Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ახალი რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Cafe-Gallery: Kura | Will Gates

6 ნოემბერი (სამშაბათი)

კვირის დასაწყისში კაფე "გალერეა" ქართველ დიჯეებს უმასპინძლებს. სამშაბათს მსმენელთა წინაშე Will Gates წარდგება. დავით კილაძის პროექტი ჰაუს და ლოუ-ფაი ჟღერადობაზეა ორიენტირებული, თუმცა, მისი სადებიუტო ჩანაწერი Tbs, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, ჯაზისა და ჰიპ ჰოპის ელემენტებსაც შეიცავს.

6 ნოემბერს "გალერიში" მსმენელებს კიდევ ერთი ქართველი დიჯეის, Kura-ს მოსმენა შეეძლებათ, რომელიც ქუთაისური კლუბის, "რეფლექტორის" რეზიდენტია. 

4. Mtkvarze: Anna Haleta | Bero | Kraumur | Dj Sendnudes | Ceejay

9 ნოემბერი (პარასკევი)

9 ნოემბერს "მტკვარზე" კლუბის ახალ რეზიდენტს, Anna Haleta-ს წარმოგიდგენთ, წარმოშობით უკრაინელ დიჯეის, რომელიც ისრაელის ელექტრონული სცენის პიონერია. მასთან ერთად მსმენელები ქართველი დიჯეის, Berо-ს მოსმენას შეძლებენ. 

პატარა ოთახში კი პარასკევს კლუბის სტუმრების წინაშე Kraumur, DJ Sendnudes და Ceejay წარდგებიან. 

3. KHIDI: SNTS | Stephanie Sykes | Roman | Kirill Shapovalov | Poima

9 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი KHIDI წარმოგიდგენთ მისტიკური ვიზუალური კონცეფციითა და ცოცხალი შესრულებით გამორჩეულ პროექტს SNTS. ანონიმი არტისტის შემოქმედება ინდასტრიალ ტექნო და ემბიენთ ჟღერადობას აერთიანებს. 

9 ნოემბერს "ხიდში" ასევე კლუბის რეზიდენტები, ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი Stephanie Sykes და ქართული ელექტრონული სცენის წარმომადგენელი Roman დაუკრავენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე რუსი არტისტები Krill Shapovalov და Poima წარდგებიან. 

2. BASSIANI / HOROOM: Hector Oaks | Anetha | Kvanchi | Mercurrio

9 ნოემბერი (პარასკევი)

9 ნოემბერს "ბასიანში" ბერლინელი დიჯეისა და პროდიუსერის, Hector Oaks-ის ახალი ალბომის As We Were Saying ღამე გაიმართება. წარმოშობით ესპანელი არტისტის სტუდიური ნამუშევარი 2018 წლის დეკემბერში Bassiani Records-ზე გამოიცემა. მასთან ერთად ფრანგული ანდეგრაუნდ ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი Anetha დაუკრავს.

"ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ქართველი დიჯეები Kvanchi და Mercurrio წარდგებიან.

1. ჯუზეპე ვერდის "რეკვიემი" თბილისის ოპერაში

 10 ნოემბერი (შაბათი)

შაბათს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის "რეკვიემს" მოუსმენთ. იტალიელი კომპოზიტორის ეს ნამუშევარი პირველად 1874 წელს მილანის სან მარკოს ტაძარში გაჟღერდა და დღეს ყველაზე ხშირად შესრულებად საგუნდო ნაწარმოებად ითვლება. 

ღონისძიებაში მონაწილეობას სოპრანოები ნინო სურგულაძე და იანო ალიბეგაშვილი მიიღებენ. მსმენელთა წინაშე ასევე ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბანი გიორგი ანდღულაძე წარდგებიან. ორკესტრს თეატრის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო დანიელ ორენი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული