Thumbnail

ქართველი მუსიკოსების მიერ გადამღერებული 10 უცხოენოვანი კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

წლების განმავლობაში ქართველმა შემსრულებლებმა არაერთი უცხოენოვანი კომპოზიცია გადაამღერეს. თავის დროზე, საბჭოთა კავშირში გაბატონებულმა ცენზურამ ეს ტენდენცია საკმაოდ შეაფერხა. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად მსგავსი წინააღმდეგობები გაქრა და ჩვენი თანამემამულე არტისტები სულ უფრო და უფრო ხშირად გვთავაზობენ საინტერესო ქავერებს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებულ ათ უცხოურ ტრეკს.

10. Loudspeakers - Damage Done (Moderat)

გერმანული ელექტრონული კოლექტივი Moderat, რომელიც თბილისს რამდენჯერმე ესტუმრა, საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომაც, Loudspeakers-ის მიერ ამ ჯგუფის რეპერტუარიდან შესრულებულმა კომპოზიციამ Damage Done მსმენელთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

9. The BearFox - We Found Love (Rihanna)

2013 წელს დაარსებული The BearFox ქართველი ჰიპსტერების ვიწრო წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მებო ნუცუბიძისა და ირაკლი მანჩხაშვილის პროექტმა წარმატება პირველივე სინგლით Holding You მოიპოვა. ჩვენს სიაში კი მათ მიერ გადამღერებულ რიანას ჰიტს შემოგთავაზებთ.

8. ორერა - Lana (Roy Orbison)

საბჭოთა კავშირში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ქართული მუსიკის ისტორიაში. ვირტუოზი მულტიინსტრუმენტალისტებითა და შესანიშნავი ვოკალისტებით დაკომპლექტებულ კოლექტივს არაერთი ინგლისურენოვანი კომპოზიცია აქვს შესრულებული. "ბითლზის", ფრენკ სინატრას და სხვა ცნობილი არტისტების გარდა, ისინი თავის დროზე "როკის კარუზოდ" მონათლული როი ორბისონის რეპერტუარსაც გადასწვდნენ.

7. ივერია - July Morning (Uriah Heep)

ვია "ივერიამ", ალექსანდრე ბასილიას ხელმძღვანელობით, შესანიშნავად გადაამღერა ლეგენდარული როკ ჯგუფის, Uriah Heep-ის ჰიტი July Morning. თუმცა, დაკვირვებული ყური ადვილად შეამჩნევს, რომ ტექსტი ალაგ-ალაგ ორიგინალურ ვერსიას არ ემთხვევა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საბჭოთა ცენზურის პირობებში დასავლური ჩანაწერების ლირიკის მოპოვება მარტივი სულაც არ იყო. 

6. ZurGi - On Melancholy Hill (Gorillaz)

ზურა ჯავახიასა და გიორგი მარის პროექტს ZurGi არაერთი ქართული თუ უცხოენოვანი კომპოზიცია გადაუმღერებია. თქვენთვის წარსადგენად კი ვირტუალური ბენდის, Gorillaz-ის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერის ქავერი შევარჩიეთ.

5. მგალობელთა გუნდი "ტაო" - Everything in it’s Right Place (Radiohead)

ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენმა, ტომ იორკმა Everything in it’s Right Place ელექტრონული მუსიკის ლეგენდის, Aphex Twin-ის შთაგონებით დაწერა. მგალობელთა გუნდ "ტაოს" მიერ შესრულებული ქავერი კი ქართული მრავალხმიანობის უნივერსალურობის კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოვლინებაა.

4. Kung Fu Junkie - Sunglasses at Night (Corey Hart)

Sunglasses at Night კანადელმა მომღერლმა, კორი ჰარტმა 1984 წელს ჩაწერა. ტრეკმა გამორჩეული პოპულარობა ელექტრონული არტისტის, Tiga-ს შესრულებით მოიპოვა. ამ კომპოზიციის უამრავ ქავერს შორის ერთ-ერთი კი ქართულ ელექტროპოპ კოლექტივს, Kung Fu Junkie-ს ეკუთვნის.

3. რერო - Here Comes the Sun (The Beatles)

ოცდაათამდე წევრისგან დაკომპლექტებული ორკესტრი "რერო" კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით 1956 წელს ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი ფუნქცია საესტრადო მომღერლებისათვის აკომპანემენტის გაწევა იყო. შესაბამისად, დამოუკიდებლად მხოლოდ ორი ალბომი და რამდენიმე სინგლი ჩაწერეს. მათ შორის ლეგენდარული "ბითლზის" უკვდავი ჰიტი Here Comes the Sun.

2. ზურა ჯავახია - Downtown (Majical Cloudz)

ზურა ჯავახია ქართველ არტისტებს შორის ინგლისურენოვანი კომპოზიციების გადამღერების საქმეში პირველობას არავის უთმობს. ჩვენს სტატიაში კი მის მიერ შესრულებული ათობით ქავერიდან აწ დაშლილი კანადური არტ პოპ ჯგუფის, Majical Cloudz-ის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს Downtown წარმოგიდგენთ.

1. ვია 75 - Red House (Jimi Hendrix)

"ორერაში" 17-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილმა ჯგუფი დატოვა და ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად შექმნა ბენდი სახელად "75". ჯაზ როკისა და ფიუჟენის სინთეზით განთქმული კოლექტივი ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა ქართული მუსიკის ისტორიაში. "ორერას" მსგავსად, ამ ბენდმაც არაერთი ინგლისურენოვანი კომპოზიცია გადაამღერა. მათ შორის ლეგენდარული გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის ტრეკი Red House.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული