Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომს. 

2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიცია

20. Eminem - Kamikaze

2017 წლის ლაფსუსის შემდეგ, რომელიც თავად ემინემმაც აღიარა, რეპერმა მიუჩვეველი კრიტიკის ობიექტად ყოფნა დიდხანს არ ისურვა და Revival-ის გავრცელებიდან 7 თვეში კიდევ ერთი ალბომი Kamikaze შემოგვთავაზა. მუსიკოსმა ჩანაწერი გაყიდვაში დაანონსების გარეშე ჩაუშვა, თუმცა, გამოცდილი მსმენელი ამას არ შეჭამს. პროექტის მსგავსი ხერხით გავრცელება ხომ უკვე დიდი ხანია პრომოუშენის აპრობირებული ფორმაა, რომელსაც არაერთი ჰიპ ჰოპ არტისტი მიმართავს.

ლირიკით მარშალ მეზერსის დაჯაბნა წარმოუდგენელია, ის მონსტრია და მის საშემსრულებლო ოსტატობას საზღვრები არ აქვს. ემინემის სიტყვათა მარაგი და მათი თამაში იმდენად უცხო და ხშირია, სხვა არტისტების მთლიან შემოქმედებაშიც რომ ვერ გადავაწყდებით. რეპერს იმასაც ვსაყვედურობდით, რომ ახალ სკოლასთან ადაპტაცია ვერ შეძლო, მაგრამ ემინემმა ნათლად დაგვანახა - ის თავადაა ახალი სკოლა. ამას ეს ალბომიც მოწმობს.

მარტივად გასარითმი თრეფ ბითების მოკვლა დეტროიტელი მუსიკოსისთვის უმარტივესი საქმეა და ყველა ვთანხმდებით, რომ ის მართლაც რეპის ღმერთია, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? ეს ყველაფერი მან ხომ დაახლოებით 15 წლის წინ გაცილებით უკეთ გააკეთა და ამაზე დავაც არ ღირს. ალბომის მოსმენის შემდეგ ჰიპ ჰოპის არაერთ მოყვარულს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ემინემმა Kamikadze მისი სიდიადის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად ჩაწერა. აქვს კი რეპერს რაიმე დასამტკიცებელი? რა საჭიროა ამისთვის ახალი ალბომის ჩაწერა? ჩვენ ისედაც არ გვეპარება ეჭვი მის გენიალურობაში და თუ მუსიკოსმა იფიქრა, რომ გაცუდებული Revival მის სახელს დიდებას ჩამორეცხავდა, ძალიან შემცდარა. მის ასეთ "გულშემატკივრებზე" დროის დაკარგვა მითუმეტეს არ ღირდა.

უსმენ ნამუშევარს და გრძნობ, რომ ეს ყველაფერი თითიდანაა გამოწოვილი. ტრამპის კრიტიკა იმავე ემინემისგან 2017 წლის Bet Awards-ზეც მოვისმინეთ. რეპერი წლების წინ მომხდარ ამბავსაც იხსენებს და მასზე ორჯერ უმცროს არტისტს, Machine Gun Kelly-ს დისავს. სხვა ცნობილი კოლეგების დამცირების პარალელურად, სლიმ შეიდიმ თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი მარგალიტის, Tyler, The Creator-ის მიერ Revival-ის მისამართით გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც ვეტერანის მიმართ პატივისცემა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა, სიტყვა "პედერასტით" შეამკო. მართალია, რამდენიმე დღეში დეტროიტელმა ემსიმ ამის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ემინემი კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ბუზღუნა ბიძიას, რომელიც მუდამ გაბრაზებულია, თუმცა, ამის მიზეზს თავადაც ვერ ხვდება.

შესაძლოა, მარშალი თავისივე თავის მსხვერპლია. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ის საკუთარი თავის ერთადერთი კონკურენტია. ყოველი ახალი ნამუშევრით შემსრულებელი რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს გვიქმნის და ეს მისი ბრალია! ის ეპოქალური არტისტია და სწორედ ამ მიზეზით მისი შემოქმედების შეფასების კრიტერიუმები გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კარგი მუსიკოსის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ემინემის Kamikadze ჩვენი სიის მეოცე პოზიციაზეა.

მოუსმინეთ ალბომს

19. XXXTentacion - ?

ცხონებული ექს ექს ექს ტენტასიონი უცნაური არტისტი იყო. მისი შემოქმედება როგორც თანამედროვე ჰიპ ჰოპის, ისე პოპის, როკისა და მეტალის ელემენტებსაც კი მოიცავდა. ჯასეი ონფროიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს, თინეიჯერულ ასაკში დაიწყო და ნაადრევ გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

რეპერის სადებიუტო ალბომი "17" მისი ადრეული რელიზებისგან განსხვავდებოდა. ექსის შემოქმედება ნელ-ნელა საუნდქლაუდ რეპს სცდებოდა, იხვეწებოდა და მისი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო ღრმა შინაარსითაც გამოირჩეოდა. ჯასეის ნამუშევრებიდან აშკარა იყო, რომ მუსიკოსს დეპრესიასთან გამკლავება უჭირდა, თუმცა, ტენტასიონს სხვა პრობლემებიც არ აკლდა, რომელთა შორის ორსულ მეგობარ გოგონაზე ძალადობა ყველაზე შოკისმომგვრელია. მის პიროვნებასა და შემოქმედებას შორის ნელ-ნელა უფსკრული ჩნდებოდა.

სიკვდილის წინა პერიოდში ექსი აქტიურად ცდილობდა წარსული შეცდომების გამოსწორებას. თაყვანისმცემლებს პირობაც კი მისცა, რომ პიროვნულად გაიზრდებოდა. დასახული მიზნის მიღწევა მან სამი ალბომის გამოშვებით გადაწყვიტა. არტისტის სიცოცხლეში გამოცემული ბოლო სტუდიური ჩანაწერი "?" სწორედ ამ ტრილოგიის პირველი ნაწილია. ის მუსიკოსისთვის დამახასიათებელი სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა - ჰევი მეტალის ელემენტებით გაჟღენთილ კომპოზიციას Floor 555 პოპ-როკ ჟღერადობის სიმღერა Numb ენაცვლება და ა.შ. 

ამ ალბომში ტენტასიონი ყველაზე ნათლად აჩვენებს საკუთარ ნიჭსა და პოტენციალს, რომელიც ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის ტრადიციულ ფარგლებს სცდება. მასში შესულ ნამუშევრებში ის არ ცდილობს,  მოექცეს არსებულ ჩარჩოებში და გახდეს ის, რაც ბუნებრივად არ არის. სიმბოლურია, რომ ჟანრობრივად საკმაოდ დამაბნეველ ალბომს რეპერმა სახელად სწორედ კითხვის ნიშანი შეურჩია. ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსი მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა იყო, რომელიც 2018 წელს ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ძალზე მკაფიოდ და ხმამაღლა ისმოდა.

მოუსმინეთ ალბომს

18. Nicki Minaj - Queen

ნიკის პრესტიჟი პირველად დადგა საფრთხის წინაშე. ჟანრის თაყვანისმცემლებს ახალი ფავორიტი ჰყავთ ქარდი ბის სახით, ის კი ცალსახად დომინანტი ქალი რეპერი აღარ გახლავთ და წარმატებაც გარანტირებული არ აქვს. იქნებ სწორედ ესაა მიზეზი, რომ Queen მინაჟის ის ალბომია, რომელშიც არტისტი ჰიპ ჰოპზე ყველაზე მეტადაა ორიენტირებული. ჰიტად ქცეული Anaconda-ს ჟღერადობა რეპერმა გვერდზე გადადო და ფესვებს დაუბრუნდა. კარიერის საწყის ეტაპს, როდესაც თინეიჯერი ნიკი ლილ უეინმა ნიუ იორკის ერთ-ერთ ქუჩაში ფრისტაილის კითხვისას შეამჩნია.

ლოგიკურია, რომ ქარდი ბის გადამკიდე, ნიკის კიდევ უფრო ხმამაღლა უწევს ჟანრში მისი დამსახურებებისა და გავლენის ხაზგასმა. ამის საუკეთესო დასტური Barbie Dreams გახლავთ. ტრეკი, რომელიც ლეგენდარული ნოტორიუს ბიაიჯის ჩანაწერს Just Playing (Dreams) ეხმაურება. ამ ნამუშევარში ნიუ იორკელი რეპერი ცინიზმით სავსე ლაინებით ისეთ გავლენიან კოლეგებს ამცირებს, როგორებიც არიან: 50 სენტი, მიქ მილი, ლილ უზი ვერტი, ქუავო, ლილ უეინი, ვაიჯი, იანგ თაგი თუ გეიმი. მართალია, კომპოზიციის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ნიკიმ ყველაფერს ხუმრობა უწოდა, მაგრამ არც ამ განცხადებამდე და არც შემდეგ, ტრეკში მოხსენიებულ არცერთ შემსრულებელს მინაჟისთვის პასუხი არ დაუბრუნებია და ეს მის მიმართ უდიდესი პატივისცემის ნიშანია.

გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ნიკის საკუთარი შემოქმედება პოპ ჟღერადობისკენ რომ არ წაეყვანა, მისი კომერციალიზაცია არ მოეხდინა და ისეთი ვერსების წერა გაეგრძელებინა, როგორიც, მაგალითად, ქანიე ვესთის Monster-ში აქვს, ან თუნდაც რეჩიტატივის იმგვარი კითხვა ექცია ჩვეულებად, რომლითაც Lookin Ass-ში იწონებს თავს. თუ ეს ასეა, მოუსმინეთ Queen-ს და ის თქვენთვის გამორჩეული ალბომი გახდება.

თუმცა, არც ისეა საქმე, მსმენელმა მსუბუქი, ჰარმონიული კომპოზიციებით ვერ შეძლოს სიამოვნების მიღება. ნიკის წინა სამ ალბომთან შედარებით, Queen მისი ყველაზე მრავალფეროვანი და სრულყოფილი პროექტია. სწორედ ამის გამო ვერ ავუარეთ გვერდი ჩვენს სიაში თანამედროვე ჰიპ ჰოპის "დედოფლის" ამავე სახელწოდების ჩანაწერს.

მოუსმინეთ ალბომს

17. Cardi B - Invasion of Privacy

ყოფილი სტრიპტიზიორი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქარდი ბი თანამედროვე ამერიკული ოცნების განსახიერებაა. რეპერი, რომელმაც სადებიუტო ალბომით მასთან დაკავშირებით შექმნილ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამას გრემის 5 ნომინაციაც მოწმობს.

Invasion оf Privacy-ში ქარდი ბი შეუპოვრად ინტიმურია და საკუთარ შეცდომებზე საუბრის არ რცხვენია. არტისტის რითმები ერთდროულად სასაცილოცაა და ჭკვიანურიც. თუმცა, ალბომის მთავარი ღირსება მისი მუსიკალური მრავალფეროვნებაა. ჩანაწერში ერთმანეთს ლათინური თრეფი, დაუნტემპო სიმღერა და პოპ ჰიტი ენაცვლებიან. სწორედ აქ ჩანს ქარდის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი.

ალბომის პირველივე ტრეკში Get Up 10 ხანგრძლივ შესავალს ვხვდებით, რომელშიც ქარდი მსუბუქი მელოდიის ფონზე გვიყვება, ვისთან გვაქვს საქმე. ერთი შეხედვით მორიგი პოპ არტისტი, რომელიც წარმატებას მხოლოდ სექსუალურობის ხარჯზე აღწევს, თავის ფლოუს ყელზე სტილეტოს ქუსლივით გაბჯენს. გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალი სტრიპტიზიორი ენაკვიმატია და სიტყვებით თამაშიც ეხერხება, თუმცა, მდიდარი ლექსიკის გარდა, ქარდი ბი მანერული ხმის ტემბრითა და დასამახსოვრებელი აქცენტითაც გამოირჩევა. შეიძლება, მისი პერსონა ან ჟღერადობა არ მოგწონდეთ, მაგრამ რეპერის ისტორია ხომ სწორედ ისეთია, როგორსაც ჟანრის ორთოდოქსი მსმენელი გეტოდან გამოსული არტისტისგან ელოდება. ეს ალბომიც ცხრაჯერ დაცემულ და ათჯერ ფეხზე წამომდგარ ქალზე მოგვითხრობს. 

ქარდი ბი 21-ე საუკუნის ბრონქსელი კონკიაა, რომელიც კრიტიკოსების ფანებად გარდაქმნისთვის კომპრომისზე არასდროს წავა. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ყალბი მხოლოდ მკერდია, სხვა ყველაფერი კი ნამდვილი.

მოუსმინეთ ალბომს

16. Anderson .Paak - Oxnard

ანდერსონ ფექი ამ ალბომში 1990-იანი წლების კალიფორნიული საუნდის თანამედროვე ვერსიას გვთავაზობს. მას შეგვიძლია 21-ე საუკუნის ჯი-ფანკი ვუწოდოთ, რომელიც განგსტერულ თემატიკას დიდ ყურადღებას აღარ უთმობს და სანაცვლოდ მუსიკალურ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. ამ ყველაფერს კი ხელი დოქტორ დრემ შეუწყო, რომელიც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია.

Oxnard-ში ფექი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული წარმომადგენელია. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ მუსიკოსს თანაბარი წარმატებით შეუძლია იმღეროს, წაიკითხოს რეჩიტატივი და დაუკრას დასარტყამ ინსტრუმენტებზე. სწორედ ასე ქმნის არტისტი განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო ემოციების ნაზავს, რომელიც ამ სტუდიური ნამუშევრისთვისაა დამახასიათებელი. 

ალბომი მუსიკალურადაც საკმაოდ მდიდარია. მასში შემავალი კომპოზიციების ინსტრუმენტალი კომპლექსური და ინტენსიურია, მაგრამ ასეთი, ერთი შეხედვით, გადატვირთული ჟღერადობის მიუხედავად, ანდერსონი მაინც ახერხებს საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. ჩანაწერის პირველი ტრეკები ლოს ანჯელესური ფანკით საზრდოობს, თუმცა, თანდათან ფექი დოქტორ დრესთვის დამახასიათებელ ჰიტ ბითებზე გადადის და სიმღერის ნაცვლად უკვე სრულფასოვან რეჩიტატივებს გვთავაზობს. 

ფანკისა და რეპის გადაკვეთაზე შექმნილი Oxnard, შესაძლოა, არ არის ამ უნიჭიერესი არტისტის საუკეთესო ნამუშევარი, მაგრამ ის უდაოდ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერია. 

მოუსმინეთ ალბომს

15. JPEGMAFIA - Veteran 

მერილენდის შტატისა და მისი მთავარი ქალაქის, ბალტიმორის გაგონებისას პირველი, ალბათ, HBO-ს ეპოქალური ტელესერიალი The Wire გაგახსენდებათ. ამ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში ჰიპ ჰოპს წამყვანი პოზიციები არასდროს ეკავა, თუმცა, ბოლო წლებში ეს ისეთი არტისტების დამსახურებით იცვლება, როგორებიც არიან GoldLink და ახლა უკვე JPEGMAFIA.

ბერინგტონ ჰენდრიქსი, სასცენო სახელით JPEGMAFIA, იგივე ფეგი, ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ არტისტია, რომლის ხელწერაც "ვუ-თენგ კლანის" ლეგენდარულ წევრს Ol’ Dirty Bastard-ს გვახსენებს. ამ მსგავსებას ალბომის გარეკანი და ჩანაწერში გამოყენებული ვოკალის უცნაური სემპლები ამძაფრებს, რომლებიც ოლ დერთი ბასთარდის პირდაპირი ხელწერაა. ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი კომიკური, ხანდახან ცინიკური მიდგომითაც კი ფეგი საკუთარ შემოქმედებაში პოლიტიკურ მესიჯებს გაცვეთილი კლიშეების გარეშე აჟღერებს.

ალბომის პირველი ტრეკის მოსმენისას იქმნება განცდა, რომ მსმენელს ჩანაწერის ჟღერადობის გამოცნობა შეუძლია. მართლაც, 1539 N. Calvert ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტრუქტურით ხასიათდება, მაგრამ სამი წუთის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად იცვლება. აჩეხილი ბითები, ინსტრუმენტალს მოწყვეტილი რეჩიტატივი და ნოიზისთვის დამახასიათებელი ხმები ჩვეული მოვლენა ხდება და აქედან მოყოლებული მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ ვხვდებით მარტივად აღსაქმელ საუნდს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, Veteran საკმაოდ მელოდიურია. 

ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეპერებისგან ბერინგტონ ჰენდრიქსი არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ცხოვრების სტილითაც განსხვავდება. მუსიკალური კარიერის დაწყებამდე მან 4 წელი აშშ-ის არმიაში იმსახურა. ის თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანდერგრაუნდ არტისტია, რომელიც წარმატებით ახერხებს, ლოუ-ფაი ჟღერადობა საინტერესო გახადოს. 

მოუსმინეთ ალბომს

14. Black Thought - Streams of Thought, Vol. 2: Traxploitation

ლეგენდარული The Roots-ის ფრონტმენს, ბლექ თოთს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ეს, ერთი შეხედვით, ბენდის წარმატებაში ჩაკარგული ემსი ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკოსია. თუმცა, აქამდე არტისტის შემოქმედებაში არ არსებობდა სათანადო სოლო ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ მისი შესაძლებლობების წარმოჩენაზე იქნებოდა ორიენტირებული.

სოლო რელიზების Streams of Thought მეორე ნაწილი ნათლად ამტკიცებს იმას, რაც ჰიპ ჰოპის ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის - რეჩიტატივის კითხვაში თარიქ ტროტერს ბადალი არ ჰყავს. მის შესრულებას ფონად ლეგენდარული პროდიუსერის, სალაამ რემის ინსტრუმენტალი დაჰყვება, რომელიც რეპერს ლაივ დრამებით, გიტარის რიფებითა და სოულის ელემენტებით ამარაგებს. თავის მხრივ, ემსი იმ საჭირბოროტო საკითხებს ეხმიანება, რომლებიც თანამედროვე ამერიკელებს აწუხებთ. თუმცა, ბლექ თოთის ლირიკაში ვერ შეხვდებით ბანალურ კლიშეებსა და ხელოვნურად პოლიტიზებულ აზრებს. ძალიან ხშირად, არტისტის შესრულება იმპროვიზაციას გვაგონებს, რაც მხოლოდ მის უდიდეს ტალანტზე მეტყველებს.

ამ ყველაფერს ბლექ თოთი 9 ტრეკის განმავლობაში ძალზე საინტერესოდ აკეთებს და მსმენელის ყურადღებას არ კარგავს. თანამედროვე სამყაროში, სადაც თრეფ ჟღერადობა და უაზრო რითმები მეინსტრიმის ნაწილია, ორი გენიოსის კოლაბორაციული ნამუშევარი რელევანტურობას ინარჩუნებს. კლასიკური ჰიპ ჰოპი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

მოუსმინეთ ალბომს

13. Meek Mill - Championships

მიკ მილი კარიერის საუკეთესო ეტაპზეა. ის ახლა უფრო მაღლა დგას ვიდრე ოდესმე. მან ხომ აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ გაილაშქრა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი სიმართლე დაიცვა. ნარკოტიკების გასაღებისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დაკავებული მილზი საერთო ჯამში 11 წლის განმავლობაში იხდიდა პირობით სასჯელს. შარშან ნოემბერში პრობაციის რეჟიმის დარღვევის გამო რეპერს ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენის გამო, 5 თვეში ის ციხიდან გაათავისუფლეს. Championships მიკ მილმა სწორედ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გაავრცელა. "მე გამიმართლა, მაგრამ მე იშვიათი გამონაკლისი ვარ. დღესავით ნათელია, რომ უამრავი ფერადკანიანი უსამართლოდ იჩაგრება სასამართლო სისტემისგან", - განაცხადა არტისტმა. 

რიგითი აფროამერიკელი მკაცრი ამერიკული კანონმდებლობის წინააღმდეგ - სწორედ ეს არის ამ ნამუშევრის მთავარი სათქმელი. ალბომის ინტროშივე მიკი თინეიჯერობის ასაკს იხსენებს, კითხვის ჩვეული, აგრესიული მანერით აღწერს მის იმდროინდელ აუტანელ ყოფას და ამბობს, რომ ნამდვილი თავისუფლების გემო მხოლოდ ახლა შეიგრძნო. ფილადელფიელი შემსრულებელი წარსულში დაშვებულ შეცდომებს აღიარებს, მაგრამ ისიც ყურადსაღებია, რომ მას მრჩეველი არასდროს ჰყოლია. გეტოში ხომ ყველა საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის და არავის ნდობა შეიძლება. ვერსის ბოლოს რეპერი ქანიე ვესთს მიმართავს, ნუთუ, ეს ყველაფერი არჩევანია? გახსოვთ, ალბათ, ჩიკაგოელმა არტისტმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში მონობას აფრამერიკელთა არჩევანი უწოდა. ქანიე შეცდა, მოზარდი მიკ მილი არჩევანის წინაშე არასდროს დაუყენებიათ.

იმის მიუხედავად, რომ სტუდიურ ნამუშევარში ჯეი ზის, რიკ როსის, ქარდი ბისა და სხვა არტისტების მოსმენაა შესაძლებელი, მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი დრეიქის გამოჩენამ გამოიწვია. კოლეგებმა, რომლებსაც 2016 წლის შემდეგ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, კომპოზიციაზე Going Bad ითანამშრომლეს და თაყვანისმცემლებს მათი წინა კოლაბორაციული ტრეკის R.I.C.O. მსგავსი ჟღერადობის კიდევ ერთი ჩანაწერი შესთავაზეს. 

ალბომი დახუნძლულია კლასიკური ჰიპ ჰოპ კომპოზიციების სემპლებით, ის საოცრად ენერგიულია და ბაუნსის გარეშე მისი მოსმენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ თქვენ მარტივად აღსაქმელი ვერსების მოყვარული ხართ, რომლებიც ნათლად გამოხატავენ არტისტის სათქმელს, Championships ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია, რომელსაც წელს დააგემოვნებთ. 

მოუსმინეთ ალბომს

12. Curren$y, Freddie Gibbs & The Alchemist - Fetti

ალბომის დასახელება Fetti სლენგზე ფულს ნიშნავს. მისი შოვნის გზები განსხვავებულია, მაგრამ როდესაც საქმე რეპერებთან გვაქვს, არცთუ იშვიათად ეს გზა ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა გახლავთ. ალქემისთის საოცრად მსუბუქ, მელოდიურ ბითებზე ქარენსიმ და ფრედიმ არაჩვეულებრივი სინთეზი  შემოგვთავაზეს. დაახლოებით ისეთი, ჩავის და ინიესტას რომ ჰქონდათ ბარსაში. კომპოზიცია The Blow ამის საუკეთესო მაგალითია. გენგსთა გიბსი ინდიანის ქუჩებში გადარჩენის ერთადერთ გზაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე გვიყვება მაშინ, როდესაც ქარენსი თავის ვერსში ამავე საქმიანობით ნაშოვნი ფულით ნაყიდ ძვირფას კოსტიუმშია გამოწყობილი და ცხოვრებით ტკბება.

ფრედის თქმით, კოლეგებმა ნამუშევარზე სულ რაღაც ორი დღე დახარჯეს, რაც ავტომატურად ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ მოკლე დროში მხოლოდ მარტივად საკეთებელი თრეფი იწერება. ალბომი სავსეა მეტაფორებითა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიებით. სოლო ტრეკს Willie Lloyd ფრედიმ სახელი 50-იან წლებში მოქმედი ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის პატივსაცემად დაარქვა. საკუთარი "წარმატებების" შესახებ სიამაყით მოყოლისას, რეპერი ჩანაწერში სწორედ მის ცხოვრებასთან ავლებს პარალელს. კომპოზიციაში Now & Later Gators კი გიბსი თავის განგსტერულ ამბიციებზე მივიწყებული ხერხით, არენბი ჟღერადობით გვესაუბრება, როგორც ამას თავის დროზე ლეგენდარულმა ნეით დოგმა მიგვაჩვია.

ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Tapatio გახლავთ. შინაარსობრივად ჩანაწერი სხვებისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მასში მსმენელი ე.წ. ლაქშერი ჰიპ ჰოპს შეხვდება. თუმცა, ამ ტრეკის მთავარი გამოწვევა მაინც თრეფია. დააკვირდით ფრედი გიბსის ედლიბებით გაფორმებულ თრეფ ფლოუს, რომელსაც ფონად ალქემისთის ღრმა, 70-იანი წლების სოულის ელემენტებით გაჯერებული ბითი გასდევს. ამ შემთხვევაში მუსიკოსმა სხვისი წესებით ითამაშა, თუმცა, გამარჯვებული მაინც თვითონ დარჩა.

ეს ალბომიც კლასიკური ჰიპ ჰოპის მსმენელის გამარჯვებაა. Fetti მსხვილი ლეიბლებისგან დამოუკიდებელი არტისტების მიერ შექმნილი მუსიკის საუკეთესო ნიმუშია. წლების შემდეგ ის ისეთივე ღირებული იქნება, როგორც, მაგალითისთვის, იმავე ფრედი გიბსისა და მედლიბის ერთობლივი ჩანაწერი Pinata გახლავთ.

მოუსმინეთ ალბომს

11. Jay Rock - Redemption

2016 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა, როდესაც კალიფორნიელი რეპერი მოტოციკლიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ჩვენი სიის მე-11 პოზიციაზე განლაგებული ალბომის კარმაა. სწორედ იმ დღეს ჯეი როქი ქენდრიქ ლამართან ერთად გრემის დაჯილდოებაზე დასწრებას აპირებდა იმისთვის, რათა ფართო საზოგადოების მხრიდან პირველი სერიოზული აღიარებით დამტკბარიყო. მუსიკოსი, რომელმაც ქენდრიქის კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ საკუთარი ვერაფრით აიწყო, ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებული დაგვიბრუნდა. "თუ სიკვდილის მოტყუება გამარჯვებაა, ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავება ნამდვილი ტრიუმფია", - რეპავს ჯეი.

ალბომის პირველივე ტრეკით როქი ეჭვის ქვეშ აყენებს ლეგენდარული კოლეგის, აის თის ცნობილ გამონათქვამს იმის შესახებ, რომ გენგსთა რეპი მკვდარია და მისი უკანასკნელი წარმომადგენელი 50 სენტი იყო. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ჯეი სწორედ ის გენგსთა რეპერია, რომლის ადგილზე ყოფნასაც დიდი ხანია, უშედეგოდ ლამობს ტეკაში სიქსნაინი. 

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ალბათ მაინც წამყვანი ლეიბლის, TDE-ის უხუცესი წარმომადგენელი, რომელიც გაერთიანების სხვა წევრებისთვის უფროსი ძმასავითაა, ყურსასმენებში ყოველგვარი რიდის გარეშე, ბენგერი თრეფ ბითით გვივარდება და ყალბ კოლეგებს მიმართავს: "თუ მართლა განგსტერი ხარ, მითხარი, ბოლო მსხვერპლი როდის მოკალი". გაჭირვება და ახლა უკვე იმ წარმატებით ტკბობა, რომელიც სწორედ მისი ადრეული გაჭირვების გამოძახილია - კრიმინალურ უბანში გაზრდილი რეპერი თავის სამეზობლოზე გვიყვება, სადაც არასდროს იყო იმის გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაგრამ მან გაიმარჯვა. გაიმარჯვა და მერე როგორ. აი, დაახლოებით ისე, კომპოზიციაში Win რომ აღგვიწერს - გამარჯვება ნებისმიერ ფასად!

"მოკალი ან მოგკლავენ" სწორედ ამ პრინციპით მოუწია არტისტს ცხოვრება. ჯეი ქოულის მონაწილეობით შექმნილ ტრეკში OSOM გაჟღერებული ფრაზა "სანამ ჩემ გზას გადაკვეთ, ორივე მხარეს გაიხედე, რადგან მე შეიძლება მოგკლა" მხოლოდ მუქარა არაა. სწორედ ასე მოუწია ცხოვრება როქს წარმატების მისაღწევად. არადა, გვახსოვს ჯერ კიდევ 2000-იანებში, როდესაც მუსიკოსი კარიერას იწყობდა, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეპერი, ლილ უეინი ჰყავდა ფიტში, თვითონ კი საოცნებო, დოქტორ დრეს ლეიბლზე Interscope აღმოჩნდა. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაშინ ახალგაზრდა შემსრულებელმა ვერ გაისროლა. თითქმის 10 წლის შემდეგ კი ჯეი როქის 2 ტრეკი გრემის დაჯილდოების ნომინანტია. 

მოუსმინეთ ალბომს

10. Mick Jenkins - Pieces of a Man

ჩიკაგოელი რეპერის მეორე სტუდიური ალბომის სახელწოდება ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, ჯილ სკოტ-ჰერონის შემოქმედებიდანაა ნასესხები. მიკ ჯენკინსის ეს ნამუშევარი სწორედ ამ სოულისა და ჯაზის უბადლო შემსრულებლის მუსიკითა და პოეზიითაა გაჟღენთილი.

ჯენკინსის შემოქმედება კონცეპტუალური ალბომებით ხასიათდება, რომლებიც ერთ თემატურ ხაზს მისდევენ. მისი სადებიუტო ალბომი The Healing Component ძირითადად აშშ-ში არსებულ სოციალურ პრობლემებს ეხებოდა და მათდამი არტისტის დამოკიდებულებას დეტალურად გვაცნობდა. Pieces of a Man შედარებით უფრო პირადული ალბომია და რეპერის პიროვნულ თვისებებსა და ხასიათზე მოგვითხრობს. ამ ნამუშევარში მიკი თითოეული ტრეკის მეშვეობით საკუთარი თავის უკეთ გაცნობას ცდილობს. ყოველი კომპოზიცია მისი პიროვნების ცალკეული ნაწილია.

დეტროიტელი ბლექ მილქი თავისი ფროდაქშენით ალბომის ორ ტრეკშია წარმოდგენილი, რომელთაგან Gwendolynns Apprehension ორღანის ხმებითა და თითქმის შეუმჩნეველი ელექტრონული ინსტრუმენტებით გამოირჩევა. ქეითრანადა კომპოზიციაზე Padded Locks მუშაობდა, რომელშიც მონაწილეობა "ვუ-თენგის" გოუსთფეის ქილამ მიიღო. კანადური ტრიო BadBadNotGood კი ჯენკინსს ალბომის დასკვნით ჩანაწერში Smoking Song უერთდება, რომელშიც მუსიკოსები დაუვიწყარ ჟღერადობას გვთავაზობენ.

ჩიკაგოს მუსიკალური სცენა ძალიან მრავალფეროვანია. ჯენკინსისთვის მშობლიური ქალაქის სამხრეთ ნაწილში დრილი მეფობს, რომელიც აგრესიული ბითებითა და ნიჰილისტური თემატიკით ხასიათდება. თუმცა, რეპერი რადიკალურად განსხვავებულ კულტურას წარმოადგენს. Pieces of a Man არ გამოირჩევა ჰიტებით, რომლებსაც რადიოში ან კლუბში მოისმენთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ამ ნამუშევარს პირველი მოსმენის შემდეგ არაერთხელ მიუბრუნდებით.

მოუსმინეთ ალბომს

9. Denzel Curry - TA13OO

პირველი დასკვნა, რომელიც დენზელ ქარის ამ ალბომის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ერთ დროს ე.წ. საუნდქლაუდ რეპერად მიჩნეული არტისტის შემოქმედება თანამედროვე ჰიპ ჰოპის ამ მიმდინარეობას აღარ მიეკუთვნება. ჩანაწერში არ გხვდება ტექნოლოგიების განვითარებასა და სოციალური მედიის გავრცელებასთან ერთად გაჩენილი ჟანრისთვის დამახასიათებელი ლოუ-ფაი ჟღერადობა და უხარისხო ფროდაქშენი. TA1300 მუსიკალურად დახვეწილი და ტექნიკურად გამართული ნამუშევარია.

დენზელი ახლიდან დაიბადა. დღეს ის სხვა არტისტია. მისი, როგორც ხელოვანის ზრდა უნიკალურია. ქარის ფლოუზე, ხმის ტებრსა და რეპისთვის საჭირო სხვა უნარ-ჩვევებზე შეჩერება დროის კარგვაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია კომპოზიციას Switch It Up მოუსმინოთ. ნუთუ ეს დენზელია? ის საკუთარ თავსაც სწორედ ამ კითხვას უსვამს. იმ განსხვავებით, რომ რეპერის ხმაში ირონია იგრძნობა. მუსიკოსი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სწორედ ეს არის მისი წარმატების გასაღები.

გოსპელ ჟღერადობითა და რეგეისთვის დამახასიათებელი რიტმიკით გაჟღენთილი ალბომი კონცეპტუალურად სამ ნაწილად არის დაყოფილი და ავტორის სამ განსხვავებულ ემოციურ მდგომარეობას აღწერს. დენზელი ძმის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე მოგვითხრობს, რომელსაც მასავით სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უზიარებს. ამ ერთგვარი ემოციური კათარზისის წარმოჩენას მუსიკოსი არა მხოლოდ ნამუშევრის ინსტრუმენტული ნაწილით, არამედ ტექსტის კითხვის მანერითა და სახასიათო ვოკალით ახერხებს. 

დენზელმა საკუთარი თავი ახლიდან გამოიგონა და ახლა მას პირველობა სურს. ის ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელსაც ჟანრის სრულყოფისა და ყველა დროის საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტობის პრეტენზია აქვს. დასაწყისი კი მუსიკოსის ამბიციის შესაბამისია. 

მოუსმინეთ ალბომს

8. Vince Staples - FM!

სამხრეთ კალიფორნია მუდმივად მზიანი ამინდისა და ოქროსფერი ქვიშით მოფენილი სანაპიროს წყალობით დაუსრულებელი ზაფხულის, გართობისა და დასვენების სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ქალაქ ლონგ ბიჩის მკვიდრი ვინს სთეიფლზი მშობლიურ შტატზე განსხვავებულ ისტორიებს გვიყვება.

მისი ალბომი FM! ერთგვარ კოგნიტურ დისონანსს იწვევს. მაღალტემპიანი, ერთი შეხედვით, საკლუბო ბითების ფონზე არტისტი არსებულ საფრთხეებსა და ხანგრძლივი ზაფხულის მყისიერად დასრულების შემთხვევებზე მოგვითხრობს. სტუდიური ნამუშევრის 11 ტრეკი ვინსის ყოველდღიურობას ასახავს. ის ჩვეული საქმეებითაა დაკავებული, ცალი თვალი მუდამ გართობაზე უჭირავს, მაგრამ მის გარშემო ყოველდღე ვიღაცას კლავენ. მზე და ზაფხული ახალგაზრდების მხიარულ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს, თუმცა, წვეულება პირველივე გასროლისას მთავრდება, - აცხადებს რეპერი ალბომის გამხსნელ კომპოზიციაში Feels Like Summer

უეცარი დასასრულის განცდას სთეიფლზის მეგობრების, ერლ სვითშერთისა და თაიგას მოკლემეტრაჟიანი ტრეკებიც ამძაფრებენ. ისინი ისევე არიან დასათაურებული, როგორც მუსიკოსების ახალი კომპოზიციები, რაც ერთგულ მსმენელში მოლოდინს ქმნის, თუმცა, სულ ტყუილად - მათი ქრონომეტრაჟი მხოლოდ რამდენიმე ათეული წამია. მათ გარდა მოწვეულ არტისტად ალბომში ჯეი როქი გვევლინება, რომლისთვისაც ვინსის შემოქმედების თემატიკა ძალზე ახლოა.

სამხრეთ კალიფორნიაში მუდამ კარგი ამინდია და იქ არა ზაფხული, არამედ ახალგაზრდების სიცოცხლე მთავრდება - სწორედ ეს არის ამ ალბომის კონცეფცია. სთეიფლზი შავი იუმორისა და ზუსტად ჩამოყალიბებული მუსიკალური ხედვის მეშვეობით ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და ქარიზმატული არტისტის სტატუსს ამყარებს.

მოუსმინეთ ალბომს

7. Travis Scott - Astroworld

ტრევის სკოტის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Astroworld მისი საუკეთესო ნამუშევარია. აშკარაა, რომ არტისტს თავისი ხედვა კარგად აქვს ჩამოყალიბებული და საკუთარი იდეების განსახორციელებლად კოლეგების შემოქმედების გამოყენებაც შეუძლია. ჩანაწერში უამრავი მოწვეული არტისტის ჩართულობა ყოველთვის პრობლემურია და მთავარი იდეის დაკარგვის საშიშროებას ქმნის, თუმცა, ამ სირთულეს ტრევისი უბადლოდ უმკლავდება.  

აღსანიშნავია, რომ არტისტმა ალბომში თავი ერთდროულად პოპ ვარსკვლავებს, ინდი მუსიკოსებსა და ახალბედა რეპერებს მოუყარა. დრეიქი, Tame Impala-ს ფრონტმენი კევინ პარკერი, ჯეიმს ბლეიქი, შექ ვესი იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Astroworld-ზე მუშაობდნენ. შედეგად, პროექტი მუსიკალურად ძალზე დეტალური და მრავალფეროვანია. ეს ყველაფერი იდეალურად აისახება ალბომის ერთ-ერთ მთავარ ტრეკზე Sicko Mode, რომლის ინსტრუმენტალიც ხუთწუთიანი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ოთხჯერ იცვლება.

კომპოზიცია Coffee Bean რადიკალურად განსხვავდება იმ ჟღერადობისგან, რაც ტრევის სკოტს ახასიათებს. დაუნტემპო, ჯაზის ელემენტებით შთაგონებული ჰიპ ჰოპ ბითი რეპერს თავისი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გულახდილად საუბრის საშუალებას აძლევს. ამ ალბომში ტრევისი ხშირად ახსენებს მშობლიურ ჰიუსტონს. თუმცა, მისი წარმომავლობა ჩანაწერის საუნდშიც იგრძნობა, ამ ქალაქის მუსიკალური კულტურიდან ნასესხები სემპლების წყალობით, რომლებიც არტისტს მრავლად აქვს გამოყენებული.

ტრევის სკოტს ყოველთვის თან ახლდა ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი, მაგრამ ამ ალბომით მუსიკოსმა მისი სახელის გარშემო არსებული ჰაიფის შესაფერისი ნამუშევარი შექმნა და თვით ყველაზე ჯიუტი სკეპტიკოსებიც კი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა. 

მოუსმინეთ ალბომს

6. J. Cole - KOD

ჯეი ქოულმა ეს ალბომი გამოსვლამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დააანონსა, მაგრამ ამის მიუხედავად მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დაბადებული და ჩრდილოეთ კაროლინაში გაზრდილი რეპერის თქმით, მასთან კოლაბორაციას ძალზე ცოტა არტისტი თუ იმსახურებს. სწორედ ამიტომ, 45-წუთიან ნამუშევარში მსმენელს მხოლოდ ქოული და მისი ალტერეგო kiLL edward ესაუბრებიან.

მუსიკოსის 2016 წლის ჩანაწერი 4 Your Eyez Only ძალზე პირადული ნამუშევარი იყო. მასში ქოული ახალშეძენილ შვილზე, მამობრივ ინსტინქტსა და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე გვიყვებოდა. KOD უფრო ზოგადი თემატიკით გამოირჩევა და სხვადასხვა სახის დამოკიდებულებებზე საუბრობს.

მავნე ჩვევები არასდროს ყოფილა ჯერმეინის შემოქმედების მთავარი თემა, მაგრამ მისთვის ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია Once an Addict ქოულის დედის ალკოჰოლიზმსა და ამით გამოწვეულ ბავშვობის ტრავმებს ეხება, Photograph კი ინსტაგრამითა და ფეისბუქით შეპყრობილ ადამიანებზე მოგვითხრობს. Kevin’s Heart-ის ინსპირაცია რეპერის დიდი ხნის მეგობარი, ამერიკელი კომიკოსი კევინ ჰარტია. ერთ საღამოს ჯეი კევინის პოსტს კითხულობდა, რომელშიც ეს უკანასკნელი თავის ორსულ ცოლს ღალატში საჯაროდ გამოუტყდა. ასე დაიბადა ტრეკის იდეა, რომელიც სექსით ზღვარგადასული გატაცების საფრთხეებზე მიგვითითებს.  

ნარკოტიკები, ფული, სოციალური მედია და ყურადღების დაუოკებელი წყურვილი ის საკითხებია, რომელთა შესახებ არტისტი საკუთარ აზრსა და გამოცდილებას გვიზიარებს. თუმცა მისი, ერთი შეხედვით, დამრიგებლური ტონის მიუხედავად, ქოული არასდროს ცდილობს, დადგეს მსმენელზე მაღლა, რის გამოც ავტორთან კავშირის შეგრძნებას მთელი ჩანაწერის განმავლობაში არ ვკარგავთ. KOD თანამედროვე ჰიპ ჰოპ ინდუსტრიას სარკის წინ აყენებს და აიძულებს, საკუთარ პრობლემებზე იფიქროს, რაც სასარგებლო, მაგრამ, როგორც წესი, არცთუ დაფასებული საქმეა. 

მოუსმინეთ ალბომს

5. Mac Miller - Swimming

თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტების შემოქმედებაში დეპრესიისა და აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების თემატიკას საკმაოდ ხშირად ვხვდებით, თუმცა, თითზეა ჩამოსათვლელი ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც მსგავს მდგომარეობაში მყოფი მსმენელის გამხნევება შეუძლიათ. მაკ მილერის ალბომი Swimming ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია. 

არტისტის ბოლო სტუდიური ნამუშევარი პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორებითაა შთაგონებული. ჩანაწერის ჟღერადობა მისი წინა ალბომის The Divine Feminine ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც მილერისა და არიანას ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობდა. თუმცა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა არტისტმა Swimming-ში თავისი შესაძლებლობების უფრო სრულფასოვნად გამოვლენა შეძლო.

ეპოქაში, რომელშიც რეპერებისთვის თითქოს აუცილებლობად იქცა პოლიტიკაზე საუბარი და ტრამპის კრიტიკა, მილერმა მსმენელთა ყურადღების მიპყრობა თავის ძალზე პირადული პრობლემების გაზიარებით გადაწყვიტა. ის შეყვარებულთან დაშორებასა და ამით გამოწვეული ტკივილის ნარკოტიკებით ჩახშობის მცდელობებზე გვესაუბრება. თუმცა, მის შემოქმედებაში ამ ყველაზე დეტალურ ალბომშიც კი არტისტი ზომიერებას არ კარგავს. გვიყვება მხოლოდ იმას, რისი ცოდნაც მისი ემოციების გასაგებადაა საჭირო.  

ნარკოდამოკიდებულება სახიფათოა და შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს - ჩანაწერის ერთ-ერთ კომპოზიციაში Self Care მაკ მილერი საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებაზე საუბრობდა, თუმცა, ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში 26 წლის მუსიკოსი ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა. Swimming-ის სახით კი ერთ დროს ზედაპირულ და არასერიოზულ, ე.წ. კოლეჯის რეპერად შერაცხულმა არტისტმა ჟანრისთვის სახასიათო კლასიკური ნამუშევარი დაგვიტოვა, რომელიც დროს გაუძლებს.

მოუსმინეთ ალბომს

4. Kids See Ghosts - Kids See Ghosts

მაკ მილერის ალბომისა და მისი უეცარი სიკვდილის ფონზე ქანიე ვესთისა და ქიდ ქადის ამ პროექტის რელევანტურობა, ვფიქრობთ, ეჭვს არ იწვევს. ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში, რომელსაც დღესაც კი აბსურდული მასკულინური სტერეოტიპები ახასიათებს, საკუთარ სისუსტეებსა და მენტალურ პრობლემებზე საუბრის ტრადიციას საფუძველი სწორედ ქანიემ და ქადიმ ჩაუყარეს, როდესაც 2008 წელს გავრცელებულ პირველ კოლაბორაციულ ნამუშევრებში მსგავს თემატიკას მიმართეს.

ბავშვები მოჩვენებებს ხედავენ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარი საქმის დიდოსტატები და ზრდასრული ადამიანები არიან. Kids See Ghosts ისევე, როგორც ორივე არტისტის ფსიქიკური მდგომარეობა, ერთგვარი კონტროლირებადი ქაოსია. ქანიეს მძვინვარე მანიასა და არეულ აზრებს ქადის მელანქოლია აბალანსებს. ეს უკანასკნელი ცდილობს,  საკუთარი მნიშვნელობა ამოიცნოს და დარწმუნდეს, რომ მის არსებობას აზრი აქვს. მისგან განსხვავებით, მაგრამ არა საპირისპიროდ, ქანიეს სურს ამ ამაოებაში კომფორტი იპოვოს.

ვესთი დღესაც იქ არის, სადაც ყოველთვის იყო - კიდეზე, საიდანაც ბევრი ვერ ბრუნდება. მის სახელთან დაკავშირებული სკანდალები არტისტისთვის სწორედ ის საფრთხეა, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეიწიროს კიდეც, თუმცა, ჟანრის საზღვრების ძიებისას გადაკარგული გენიოსი, რომელიც უკან Yeezus-ის მეშვეობით მობრუნდა, ქადისა და უპირობო გულახდილობის დახმარებით სახლისკენ მიმავალ გზას კიდევ ერთხელ პოულობს. პროცესში კი აზრები იფანტება და ურთიერთობები მთავრდება.

ქანიე და ქადი ერთად ყოველთვის უკეთესები არიან. ისინი ერთმანეთის შემოქმედებას სიღრმესა და შინაარსს მატებენ. Kids See Ghosts კი მათ კათარზისს აღწერს, რომელიც ისეთი არ არის, როგორიც გვინდა რომ იყოს.

მოუსმინეთ ალბომს

3. Lil Wayne - Tha Carter V

ლეგენდარულმა ნიუ ორლეანელმა არტისტმა ამ პროექტის მეხუთე ნაწილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაასრულა, თუმცა, მისი ცხოვრების შემდგომი პერიოდი ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულებით, გაუარესებული ჯანმრთელობით, არაერთი ჰოსპიტალიზაციითა და კოლეგა, მენტორ და ლეიბლ Cash Money-ის მფლობელ ბერდმენთან სასამართლო დავით აღინიშნა, რის გამოც Tha Carter V-ის გამოშვება დიდი დროით გადაიდო.

ყველაფრის მიუხედავად, ლილ უეინი შემოქმედებით აქტივობას არ ანელებდა, მაგრამ სამართლებრივი პრობლემების გამო არტისტი ინდუსტრიის მიღმა რჩებოდა. დავა წლობით გაიწელა, ალბომის გამოსვლის შანსები მცირდებოდა. ამ ყველაფერს 2016 წელს მომხდარი შემთხვევა დაემატა - უეინმა საკუთარი "ბუგატი ვეირონი" ისე გაყიდა, რომ პირადი ნივთები მანქანაში დატოვა. სწორედ ასე ჩაიგდო ხელში ავტომობილის ახალმა მფლობელმა ალბომის დასრულებული ვერსია. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ დროს პლანეტის საუკეთესო რეპერი ნამუშევრის გავრცელებას ვეღარ შეძლებდა.

ამ დროის განმავლობაში ჟანრში ტენდენციები შეიცვალა. უეინის ერთ დროს ინოვაციური სტილი მეინსტრიმად გადაიქცა. კოდეინი, სპრაიტი და რითმებზე ორიენტირებული უაზრო, ველური ფლოუ მოთხოვნადი გახდა. თუმცა, ეს ყველაფერი მისი ფუძემდებლის გარეშე კონტექსტისგან დაცლილ, ერთჯერადი მოხმარების მუსიკად იქცა.

ასეთ ფონზე Tha Carter V წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოდგა. მასში თანაბრად არის წარმოდგენილი სტუდიური ალბომების და მათგან სტილისტურად განსხვავებული მიქსტეიპების ლილ უეინი. ერთი მხიარულია, გართობაზე ფოკუსირებული და ლირიკულად ისეთი მოქნილი, როგორც არასდროს, მეორე უფრო მელანქოლიურია და საკუთარ სისუსტეებზეც ღიად საუბრობს. ასეთი მიდგომის საშუალებით, კარტერი იმ სტილის ჩემპიონად გვევლინება, რომელიც მსმენელებს პირველად სწორედ მან გაგვაცნო.

ლილ უეინის შემოქმედებაში წამყვანი ყოველთვის მისი ფლოუ იყო. ეს ამ ალბომშიც აშკარაა. თითქმის 90 წუთის განმავლობაში ემსი სრულ კონტროლს ინარჩუნებს და მისთვის დამახასიათებელ უცნაურობებს არ გვაკლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევრის ერთ-ერთი წამყვანი ტრეკი, ქენდიქ ლამართან ერთად ჩაწერილი Mona Lisa წლის საუკეთესო ვერსებს შეიცავს. არანაკლებ შთამბეჭდავია ალბომში შესული სხვა კომპოზიციებიც. უეინის, როგორც არტისტის გავლენა ჟანრზე ძალზე მასშტაბურია, Tha Carter V კი სწორედ ის ჩანაწერია, რომლითაც რეპერი მის მიერ უკვე მრავალჯერ დამტკიცებულ ლეგენდის სტატუსს კიდევ ერთხელ ამყარებს.

მოუსმინეთ ალბომს

2. Pusha T - Daytona 

ბრონქსელი ვეტერანი, რომელიც უკვე მესამე ათწლეულია საკუთარი ხელწერის ერთგული რჩება, კარიერის საუკეთესო ალბომს წერს. ქანიე ვესთის გადაწყვეტილებით, ნამუშევარი მხოლოდ 7 კომპოზიციას აერთიანებს, რამაც მეფე ფუშას კიდევ უფრო გაურთულა ჩანაწერის კონცეპტუალურად გამართვა, თუმცა, მან ეს მოახერხა და მის შესაძლებლობებში ეჭვი აღარავის ეპარება.

Daytona შეგვიძლია მოსავლის აღებას შევადაროთ, რომელსაც პატრონი ასე დიდხანს ელოდა. იმის მიუხედავად, რომ ფუშას საკუთარი დიზაინით შექმნილი "ადიდასის" სპორტული ფეხსაცმელი აცვია, ის კვლავ მშობლიური ქუჩის კუთხეში დგას ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ოღონდ, ამჯერად მეფის გვირგვინით თავზე.

ხმის ხისტი ტემბრით, კითხვის ცოტა ერთფეროვანი, მაგრამ ხელოვნების დონეზე აყვანილი მანერითა და წარმოუდგენელი ბარებით რეპერი თავის სამეფოში გვამოგზაურებს. ფონს კი ქანიეს მიერ თითქმის ორი წლის განმავლობაში ნარჩევი სემპლებით აწყობილი ინსტრუმენტალები გვიქმნის, რომლებიც კლასიკური ჰიპ ჰოპის გურმანებს 2010 წლის შემდეგ ასე მოგვენატრა. სხვათა შორის, ამ სემპლების გამოყენების უფლებები კოლეგებს 2 მილიონ აშშ დოლარამდე დაუჯდათ.

ალბომში მოთხრობილი ისტორიების განწყობას გარეკანზე დატანილი ფოტო გადმოსცემს, რომელზეც უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დღეს, მის სააბაზანოში მიმოფანტული ნარკოტიკებია აღბეჭდილი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამუშევრის ყდით შეფასება სწორი გადაწყვეტილებაა.

ამ სტუდიურ ჩანაწერზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კომპოზიციას Infrared, რომელშიც ფუშა მასზე გაცილებით პოპულარულ არტისტს, კანადელ სუპერვარსკვლავ დრეიქს, ერთი შეხედვით, ბინძური ხერხების გამოყენებით დისავს. მაგრამ ჩვენს ჟანრში დისსა და ბიფს ჩარჩოები არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ხანდახან საკუთარი ტრეკების ტექსტებსაც კი არ წერს.

ნიუ იორკელმა რეპერმა სოციალური ქსელების სამყაროში ტრადიციად ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაამსხვრია და დრიზისთან უთანხმოება მონადირისა და მსხვერპლის სიკვდილისწინა თამაშს დაამსგავსა. გააკეთა ის, რაც კომერციულად მასზე გაცილებით წარმატებულმა მუსიკოსებმა, მიკ მილმა და თორი ლეინზმა ვერ შეძლეს. ჟანრმა ერთხმად აღიარა დრეიქის პირველი დამარცხება, ფუშა თის თაყვანისმცემლებს დრეიქის არაერთი გულშემატკივარი შეემატა. ასეთ ფაქტებს კი ჰიპ ჰოპში ძალიან ვაფასებთ. 

მოუსმინეთ ალბომს

1. J.I.D - DiCaprio 2

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ჟღერადობა საკმაოდ განსხვავდება იმ საუნდისგან, რომელიც ჟანრს ათწლეულების მანძილზე ახასიათებდა. დღეს ლირიკული დახვეწილობა და ტექნიკური უნარ-ჩვევები მეორეხარისხოვანია. რეპერის შესაძლებლობები უმნიშვნელო ხდება და წინა პლანზე კომპოზიციის ემოციური ფონი გადმოდის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ არტისტების შემთხვევაში იჩენს თავს, რომლებიც აქცენტს რეჩიტატივის სწრაფად კითხვაზე აკეთებენ. მეინსტრიმ ინდუსტრიაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ასეთი მიდგომა უშინაარსო შემოქმედების ფასადია. 

ატლანტელი რეპერი J.I.D თავისი ალბომის პირველივე ტრეკით სწორედ ამ უსაფუძვლო შეხედულებას აყენებს ეჭვქვეშ და გვაიძულებს, მის ნამუშევრებს ქვეტექსტებისა და შედარებების ძებნის გარეშე ვუსმინოთ. ის ცდილობს, მსმენელთა ცნობიერებაში დალექილი ტრადიციული კანონზომიერებები გაანეიტრალოს და შეფასების კრიტერიუმები საკუთარი მუსიკის მეშვეობით დაადგინოს.

DiCaprio 2-ში ჯეიაიდი მუდმივად ემოციურია, ის თითქოს აფექტის მდგომარეობაშია და მალე სადავეები ხელიდან გაექცევა. რეპერი იმდენად დახელოვნებულია, რომ ეს ყველაფერი უმარტივესად ან საერთოდ შემთხვევითობადაც კი გვეჩვენება. ასეთი ინტენსიური შესრულების მანერით არტისტი მსმენელის ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, რაც ძალზე რთულად მისაღწევია. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს მისი, როგორც ემსის ტალანტი.

მუსიკალურად ალბომი ატლანტის სცენისთვის დამახასიათებელ ჟღერადობას არ გაურბის, თუმცა, რეპერი მძიმე ბასისა და ჰაი ჰეთების მონოტონური გავლენის ქვეშ არ ექცევა. ბითები მინიმალისტურია და ემსის ფართო სივრცეს სთავაზობს, რაც შინაარსისა და კონტექსტის განვითარების საშუალებას იძლევა. ჩანაწერში ასევე ვხვდებით კომპოზიციებს, რომლებიც ჯაზის, არენბისა და ადრეული ჰიპ ჰოპის ელემენტებს შეიცავს. ტრეკები ძირითად პირადულ ისტორიებზეა აგებული, არტისტი თვითდაკვირვებას ეწევა, თუმცა, საკუთარი გამოცდილების განზოგადებისგან თავს იკავებს.

ჯეიაიდის მუსიკა, ლირიკული ტექნიკა, ხმის ტონალობა და აღნაგობაც კი ქენდრიქ ლამარის ასოციაციას იწვევს. ალბომის გამოსვლამდე ატლანტელმა რეპერმა მსმენელები გააფრთხილა, რომ მისი რელიზი არ იქნებოდა ლამარის ეპოქალური ჩანაწერის Good Kid, M.A.A.D City მსგავსი. მართლაც, ეს ორი ნამუშევარი ერთმანეთისგან საფუძვლიანად განსხვავდება. ჯეიაიდი მეტ ყურადღებას შესრულების ტექნიკას უთმობს და ქენდრიქისგან განსხვავებით, მორალის კითხვას არ ცდილობს. მისი ალბომი არტისტის პოტენციალის ერთგვარი გამოფენაა, რომელსაც ჯერჯერობით მიმართულება არ მოუნახავს. თუმცა, DiCaprio 2 შეიცავს ყველა საჭირო ინგრედიენტს იმისთვის, რათა ჯეიაიდიმ ლამარის მსგავსად საკუთარი თავი იპოვოს და ინდუსტრიის სათავეში მოექცეს.

მოუსმინეთ ალბომს

2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიცია 

კომენტარები

ბოლოს დამატებული