Thumbnail

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანელი ოპერის მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მუსიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამკურნალო დაწესებულებაში სექტემბრიდან იმყოფებოდა. არტისტს 8 ოქტომბერს ბარსელონაში დაკრძალავენ.

მონსერატ კაბალიემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო, როდესაც ლისეოს კონსერვატორიაში სწავლა დაასრულა და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. მისი დებიუტი ბაზელის თეატრში, ჯაკომო პუჩინის ცნობილ ოპერაში "ბოჰემა" შედგა. მომღერლის კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე შესრულებულ 88-ზე მეტ როლს ითვლის. კაბალიემ სახელი ბელკანტოს ტექნიკის უბადლო შესრულებით გაითქვა.

მუსიკოსმა საერთაშორისო აღიარება 1965 წელს მოიპოვა, როდესაც ნიუ იორკის კარნეგი-ჰოლში, გაეტანო დონიცეტის ნამუშევარში "ლუკრეცია ბორჯია" მიიღო მონაწილეობა. მან შესრულებული როლისთვის 25-წუთიანი ოვაცია დაიმსახურა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მომღერალს ფრედი მერკურისთან ერთად ჩაწერილმა კომპოზიციამ Barcelona მოუტანა, რომელიც 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჰიმნად იქცა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მონსერატ კაბალიე საქართველოსაც ესტუმრა. მან ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გამართა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული