცენაში ზუსტად იმ ემოციების გამძაფრებას ემსახურება, რომელიც მოთამაშეს მისიის ფინალში ეუფლება.

სპოილერებისგან თავს შევიკავებთ. თუმცა, ამ ვიდეოთამაშში ძალების მოსინჯვას თუ გადაწყვეტთ, ეპიზოდში Loose Ends კომპოზიციის სათაურში ჩადებული შინაარსი თქვენთვისაც ნათელი გახდება.

16. Inon Zur - Main Theme (Dragon Age II)

2011 წელს, ყველასთვის ნაცნობი სერიალის, Game of Thrones-ის სადებიუტო სეზონის გამოსვლისთანავე, მსოფლიოს "დრაკონომანია" მოედო. სხვათა მსგავსად, ფრთოსანი ურჩხულები ცაში ვიდეოთამაშების ინდუსტრიამაც აუშვა.

Dragone Age II ფრენჩაიზის მეორე სრულფასოვანი ნაწილია, რომელმაც სერია სავსებით ახალ სიმაღლეზე აიყვანა და მის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. აინონ ზურის მუსიკა კი იდეალურად გადმოსცემს შუასაუკუნეების მითოლოგიით შთაგონებულ, ჯადოქრობითა და ომებით სავსე სამყაროს ატმოსფეროს.

15. Stephen Satterthwaite, Alex Johnson & Chris Allen - Nurture (Valiant Hearts: The Great War)

პირველი მსოფლიო ომისა და მის მიერ გამოწვეული შედეგების თემაზე შექმნილი ვიდეოთამაში ადამიანებს შორის სისხლისღვრის აბსურდულობამდე მისულ ტრაგიკულობას უსვამს ხაზს. 

ორგანზომილებიანი პლატფორმერების ისტორიაში ამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის ფინალი საოცრად სევდიანია. ისედაც მძიმე განწყობას კი ეს მოკლე, მაგრამ ძალიან ემოციური კომპოზიცია კიდევ უფრო ამძაფრებს.

14. Nils Brown, Clayton Kennedy & Sean Dagher - Roll, Boys, Roll! (Assassin’s Creed 4: Black Flag)

შესაძლოა, Black Flag ყველაზე ნაკლებად ჯდება Assassin's Creed-ის სტილისტიკაში, მაგრამ მეკობრეების შესახებ შექნილ თამაშებს შორის ის, ალბათ, საუკეთესოა. Roll, Boys, Roll! კი უკიდეგანო ოკეანეში, შავი დროშის ქვეშ მონაოსნე მეზღვაურების სიმღერაა. 

ნებისმიერ ეპიზოდში, როდესაც მეკობრე ბიჭუნების კაპელა მის შესრულებას იწყებს, ძალიან რთულია მათ არ აყვე და არ იფიქრო სიმღერის მთავარ გმირზე, სალი ბრაუნზე, რომელიც კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე თავის გულის სწორს ელოდება.

13. Hans Zimmer & Lorne Balfe - Epilogue (Crysis 2)

"კრიზისის" მეორე ნაწილის ეპიკური მუსიკალური გაფორმება დიდწილად ჰანს ციმერისა და ლორნ ბალფის თანამშრომლობის შედეგია. ბალფი ზემოთ უკვე ვახსენეთ. რაც შეეხება ჰერ ჰანსს, მის დამსახურებებზე საუბარი რომ დავიწყოთ, ჩვენი სიისათვის გამოყოფილი სივრცე არ გვეყოფა.

ამიტომაც, მოკლედ შემოვიფარგლებით იმის აღნიშვნით, რომ Epilogue ისეთივე ემოციური, დახვეწილი და მძლავრი ნამუშევარია, როგორც ამ კომპოზიტორის მიერ ათეულობით სხვა ფილმისა თუ ვიდეოთამაშისათვის შექმნილი საუნდტრეკები.

12. Jessica Curry - Always (Dear Esther)

Dear Esther ის იშვიათი ვიდეოთამაშია, რომელიც სწორხაზოვანი და "ექშენისგან" დაცლილი სიუჟეტის მიუხედავად, ინდუსტრიის ერთ-ერთ ფასდაუდებელ მარგალიტად მოგვევლინა. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც თხრობის პასიური სტილი მოსაწყენი არ არის, დიდი ალბათობით, ჯესიკა ქარის მიერ შექმნილი საუნდტრეკია.

მისტიკითა და მელანქოლიით აღსავსე მუსიკა თამაშს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს, ხოლო კომპოზიცია Always საუკეთესოდ გადმოსცემს უსახელო კუნძულზე გათამაშებული ტრაგედიის მთელ სიმძაფრეს.

11. Matus Siroky & Adam Kuruc - Main Theme (Mafia II)

თამაშის შემდეგ, გეიმერების საყვარელი გასართობი კამათია, მაგრამ როდესაც საუბარი ამ ფრენჩაიზის მეორე ნაწილს ეხება, საქმე ერთსულოვან ვერდიქტთან გვაქვს - "მაფია II" ნამდვილი შედევრია.

მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ატმოსფერულობაა. ამაში კი უდიდეს როლს საუნდტრეკი თამაშობს. პირველივე წამებიდან მუსიკას 40-იანი წლების ნიუ იორკში გადავყავართ და მის დაუნდობელ და ამავე დროს, მელანქოლიურ სამყაროს გვაზიარებს. 

10. Takeharu Ishimoto - The Price of Freedom (Crisis Core: Final Fantasy VII)

ალბათ, თავადვე ხვდებით, რა რთული იყო ერთი ნაწარმოების ამორჩევა 15-ნაწილიანი ფრენჩაიზის საუნდტრეკთა კრებულიდან. აღარაფერს ვამბობთ ათობით მინი თამაშზე, მობილურ თუ პორტატულ ვერსიებსა და 3 სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. 

თუმცა, კომპოზიცია კლასიკად ქცეული მეშვიდე ნაწილიდან, რომელსაც ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის ამბავი უკავშირდება, ჩვენ სიაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო.

9. Kelly Bailey - Hazardous Environments (Half-Life 2)

კომპოზიტორმა კელი ბეილიმ გადაწყვიტა, რომ Half-Life 2-ის დისტოპიურ სამყაროს ბრეიქბიტისა და ინდასტრიალის გავლენით შექმნილი საუნდტრეკი მოუხდებოდა. მუსიკა, რომლის მოსმენისას მოთამაშე ხვდება, რომ გარემოში, რომელსაც ეს კომპოზიციები შეეფერება, ყურადღების მოდუნება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

წინასწარვე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ, თუ Valve ოდესმე თამაშის მესამე ნაწილს გვაღირსებს, ბეილის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის სხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებით ჩანაცვლება წარმოუდგენელ ამოცანად გვეჩვენება.

8. Paul Linford - Kick It Up a Notch (Need for Speed: Most Wanted)

15-ზე მეტი წლის წინ შექმნილი ეს სარბოლო არკადა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამის მიზეზი კი ბრწყინვალე გეიმფლეისთან და დასამახსოვრებელ ვიზუალთან ერთად, შესანიშნავი საუნდტრეკიცაა.

პოლ ლინფორდის ადრენალინით სავსე კომპოზიცია პოლიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო რბოლის მომენტებში ჟღერდება და მისიებს დამატებით, დაუვიწყარ ეფექტს სძენს.

7. Austin Wintory - Nascence (Journey)

Sony Computer Entertainment-ის მიერ 2012 წელს შექმნილი საოცრება სახელად Journey მარტივ გზავნილს ატარებს - მნიშვნელოვანია მოგზაურობა და არა მისი დასასრული.

სპოილერებისგან თავის არიდების მიზნით, არც ამ თემას განვავრცობთ. ამის ნაცვლად, გირჩევთ, თავად შეიგრძნოთ ის დაუვიწყარი აუდიოვიზუალური გამოცდილება, რომელსაც Journey ჰქვია.

6. Clint Mansell - Leaving Earth (Mass Effect 3)

კლინტ მენსელმა შემოქმედებითი კარიერა ალტერნატიულ პანკ როკ ბენდში მოღვაწეობით დაიწყო. მაშინ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ მისი სახით მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეულ კომპოზიტორთან ჰქონდა საქმე. 

ძირითადად კინომუსიკის შექმნით დაკავებული არტისტისთვის Mass Effect 3 ვიდეოთამაშის საუნდტრეკზე მუშაობის პირველი მცდელობა იყო. მენსელმა ჩვეულ სტილში შეასრულა დაკისრებული მისია და ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია შექმნა.

5. Martin O’Donnell & Michael Salvatori - Never Forget (Halo 3)

ამ ვიდეოთამაშსა და მასტერშეფის საკულტო პერსონაჟს გეიმერებთან ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ. მარტინ ო’დონელისა და მაიკლ სალვატორის დუეტი წლების განმავლობაში ქმნიდა მუსიკას, რომელიც სერიის თითოეულ ნაწილს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიდა.

მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ იმ ალბომის პროდიუსერი, რომელშიც კომპოზიცია Never Forget შედის, ლეგენდარული დისკო ბენდის, Chic-ის დამაარსებელი ნაილ როჯერსია. 

4. Gustavo Santaollala - Left Behind (The Last of Us)

არგენტინელი კომპოზიტორის, გუსტავო სანტაოლალას სახელი კინომოყვარულებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ. მან ზედიზედ ორჯერ მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში. 2005 წელს სურათის "კუზიანი მთა",  2006-ში კი ფილმ "ბაბელის" მუსიკალური გაფორმებისთვის. 

მის მიერვე უკანასკნელი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოთამაშისთვის შექმნილმა საუნდტრეკმა ფანების და კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება გამოიწვია. Left Behind სწორედ ის კომპოზიციაა, რომელიც უნაკლოდ გადმოსცემს პოსტაპოკალიპტურ სამყაროში მცხოვრები უკანასკნელი ადამიანების ემოციებს.

3. Akira Yamaoka - Promise (Reprise) (Silent Hill 2)

Silent Hill-მა გადარჩენაზე ორიენტირებული ვიდეოთამაშები განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, რაც, პირველ რიგში, ამ ჟანრში დრამატული და ემოციური ელემენტების ინტეგრაციის საშუალებით მოხერხდა.

ცოცხალი ლეგენდა - ჰიდეო კოჯიმა ცალსახად პირველი სახელია, რომელიც სერიასთან ასოცირდება. აი, მეორე კი უდავოდ აკირა იამაოკაა, რომელმაც თავისი საუნდტრეკებით თამაში ემოციების ნამდვილ ფეიერვერკად აქცია.

2. Lex Horton - Theme from Vice City (Grand Theft Auto: Vice City)

ღია სამყაროსა და კრიმინალური ექშენის ეს ყველა დროის უპოპულარულესი მიქსი მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ესთეტიკითაა სავსე. სახასიათო პერსონაჟები, ფერთა გამა, დიალოგებში გამოყენებული ჟარგონი - ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს, რომ 1986 წელს ამერიკულ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ პერსონაჟად შევიგრძნოთ თავი.

Rockstar Studios-ის რეზიდენტი კომპოზიტორის, ლექს ჰორტონის მიერ შექმნილი საუნდტრეკიც ეპოქის მიერ ნაკარნახევ დისკოს, ელექტრონიკისა და მსუბუქი ჯაზის ელემენტებს იმეორებს. 

1. Koji Kondo - Overworld (Super Mario Bros.)

შიგერუ მიამოტოს მიერ 1983 წელს შექმნილი შედევრი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვიდეოთამაში - ის მთელი ინდუსტრიის სიმბოლოა. მისი მთავარი პერსონაჟი მარიო კი პოპ კულტურის ისეთივე სახეა, როგორიც მერილინ მონრო ან მიკი მაუსი.

კომპოზიტორი კოჯი კონდო ლეგენდარული თემის შექმნისას შთაგონებას, ერთის მხრივ, სერგეი რახმანინოვის, მეორეს მხრივ კი, ჯგუფების Deep Purple და Emerson, Lake & Palmer შემოქმედებიდან იღებდა. შედეგად კი ყველასთვის კარგად ცნობილი მელოდია მივიღეთ, რომელიც ჩვენს სიაში დამსახურებულ პირველ ადგილს იკავებს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული