Thumbnail

5 როკ ჯგუფი, რომელშიც რონი ჯეიმს დიო მღეროდა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1942 წლის 10 ივლისს შეერთებულ შტატებში, იტალიური წარმოშობის ოჯახში რონალდ ჯეიმს პადავონა დაიბადა. თუმცა, მსოფლიომ ის სულ სხვა, გაცილებით მოკლე სახელით - Dio-თი გაიცნო.

მშობლებმა მის მუსიკალურ განათლებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნეს. 5 წლის რონი უკვე საყვირზე დაკვრის ტექნიკას ეუფლებოდა. პარალელურად კი ლეგენდარული ტენორის, მარიო ლანცას შემოქმედებით იყო გატაცებული.

მოგვიანებით, რონი ადგილობრივი სკოლის ორკესტრს შეუერთდა. თან როკ მუსიკითაც დაინტერესდა. ახალგაზრდა შემსრულებლის საოცარი ხმა და ტალანტი შეუმჩნევლად არ დარჩენილა - მან მცირე ხანში ჯულიარდიდან მიიღო შემოთავაზება. თუმცა, მომავალმა როკ ვარსკვლავმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელს უარი შეუთვალა.

სწორედ ასე იწყებოდა მძიმე მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, რონი ჯეიმს დიოს კარიერა. ლეგენდარულ მომღერალს სახელი მხოლოდ ვოკალური მონაცემების წყალობით არ გაუთქვამს - ის იმ ღირებულებებისა და ცხოვრების წესის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ამ მიმდინარეობის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ჯგუფს, რომელშიც საკულტო არტისტი მოღვაწეობდა.

5. Elf - Dixie Lee Junction (1972)

უცნაურია, მაგრამ დიოს თქმით, მას არასდროს ჰყოლია ვოკალის მასწავლებელი და ამ მხრივ განათლების მიღება არც უცდია. ის საკუთარი ხმის მძლავრ ტემბრსა და მოქნილობას საყვირზე დაკვრის გამოცდილებას უკავშირებდა, რისი მეშვეობითაც სუნთქვის ტექნიკა ადრეული ასაკიდანვე განუვითარდა.

საოცარი ვოკალური მონაცემები მუსიკოსმა კარიერის დასაწყისშივე გამოავლინა. რონის მიერ 1967 წელს ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა Elf ლეგენდარული კოლექტივის, Deep Purple-ის წევრების, იენ პეისისა და როჯერ გლოვერის ყურადღება მიიპყრო. სწორედ ისინი მოგვევლინენ ბენდის სადებიუტო, ბლუზისა და როკ-ენ-როლის რიტმებით სავსე ალბომის პროდიუსერებად.

4. Rainbow - Man on the Silver Mountain (1975)

1973 წელს Deep Purple-ის გიტარისტმა, რიჩი ბლექმორმა ჯგუფის სხვა წევრებთან კონფლიქტის შემდეგ ახალი კოლექტივის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მან დიოსთან და Elf-ის სხვა წევრებთან ერთად ბენდი Rainbow დააარსა, რომლის სადებიუტო ალბომმაც სახელწოდებით Ritchie Blackmore’s Rainbow დღის სინათლე 1975 წელს იხილა.

დიოს კარიერაზე ამ პროექტმა უმნიშვნელოვანესი ზეგავლენა მოახდინა. Elf-ის სტილისგან განსხვავებით, "რეინბოუს" ჟღერადობა გაცილებით რიტმული და მძიმე იყო. რელიგიური თემატიკით დატვირთული სიმღერა Man on the Silver Mountain კი ლეგენდარული მუსიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად რჩება. სხვათა შორის,  რონის საფლავის ქვაზე სწორედ ამ ტრეკის სახელწოდებაა ამოტვიფრული.

3. Black Sabbath - Heaven & Hell (1980)

1979 წელს ბლექმორმა გადაწყვიტა, რომ Rainbow კომერციული მუსიკის შექმნაზე უნდა გადასულიყო. ეს ნაბიჯი დიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან კოლექტივის დატოვება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს საკულტო ბენდის, Black Sabbath-ის გიტარისტი ტონი აიომი ისეთ ვოკალისტს ეძებდა, რომელიც ოზი ოსბორნის ღირსეულად ჩანაცვლებას შეძლებდა. მან რონი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბარში შემთხვევით გაიცნო და ჯგუფში მიიწვია.

დიოს მონაწილეობით ჩაწერილ Black Sabbath-ის პირველივე ნამუშევარს Heaven & Hell გამორჩეული წარმატება ხვდა წილად. ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა, ხოლო ამავე სახელწოდების კომპოზიცია იმ ფაქტის ნათელ დასტურად იქცა, რომ რონის მოსვლასთან ერთად ბენდის შემოქმედებაში ახალი ეპოქა დაიწყო. სიკეთისა და ბოროტების ჭიდილზე დაწერილი სიმღერის ტექსტი, ალბათ, საუკეთესოდ გამოხატავს ლეგენდარული მომღერლის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას.

2. Dio - Invisible (1983)

1982 წელს რონიმ Black Sabbath დატოვა და ახალი ბენდი ჩამოაყალიბა, რომელსაც სახელწოდება მარტივად შეურჩია - Dio.

მუსიკოსის სასცენო სახელი იტალიურად "ღმერთს" ნიშნავს. სხვათა შორის, რონიმ ცნობილი ეშმაკის რქების გამომხატველი ჟესტიც იტალიაში გავრცელებული, ავი სულების განსადევნი მოძრაობის მიბაძვით შექმნა, რომელიც ბავშვობაში ბებიისგან ისწავლა.

დიდი ალბათობით, ლეგენდარული მუსიკოსის მსმენელები ამ სტატიაში Dio-ს სადებიუტო ალბომში Holy Diver შესულ სხვა, გაცილებით პოპულარულ ტრეკს ელოდნენ. თუმცა, კომპოზიცია Invisible ყველაზე კარგად წარმოაჩენს რონის პიროვნებასა და იდეალებს - სიმღერის ტექსტის პირველ ნაწილში ფსიქოლოგიურად ტრავმირებული ქალის განცდებია აღწერილი, მეორეში კი ჰომოფობიის ნიადაგზე დევნილი მამაკაცის მოგონებები. დიო მძიმე მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არტისტი აღმოჩნდა, რომელმაც მსგავსი უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.

1. Heaven & Hell - Bible Black (2009)

2006 წელს Black Sabbath-ის წევრებმა ტონი აიომიმ, ჯიზერ ბათლერმა და ვინი აპისიმ დიოსთან ერთად ახალი კოლექტივი Heaven & Hell დააარსეს. 

ამ ჯგუფის ერთადერთი ალბომი The Devil You Know რონის კარიერაში უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი აღმოჩნდა. მუსიკოსი ჩანაწერის გამოსვლიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2010 წლის 16 მაისს, ავთვისებიან სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ლეგენდარული არტისტი, რომელმაც საკუთარ მუსიკალურ თუ პიროვნულ იდეალებს ბოლო ამოსუნთქვამდე უერთგულა, უკანასკნელ გზაზე ათასობით მსმენელმა გააცილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული