Thumbnail

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის 5 საყვარელი სიმღერა.

5. Simon & Garfunkel - The Sound of Silence

ზუსტად რომ ავხსნა, როგორ ძალიან ჩემია ეს სიმღერა, ვიტყვი, რომ ტელეფონის ზარად მეყენა 6 წელი და იმის მიუხედავად, რომ მაფრთხილებდნენ ასე შეგჯავრდება ნებისმიერი სიმღერაო, არა თუ შემჯავრდა, ამ წლების მერე, რომ მესმის ისეთი რეაქცია მაქვს, თითქოს ვინმე ჩემს სახელს იძახდეს.

4. Joni Mitchel - Both Sides Now

უნდა ვაღიარო, რომ ეს სიმღერა ფილმიდან Love Actually ვიცი. იმ საოცარი სცენის ნახვამდე, სადაც ემა ტომპსონის გმირი აღმოაჩენს, რომ ღალატობს საყვარელი ქმარი, რომლის როლსაც დაუვიწყარი ალან რიკმანი ასრულებს, არც გამეგონა ჯონი მიტჩელის შესახებ. აი, ეს სიმღერა არის გაუსაძლისად დარდიანი.

3. Queen - Bohemian Rhapsody

ძალიან გამიჭირდება ავხსნა, რატომ მომეწონა თავის დროზე ეს საოცარი კომპოზიცია და რატომ მაქვს დღემდე თითქმის ისეთივე რეაქცია რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო. მაოცებს მოულოდნელი ცვლილებები, ემოციური ტალღები, რომელიც ამ სიმღერაშია და რამდენჯერაც მახსენდება, მერე მთელი დღე მეღიღინება. 

ახლა გამიჭირდება სხვა სიმღერების გახსენება, იმიტომ რომ ტვინში უკვე ვღიღინებ - Mama, just killed a man ...

2. The Beatles - Because

კარგა დიდი ვიყავი პირველად რომ მოვისმინე. წამიღო და წამომიღო... ბევრმა ბიტლომანმა ფილმი Across the Universe მკრეხელობად ჩათვალა, რაკი ვიღაცამ გაბედა და ლეგენდარული სიმღერები დააქავერა. ამ ფილმის ყველა სიმღერა საოცრებაა, მაგრამ აი, Because არის ზუსტად ისეთი, როგორადაც მე ვგრძნობდი ამ სიმღერას.

1. ჰამლეტ გონაშვილი - თუ ასე ტურფა იყავი

ამაზე ტკბილი, ამაზე სიყვარულით სავსე, ამაზე მოჩუქურთმებული არაფერი მომისმენია. იავნანის ვარიაციებს როცა ვუმღეროდი ხოლმე ჩემს შვილებს, როგორც წესი, ჩემს საყვარელ სიმღერებს ვმღეროდი იავნანას სიტყვებით. როცა ამას ვუმღეროდი, კარგა ხნის დაძინებულებს ვარწევდი ხოლმე და ისევ ვღიღინებდი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული