Thumbnail

5 ლაივი, რომელიც მუსიკოსებისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ყველა მუსიკოსს, ალბათ, ერთხელ მაინც დასიზმრებია წარუმატებელი ან ჩაშლილი კონცერტი, ზოგიერთს კი ამგვარი უსიამოვნება რეალურ ცხოვრებაშიც განუცდია. დღეს სწორედ 5 ასეთ შემთხვევაზე მოგითხრობთ. 

5. Ashlee Simpson

ამერიკული ღამის შოუ Saturday Night Live საზოგადოებას 1975 წლიდან ახალისებს. ის, რაზეც მაყურებლები ბევრს იცინიან, არაერთი სტუმრისთვის ტირილის მიზეზად ქცეულა. ამ უკანასკნელთა შორის მომღერალი ეშლი სიმფსონიც მოხვდა. 

2004 წელს გადაცემაში მიწვეული პოპვარსკვლავი პირდაპირ ეთერში საკუთარი ჰიტის, Autobiography-ს შესასრულებლად მოემზადა, თუმცა, მოულოდნელად სიმღერის Pieces of Me პლუს ფონოგრამა ჩაირთო. დაბნეული ეშლი თავდაპირველად შეეცადა სიტუაცია ცეკვით გამოესწორებინა, ერთი-ორი ილეთიც შეასრულა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მის მდგომარეობას კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა და კამერებს გაერიდა.

შოუს დასასრულს სიმფსონმა ჯერ ბენდი დაადანაშაულა, სხვა მუსიკა დაუკრესო, შემდეგ გადაცემის ავტორები, ბოლოს კი დასძინა, კუჭის მჟავიანობა მაწუხებს და იმ დღესაც იგივე პრობლემა მქონდაო. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დასამარდა არტისტის კარიერა, 2004 წლის შემდეგ გამოშვებულ ალბომებს ხომ მომღერლისთვის წარმატება აღარ მოუტანიათ.

4. The Dixie Chicks

თუ ეშლი სიმფსონი დღემდე ცდილობს გაარკვიოს, ვისმა შეცდომამ იმსხვერპლა მისი კარიერა, ტექსასური ქანთრი ჯგუფის, The Dixie Chicks-ის სოლისტს, ნატალი მაინესს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი აქვს. 2003 წელს ლონდონში გამართულ კონცერტზე მან ამერიკა-ერაყის ომი გააპროტესტა. "მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ნათელ მხარეს ვართ. არ გვინდა ომი და ძალადობა. გვრცხვენია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ტექსასიდანაა", - განაცხადა მუსიკოსმა.

ნატალის ამ სიტყვებმა პრეზიდენტ ბუშის მხარდამჭერთა გაღიზიანება გამოიწვია. ამერიკელმა ფერმერებმა ჯგუფის ალბომები, პოსტერები და სხვა პრომო მასალა შეკრიბეს, 15-ტონიანი ტრაქტორი დაქოქეს და ზედ გადაუარეს. პროცესში რადიოსადგურებიც ჩაერთნენ და სულ მალე გოგონების ტრიო, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შავ სიაში აღმოჩნდა. 

2006 წელს The Dixie Chicks-მა ახალი ალბომი გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ჩარტების სათავეშიც მოექცა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯგუფს კონცერტები მაინც არ გაუმართავს. საბოლოოდ, დრო მაინც მუსიკოსების მხარეს აღმოჩნდა. 2017 წლის ტურნეზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სიძულვილს ნოსტალგიამ სძლია და ბენდმა ერთგული მსმენელი დაიბრუნა. 

3. The Eagles

ყველასთვის კარგად ცნობილი The Eagles-ის ერთ-ერთი ლაივი ჯგუფის წევრებს შორის ცემა-ტყეპითა და კოლექტივის დაშლით დასრულდა. 1980 წელს ლონგ ბიჩში, კალიფორნიის იმდროინდელი სენატორის, ალან ქრენსთონის მხარდასაჭერად ჩატარებული კონცერტის დროს, კულისებში ბენდის ვოკალისტმა გლენ ფრეიმ და გიტარისტმა დონ ფელდერმა იჩხუბეს. სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლუდის ბოთლების სროლის გარდა, მუსიკოსები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. უთანხმოებიდან რამდენიმე წუთში კი მათ სცენაზე ერთად გასვლა მოუწიათ.

"სცენაზე ვდგავართ, ფელდერი მიყურებს და მეუბნება, სამი სიმღერაც და მაგრად მიგბეგვავ. ვმღერით Best of My Love-ს (დიახ, დიახ, Hotel California-ს გარდა ამ ჯგუფს სხვა ნამუშევრებიც აქვს) და თან ორივე ვფიქრობთ, რომ, როგორც კი კონცერტი დასრულდება, ერთმანეთს დავხოცავთ", - იხსენებდა ფრეი.

მაშინ ფრეიმ წყენა გულში ჩაიდო და ჯგუფი 14 წლით დატოვა. მანამ, სანამ მან და ფელდერმა ბენდის თანადამაარსებლის, დონ ჰენლის რჩევა არ გაითვალისწინეს და მათ ურთიერთობებში არსებული ჯოჯოხეთი არ გაყინეს. შერიგების შემდგომმა ტურნემ Hell Freezes Over წარმატებით ჩაიარა და კოლექტივი კვლავ გაერთიანდა. 

2. Sex Pistols

1978 წლისთვის ბრიტანულ პანკ ჯგუფში სრული აპათია სუფევდა. ბენდი დაშლის პირას იყო. ბასისტი სიდ ვიშესი ჰეროინმა, სოლისტი ჯონი როტენი კი გადაღლილობამ გამოფიტა. "ინტერესი დავკარგე, ახალი სიმღერების წერა აღარ შემეძლო. ვფიქრობდი, მორჩა, ამ გარემოში მეტს ვეღარაფერს მივაღწევ", - იხსენებდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

სან ფრანცისკოში ჩატარებული კონცერტის დასასრულს, ჯგუფმა ბისზე No Fun შეასრულა. სიმღერის ბოლოს სცენაზე ჩამუხლულმა როტენმა მსმენელებს მიმართა: "ოდესმე გიგრძვნიათ თავი ისე, თითქოს გიღალატეს?". ამის შემდეგაც მან მიკროფონი ძირს დადო და "სექს პისტოლსის" შემადგენლობა დატოვა. 

1996 წელს მუსიკოსები ისევ შეიკრიბნენ და კონცერტებიც გამართეს. ამჯერად უკვე სიდ ვიშესის გარეშე, რომელიც ჯგუფის დაშლიდან რამდენიმე თვეში ჰეროინმა იმსხვერპლა. "ფული კი გავაკეთეთ, მაგრამ ტურნეს დასასრულს უკვე თავის მოკვლა გვინდოდა. იმდენსაც არ ვშოულობთ, რომ ერთად მუშაობა გვიღირდეს", - აღნიშნა გიტარისტმა სტივ ჯონსმა. ასე რომ, "სექს პისტოლზის" დაშლამ გული მხოლოდ მსმენელს თუ დასწყვიტა. 

1. The Doors 

ამერიკული როკ ჯგუფის The Doors-ის ვოკალისტი ჯიმ მორისონი სიცოცხლის ბოლო წლებში დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც განსაკუთრებით ასოციალური და აგრესიული გახდა. ამ პერიოდში მუსიკოსს კანონთანაც შეექმნა პრობლემები. ის რამდენჯერმე დააკავეს და ექვსთვიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. 

ბოლო ლაივი ჯიმმა, კოლექტივის სხვა წევრებთან ერთად, 1970 წლის 12 დეკემბერს ნიუ ორლეანში გამართა. კონცერტზე მორისონი ძირითადად სცენაზე დამჯდარი მღეროდა და ტექსტებიც ხშირად ავიწყდებოდა. ერთ მომენტში კი მიკროფონის სადგამით, რომელსაც მანამდე, ფეხზე ძლივს მდგომი, საყრდენად იყენებდა, იატაკი ჩატეხა და ჯგუფის გამოსვლა ნაადრევად შეწყვიტა. 

ამ შემთხვევის შემდეგ ბენდის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მორისონთან ერთად აღარასდროს დაუკრავდნენ. რამდენიმე თვეში კი 27 წლის ჯიმი გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიუ ორლეანის ლაივის ჩანაწერი, ​​​​​​სამწუხაროდ, არ არსებობს. ეს ვიდეო კი იმავე წლის 29 აგვისტოს, კუნძულ უაითზე ჩატარებულ ფესტივალზეა გადაღებული. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული