Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ ჩვენი რედაქციის მიერ შერჩეულ 2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიციას. 

2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი

20. Machine Gun Kelly - Rap Devil

2018 წელი ჰიპ ჰოპისთვის ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გავლენიანი რეპერების დაპირისპირებებიც გახლდათ. ლეგენდარულმა Eminem-მა ახალგაზრდა კოლეგა Machine Gun Kelly ექვსი წლის წინანდელი საქციელის გამო გადისა. მაშინ ქელიმ თავისი კერპის გოგონას, ჰეილის "სექსუალური" უწოდა, რამაც მამის გაღიზიანება გამოწვია. მაგრამ ექვსი წლის შემდეგ? სად იყო ემინემი აქამდე? პასუხი მარტივია - დეტროიტელმა არტისტმა, რომლის ახალი ალბომი პრომოუშენს საჭიროებდა, არაერთი რეპერის მისამართით გადააგდო ანკესი. მათგან ერთ-ერთი მეშინ გან ქელი იყო. ყველაფერი სწორედ ემინემის წისქვილზე ასხამდა წყალს და არა პირიქით, როგორც ეს "სთენებმა" იფიქრეს.

კლივლენდელი "ველური ბიჭუნა" კი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ემინემის ავტორიტეტს არ შეუშინდა და საპასუხო დის-ჩანაწერი მიუძღვნა. მეგობარო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შენ ყველა დროის საუკეთესო ემსი ხარ, მაგრამ დროის გასვლასთან  ერთად, უკეთესი არ ხდები. კარგი იქნება, თუ კალამს დადებ, - აცხადებს ქელი. გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ემინემი პირველია - მოსაბეზრებელია. მარშალს ყველაფერი თავისთვის სურს და ის სხვისი თეფშიდან ჭამას განაგრძობს, მაგრამ ქელი რეალობის შეცვლისკენაა მიმართული. 

რეპის ღმერთს ღირსეულ ოპონირებას მხოლოდ რეპის ეშმაკი თუ გაუწევს. ჩვენ კი მარშალ მეზერსის თაყვანისმცემელთა რაოდენობა და მისი წარსული მიღწევები სწორი დასკვნების გამოტანაში ხელს ვერ შეგვიშლის. მეშინ გან ქელი ამ დაპირისპირების გამარჯვებულია, ეს ტრეკი კი 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი. 

19. Sheck Wes - Mo Bamba

Mo Bamba - სწორედ ასე ჟღერს დღეს ჰიპ ჰოპის აკვნის რწევა. 20 წლის შექ უესმა კომპოზიციას ასე თავისი კალათბურთელი მეგობრის, მოჰამედ ბამბას პატივსაცემად დაარქვა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018 წლის დრაფტზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სპორტსმენი გახლდათ. თავად შექის მიმართ ინტერესს კი მსხვილი ხმის ჩამწერი კომპანიები იჩენდნენ. ტრეკის სახელწოდებით რეპერმა სწორედ ამ პარალელს გაუსვა ხაზი. 

ჰარლემელი მუსიკოსი, რომელიც ახლა უკვე ლეიბლების: Cactus Jack, G.O.O.D. Music და Interscope წევრია, საკუთარი მიღწევებით ტკბება. თავისი წარმატების შესახებ ის ენერგიული ბითის ფონზე ხან აგრესიული შეძახილებით, ხანაც სიმღერით მოგვითხრობს. მისი ფლოუ და ლაინების რითმი ჩანაწერის ინტრუმენტალს სცდება. რეჩიტატივის კითხვის ეს უჩვეულო მანერა და მარტივად დასამახსოვრებელი მელოდია კი გვაიძულებს, მოსმენილ ტრეკს კიდევ არაერთხელ მივუბრუნდეთ. 

შექ უესის კონცერტებზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ამ კომპოზიციის შესრულებისას გაფრთიანებული ბაუნსით ლამის რამდენიმებალიან მიწისძვრას იწვევს. ახალგაზრდა არტისტი ჩვენ თვალწინ კიდევ ერთ სტერეოტიპს ამსხვრევს. ჰიპ ჰოპის აუდიტორია დღეს ფულს მხოლოდ ბრენდში არ იხდის. არსაიდან მოსული რეპერი მსმენელის ფავორიტი ხდება. ჟანრში ტენდენციები კი გამუდმებით იცვლება და ამის გამოწვევას უცნობი მუსიკოსებიც ახერხებენ.

18. Nas - Adam and Eve

2018 წელს გამოშვებულ სტუდიურ ჩანაწერში Nasir, რომლის პროდიუსერადაც ქანიე ვესთი მოგვევლინა, ნასირ ჯოუნსი ზუსტად ისეთია, როგორც ეს 45 წლის რეპერს შეეფერება. ვეტერანი ნიუ იორკელი არტისტი კვლავინდებურად ფორმაშია და თაყვანისმცემელთა გახარებაც შეუძლია, მაგრამ მისი მორიგი ალბომი მსმენელებისთვის საკუთარი არსებობის შეხსენებას უფრო წააგავს, ვიდრე რაიმე ახლის თქმის მცდელობას. ასაკში შესული ნასი სულ უფრო ხშირად ფიქრობს იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც დატოვებს და ცდილობს, მომავალ თაობებს თავისი ნამუშევრებით პირადი ისტორია შემოუნახოს.

ეს მიდგომა ყველაზე კარგად ალბომის დასკვნით კომპოზიციაში Adam and Eve ჩანს. ნასი თავს გეტოს ოტელოს უწოდებს, სამოთხის ბაღს კი, რომელშიც ლეგენდის მიხედვით, ადამი და ევა ცხოვრობდნენ, აფროამერიკელებით დასახლებულ, სიღარიბითა და კრიმინალით სავსე უბნებს ადარებს. ეს ადამიანები ხომ კეთილისა და ბოროტის შემეცნების უნარს სწორედ გეტოში იღებენ, თუმცა, მათ უმრავლესობას იქიდან გაღწევის შესაძლებლობა არასდროს მიეცემა. 

რეპერის დინამიკურ ფლოუსა და უბადლო ვერსებს The-Dream-ის არაჩვეულებრივი მისამღერი აფორმებს. მართლაც, რა უნდა მოუხდეს ბიბლიური ალუზიებით სავსე ტრეკს ისე, როგორც გოსპელი. ნასი კი, ერთ დროს ნიუ იორკის უპირობო ლიდერი, იმ მეფესავით ბერდება, რომელსაც მემკვიდრის არჩევა უჭირს.

17. Black Milk - Could It Be

დეტროიტელი მუსიკოსი ბლექ მილქი პირველ რიგში პროდიუსერია და მხოლოდ ამის შემდეგ რეპერი. ბოლო დროს ის უფრო ლაივ ბენდის Nat Turner ლიდერად ჩამოყალიბდა, რაც 2016 წელს გამოცემულ ორ ინსტრუმენტულ ალბომშიც აისახა. თუმცა, 2018 წლის პროექტში Fever არტისტი მიკროფონს დაუბრუნდა და შეგვახსენა, რომ რეჩიტატივის კითხვისას თავს არანაკლებ კომფორტულად გრძნობს, ვიდრე კომპოზიტორის ამპლუაში. ამის ნათელ მაგალითად ალბომის გამორჩეული ტრეკი Could It Be შეიძლება მივიჩნიოთ. 

ბლექ მილქის თქმით, ეს ნამუშევარი სანუკვარი ოცნებისკენ სწრაფვის, მისკენ მიმავალ გზაზე არსებული უამრავი დაბრკოლებისა და მიღწეული წარმატებების საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარების შესახებ მოგვითხრობს. ჯაზ ბენდის მიერ ცოცხლად შესრულებული ჰიპ ჰოპისა და ნეო სოულის ელემენტების შერწყმით მიღებული ბითი დასარტყამების ნაკლებად აგრესიული პარტიით გამოირჩევა, რაც მძიმე თემატიკით დატვირთული ლირიკის ფონზე კომპოზიციის ინსტრუმენტალის ლაღ განწყობას უზრუნველყოფს.

ტექნიკურად მოქნილი რეჩიტატივი პოლიტიკურ გზავნილებსაც შეიცავს, მაგრამ ალბომის მსგავსად ამ ტრეკშიც მთავარი უნაკლო ფროდაქშენია. ბლექ მილქი ლეგენდარული ჯეი დილას ღირსეული მემკვიდრეა, რასაც Could It Be კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

16. Nipsey Hussle - Hussle & Motivate

მიქსტეიპ არტისტად ცნობილმა ნიფსი ჰასლმა, ჟანრში 13-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სადებიუტო ალბომი Victory Lap გამოუშვა და ჰიპ ჰოპის მსმენელთა წრეში მის შესახებ არსებული წარმოდგენები მკვეთრად შეცვალა. 

კომპოზიცია Hussle & Motivate საუკეთესოდ გადმოსცემს ამ სტუდიური ნამუშევრის მთავარ სათქმელს. ლოს ანჯელესელმა რეპერმა უზარმაზარი კონკურენციის პირობებში წარმატებას მრავალმხრივი ნიჭისა და დაუღალავი შრომის წყალობით მიაღწია. ის დღეს არაერთი წარმატებული კომპანიის მფლობელია და მიზნად ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის გზის გავლა აქვს დასახული. ამ ჩანაწერის ინსტრუმენტალიც ხომ სწორედ "ჯიგას" ეპოქალურ ტრეკში Hard Knock Life (Ghetto Anthem) გამოყენებულ სემპლზეა აწყობილი. 

ნიფსი არსაიდან დაბრუნებულა. მას ხომ არასდროს დაუტოვებია ჰიპ ჰოპის მოყვარულთა ფლეილისტები. უბრალოდ, ახლა არტისტის სახელი ბილბორდის ჩარტებში, პრესტიჟული გამოცემების ყდებსა და გრემის ნომინაციებში გვხვდება. მის მუსიკას კი მზიანი დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერ მონაკვეთში მოისმენთ.

15. Swizz Beatz - 25 Soldiers ft. Young Thug

ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა კასიმ დინმა, იგივე Swizz Beatz, თაყვანისმცემლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი Poison შესთავაზა. ნამუშევარმა სვიზის ერთგული მსმენელის მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეს უფრო მონატრებული არტისტის დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულს ჰგავდა. ტრადიციულად ხარისხიანმა, თუმცა, უკვე კარგად ნაცნობი ჟღერადობის ინსტრუმენტალებმა ჩანაწერი აშკარად გააუფერულეს და რელევანტურობა დაუკარგეს. 

სამაგიეროდ, საკუთარი თავი ახლებურად ატლანტელმა არტისტმა იანგ თაგმა წარმოაჩინა. რეპერი, რომელიც წლებია, ქალის სამოსს იხდენს, კომპოზიციაში 25 Soldiers თავს განგსტერობაზე დებს. ტრეკზე გადაღებულ პოსტაპოკალიპტურ ვიდეოში ის გაოცებულ მსმენელს დაჯგუფება "ბლადსის" ჟესტებით კრიმინალურ იერარქიაში საკუთარ საფეხურზეც კი მიანიშნებს. 

მამბელ რეპერად შერაცხულმა მუსიკოსმა ვეტერანი კოლეგის ნამუშევრისთვის ფლოუ სრულიად შეცვალა და თავის რეჩიტატივში თითოეული სიტყვა მსმენელისთვის მარტივად აღსაქმელი გახადა. AraabMuzik-ის ბენგერმა ბითმა და ბრიტანელი მომღერლის, ტედი სინკლერის ჰუკმა კი სვიზ ბითსისა და იანგ თაგის მიერ ჰიპ ჰოპ სამყაროს ქუჩის ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ სიმფონიას დამატებითი მუხტი შესძინეს. 

14. Flatbush Zombies - Headstone

თანამედროვე ეპოქაში ჰიპ ჰოპის კულტურულმა ცენტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთისკენ გადაინაცვლა. ჟანრის სამშობლო, აღმოსავლეთი სანაპირო ჩრდილში მოექცა. თუმცა, ბოლო წლებში ნიუ იორკშიც გამოჩნდნენ არტისტები, რომლებმაც საკუთარი ჟღერადობის ტრენდებში დამკვიდრება შეძლეს. მათგან ერთ-ერთი ბრუკლინური გაერთიანება Flatbush Zombies გახლავთ. 

2010 წელს შექმნილი კოლექტივის ახალი სტუდიური ნამუშევრის Vacation in Hell მთავარი სინგლი Headstone ჰიპ ჰოპისადმი მიძღვნილი ბალადაა. ჯგუფის სამივე წევრის ვერსები ლეგენდარული არტისტებითა და მათი შემოქმედებითაა შთაგონებული. რეპერები ჟანრის თითქმის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას დასაბამიდან თანამედროვეობამდე მიმოიხილავენ და ამ პროცესში საკუთარ ამბავსაც გვიყვებიან. 

კომპოზიციის ინსტრუმენტალში ყურადღებას ფორტეპიანოს მელანქოლიური პარტია იპყრობს, ენერგიული დასარტყამები კი ბითს აგრესიულ განწყობას მატებს. Headstone ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი კლასიკური ჰიპ ჰოპისა და თანამედროვე ჟღერადობის ნაზავია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჯგუფის მუსიკალურ მრავალფეროვნებას.

13. Brockhampton - 1998 Truman

მუსიკოსთა ეს გაერთიანება ტექსასში 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად 13 წევრს ითვლის, რომელთა დე ფაქტო ლიდერად კევინ ებსთრექთი ჩამოყალიბდა. ახალბედა კოლექტივმა შესრულების სახასიათო მანერითა და ძალზე საინტერესო ჟღერადობით მსმენელთა ყურადღება სწრაფადვე მიიპყრო. მათი ტრეკი 1998 Truman კი ამ დროისთვის ბენდის ექსპერიმენტების ყველაზე სრულფასოვანი შედეგია.

კომპოზიციის პათოსი პირველივე წამებიდან ხდება ნათელი. ის "სახალხო ტაძრის" სექტის ლიდერის, ჯიმ ჯონსის მონოლოგით იწყება, რომელმაც 1978 წელს 918 მიმდევართან ერთად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯგუფის წევრები თანამედროვე მსოფლიოზე გვესაუბრებიან, რომლის ლიდერთა უმეტესობაც მასობრივი კონტროლის, სიცრუის ჭეშმარიტებად გასაღებისა და ძალმომრეობის ხარჯზე მილიონობით ადამიანს თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.

ჩანაწერი დიდწილად პოპულარული ფილმით Truman Show არის შთაგონებული. სურათში ჯიმ ქერის მიერ განსახიერებული პერსონაჟი რეალური სატელევიზიო შოუს გმირია, ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს. კოლექტივის წევრებისთვის მათი გარემომცველი სამყარო სწორედ ასეთი ბუტაფორიაა, თავისუფლებისათვის ბრძოლაში დანებებას კი ერთი წამითაც არ აპირებენ. 1998 Truman ძალზე ღრმა და დამაფიქრებელი ქვეტექსტის მქონე კომპოზიციაა, რომელიც ჯგუფისთვის დამახასიათებელ, ქაოსზე აგებულ ესთეტიკას სრული სიმძაფრით წარმოაჩენს.

12. Metro Boomin - Don't Come Out the House ft. 21 Savage

ლილანდ ტაილერ უეინი ერთ-ერთი იმ მუსიკოსთაგანია, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპს ჟღერადობას კარნახობს. ერთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ Metro Boomin-ის სახელით ცნობილმა პროდიუსერმა სადებიუტო სოლო ალბომი შემოგვთავაზა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკი Don't Come Out the House გახლავთ. 

მონატრებული მეგობრის დაბრუნებით გახარებულმა 21 Savage-მა კომპოზიციის ბითი რეჩიტატივის კითხვის ასევე მონატრებული ხერხით მოკლა. რეპერმა პირდაპირი მნიშვნელობით იჩურჩულა, რამაც მსმენელთა ერთდროულად გაკვირვება და დიდი მოწონება დაიმსახურა. დაახლოებით ისე, 2000-იან წლებში ჰიპ ჰოპ დუეტმა Ying Yang Twins კომპოზიციაში Wait (The Whisper Song) რომ მოახერხა და ყველა პირდაღებული დატოვა.

ატლანტელმა შემსრულებელმა ჩანაწერი დაუძინებელი მტრების გასაფრთხილებად გამოიყენა - არ გამოხვიდეთ სახლებიდან, რადგან ქუჩებს კვლავ ჩემი განგსტერი მეგობრები აკონტროლებენ. ამაში კი ეჭვი მას შემდეგ აღარ გვეპარება, რაც მომდევნო ლაინში რეპერი სკოლაში სწავლის პერიოდს იხსენებს. 13 წლის ასაკში სევიჯმა თანასკოლელს შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიაბჯინა, რადგან მასთან საუბარში უპატივცემულობა იგრძნო. ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის მიერ მოყოლილ ამბავს ფონად მეთროს ბენგერი ინსტრუმენტალი დაჰყვება, რომელიც ისტორიის დრამატიზებას ახერხებს. ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი პროდიუსერი დაბრუნდა და ის კვლავ მხოლოდ მეგობრებს ენდობა. 

11. Logic - 44 More 

კარიერის საწყის ეტაპზე ლოჯიქი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული რეპერი გახლდათ, რომელიც მსმენელს ჯიუტად ათეული წლების წინანდელ ბუმ ბეფ ჟღერადობას სთავაზობდა. მან ხომ შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯეი ზისა და ნასის ეპოქალური ჩანაწერების გარემიქსებით დაიწყო. თუმცა, გავიდა დრო და მუსიკოსი გრემის ნომინაციაზე წარადგინეს. 2018 წელს ჩაწერილ ამ კომპოზიციაში კი შემსრულებელი სიამაყით აღნიშნავს, რომ ის კომერციულად უფრო წარმატებულია, ვიდრე პოპვარსკვლავები კეტი პერი და ჰარი სტაილსი.

ზუსტად 44 ბარისგან შემდგარ კომპოზიციაში არტისტი ხაზს ჟანრში საკუთარ წონასა და მიღწევებს უსვამს. მერილენდელი ბიჭუნა თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი იმედია, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. თეთრკანიანი რეპერი, რომელმაც, ლეგენდარული ემინემისგან განსხვავებით, წარმატებას მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწია. ის კევინ დურანტივით ჩემპიონია და ამას ლოჯიქი თავადაც ხვდება.

რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერა დიდი ხნის წინ მობეზრებულ ბუმ ბეფ თუ კლასიკური ჰიპ ჰოპის ჟღერადობასაც კი სიამოვნებით გვასმენინებს. ლოჯიქმა ზუსტად იცის, რასაც აკეთებს და სწორედ ეს არის მისი წარმატების მთავარი საიდუმლო. მუსიკოსი იდეალურად ახერხებს საკუთარ შემოქმედებაში ოქროს შუალედის დაცვას. მოხვდე მეინსტრიმ სცენაზე ისე, რომ არ დაარღვიო ჟანრის ტრადიციული და საკმაოდ მკაცრი კანონები, ძალზე რთულია. ლოჯიქმა კი ეს შეძლო და 44 More ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. 

10. 21 Savage - A Lot ft. J. Cole

21 Savage ჰიპ ჰოპის მსმენელებმა მამბელ რეპერის სახელით გაიცნეს, თუმცა, ის საკუთარი კოლეგებისგან განსხვავდება. არტისტი თავმდაბალია და განვითარებას ცდილობს, რაც გამოსდის კიდეც. ატლანტელი მუსიკოსის ბოლო ალბომის სახელწოდებაც I Am > I Was ამას გვეუბნება - მე უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი.

კომპოზიციაში A Lot სამოცდაათიანი წლების სოულ ტრეკის I Love You For All Seasons და თრეფ მიმდინარეობის პიონერების, Juicy J-სა და Project Pat-ის ჩანაწერის Break It Down სემპლების შერწყმით სევიჯმა მსმენელს კლასიკური და თანამედროვე ჰიპ ჰოპის სინთეზი შესთავაზა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ახალგაზრდა მუსიკოსი თავის ტკივილზე მარტივად გასაგები ტექსტითა და სახასიათო ხმის ტემბრით გვესაუბრება. ძმის სიკვდილმა მასში დაუნდობელი მხეცი გააღვიძა, უახლოესი მეგობრის გარდაცვალებამ კი კრიმინალურ ცხოვრებას ჩამოშორებული რეპერი ატლანტის ქუჩებში დააბრუნა. სევიჯისთვის უპირველესი საკუთარი პრინციპებია, რომლებსაც ის არასდროს უღალატებს.

მუსიკოსის შემოქმედებით ზრდას ჩანაწერში ჯერმეინ ქოულის მონაწილეობაც მოწმობს. დიახ, სწორედ იმ ქოულის, ბოლო სამ ალბომში არცერთი კოლეგა ახლოს რომ არ გაიკარა. როდესაც ის სევიჯის სტუდიაში მივიდა, ეს უკანასკნელი სტუმარს თავის ორ შვილთან ერთად დახვდა. ეს კი ქოულისთვის ბევრს ნიშნავს. არტისტი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას სიყალბეში ადანაშაულებს, ასეთ გულწრფელ გარემოში თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. 

9. A$AP Rocky - Praise the Lord (Da Shine) ft. Skepta

ეისეფ როქის სტუდიური ნამუშევარი TESTING არტისტის მიერ ჰიპ ჰოპ ტრენდების საკუთარ თავზე მორგების მორიგი წარმატებული მაგალითია. საუნდქლაუდ და ლოუ ფაი რეპის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ლაქშერი ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელ ხასიათს ინარჩუნებს. ამას ყველაზე ნათლად კომპოზიცია Praise the Lord (Da Shine) გადმოსცემს, რომელშიც ბრიტანელი გრაიმ არტისტი სქეფთა მონაწილეობს.

ტრეკის ინსტრუმენტალი სქეფთას ეკუთვნის. ის ბითს საკმაოდ მარტივ, მელოდიურ სემპლზე აგებს, რაც კომპოზიციას ადვილად დასამახსოვრებელს ხდის. ჩანაწერი თემატურად ლონდონისა და ნიუ იორკის სოციალურ და კულტურულ კავშირებს ეხება და ამ ქალაქებისადმი არტისტების დამოკიდებულებას წარმოაჩენს. განსხვავებების მიუხედავად, ამერიკელი მეინსტრიმ რეპერი და ბრიტანელი გრაიმ არტისტი საერთო მუსიკალურ სივრცეს იზიარებენ.

საინტერესოა, რომ Praise the Lord (Da Shine) არტისტებმა ლონდონში LSD-ს ზემოქმედების ქვეშ შექმნეს. როგორც როქი ამბობს, რეპერებს სტუდიაში ნეირომედიცინის პროფესორი ახლდათ, რომელმაც ფსიქოდელიური ნივთიერების ტესტირება მათი დახმარებით ჩაატარა. ნამუშევრის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, პატივცემული დოქტორი საკუთარი ექსპერიმენტის შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო.

8. Travis Scott - Sicko Mode ft. Drake

ტრევის სკოტის სტუდიური ჩანაწერი Astroworld რეპერის მშობლიურ ჰიუსტონში მდებარე გაუქმებული გასართობი პარკის სახელს ატარებს. კომპოზიციაში Sicko Mode კი არტისტი სწორედ იმ განწყობას აცოცხლებს, რომელიც ატრაქციონების დახურვის შემდეგ ქალაქს მოაკლდა. ტრეკში დრეიქი და სვეი ლი მონაწილეობენ, ინსტრუმენტალზე კი პროდიუსერთა დიდი ჯგუფი მუშაობდა, რომელთა იდეების ერთიან ჩარჩოში თავმოყრას ტრევისმა თავი უბადლოდ გაართვა.

კომპოზიციის მსვლელობისას მისი ინსტრუმენტალი და დინამიკა რამდენჯერმე იცვლება, რაც მსმენელს ექსტრემალურ ატრაქციონებზე გართობისთვის დამახასიათებელ განცდას უქმნის. Sicko Mode მუსიკალურად ტრევის სკოტის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. არტისტისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი თრეფის ჟღერადობის გარდა, ის ისეთი მუსიკოსების სემპლებს იყენებს, როგორებიც არიან: Notorious B.I.G, Big Hawk და 2 Live Crew.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩანაწერზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი, რომელშიც ლოკაციები და მოქმედი პირები ისეთივე კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, როგორც ტრევისის მშობლიური ქალაქის გარემო. აშკარაა, რომ ტრევის სკოტი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო აღმასრულებელ პროდიუსერად ყალიბდება, რომელსაც განსხვავებული იდეების სინთეზი და მათი ერთი ქოლგის ქვეშ ბუნებრივად გაერთიანება შეუძლია.

7. The Carters - Black Effect

კარტერების სამაგალითო ოჯახმა ორწლიანი კრიზისი წარმატებით დაძლია. 2016 წლიდან მოყოლებული ჯეი ზისა და ბიონსეს ურთიერთობა გაუსაძლისი იყო, თუმცა, არტისტებმა ყველაფერი თავისთვის სასიკეთოდ გადაწყვიტეს. ალბომით Everything Is Love ვარსკვლავურმა წყვილმა პირადი ცხოვრება სააშკარაოზე გამოიტანა და ის მთელი მსოფლიოს თანდასწრებით განიხილა. ეს სტუდიური ნამუშევარი მუსიკის ისტორიას აუცილებლად დარჩება და ამის ერთ-ერთი მიზეზი Black Effect გახლავთ.

თუ თქვენ მეოცე საუკუნის სოულისა და ჰიპ ჰოპის სინთეზის მოყვარული ხართ, ეს კომპოზიცია აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ჩანაწერი, რომელშიც ბიონსე და ჯეი ზი საკუთარი წარმომავლობით ამაყობენ და თავიანთ კანის ფერს საჭიროზე ხშირად უსვამენ ხაზს. მუდმივმა წარმატებებმა მუსიკოსებს თითქმის მიუღწეველი მიზნების მიღწევით გამოწვეული სიამოვნება გაუუფასურა. ჯეი ზი ხომ დღეს აშშ-ში ყველაზე საშიშ, მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ქუჩაზეც კი, ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს თავს. 

ნამუშევარში 1970-იანი წლების იაპონური ფსიქოდელიური როკ კოლექტივის, Flower Travellin' Band-ის კომპოზიციის Broken Strings სემპლის გამოყენება არტისტების პროდიუსერული ხედვის ძალზე ფართო არეალს უსვამს ხაზს. კარტერების ოჯახის წარმატება გარდაუვალია. ისინი თავად აწესებენ ამისთვის აუცილებელ სტანდარტებს. ერთადერთი, რასაც ჯეი ზის დიდებისკენ სვლა შეუძლია შეაჩეროს, მისივე ხუთკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი გახლავთ.

6. Royce Da 5'9" - Caterpillar ft. Eminem

რაიან მონტგომერისა და მარშალ მეზერსის მორიგ ერთობლივ ალბომს თაყვანისმცემლები 2011 წლიდან ამაოდ ელიან. არავინ იცის, შედგება თუ არა დეტროიტელი რეპერების კიდევ ერთი მასშტაბური კოლაბორაცია. ამ ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. მანამდე კი ემინემი და როისი ამ უკანასკნელის ახალი ალბომისთვის კომპოზიცია Caterpillar-ის ჩასაწერად შეიკრიბნენ. ის ჯილ სკოტ-ჰერონის ეპოქალური ჩანაწერის "რევოლუცია ტელევიზიით არ გადაიცემა" სემპლით იწყება. მსმენელი სასწაულის მოლოდინშია, მას ხომ წინ ორი უნიჭიერესი ლირიკოსის ვერსები ელის. მოლოდინს კი ქინგ გრინის მისამღერი ამძაფრებს - დღეს ყველა პირველობას იბრალებს, თუმცა, შენ არა პირველი, არამედ ერთ-ერთი რიგითი რეპერი ხარ. პირველობა ჩვენი საქმეა! 

როისი თავს მუხლუხს ადარებს, რომლის ჭუპრიდანაც ახალი თაობის ჰიპ ჰოპ არტისტები პეპლებივით იჩეკებიან, რომელთა სილამაზით აღტაცებულ მსმენელებს ხშირად ავიწყდებათ, ვისი დამსახურებაა მათი ლაღი ფრთხიალი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ალეგორიაა, მაგრამ როისი არც სათქმელის პირდაპირ თქმას ერიდება. ის ახალგაზრდა კოლეგებს საკუთარ შვილებად მოიხსენიებს, შემდეგ კი აცხადებს - თქვენ პირველობა ამ თამაშში გსურთ, მე კი პირველობას ჩემი შვილების ცხოვრებაში ვცდილობ.

ნუ მეტყვით, რომ რეპს უნდა შევეშვა, მაშინ, როდესაც თქვენი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჩემი ნახევარიც კი არაა - ეს, რა თქმა უნდა, ემინემია. ლეგენდარულმა რეპერმა მხოლოდ ორი სტრიქონით შეძლო ყველასთვის საკუთარი ადგილის მიჩენა. დეტროიტელი მუსიკოსი მეოთხე ათწლეულია,  სტილს არ ღალატობს და მამბელ რეპერების ეპოქაში ალესილი ნაჯახით დადის. როისის გვერდით ემინემი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ამიტომ, იმედი დავიტოვოთ, რომ 2019 წელს ცუდი ბოროტს კიდევ არაერთხელ გადაეყრება.

5. J.I.D - Skrawberries (For da Ladies) ft. BJ The Chicago Kid

2018 წელი ატლანტელი არტისტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მისმა ალბომმა DiCaprio 2 მუსიკის კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თავად რეპერი კი ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, ჯეიაიდის წარმატების მისაღწევად მეინსტრიმულ ტენდენციებზე მორგება არ უცდია. პირიქით, ის ჰიპ ჰოპის კლასიკურ, მრავალგზის ნაცად ფორმულას მისდევს, რომლის უმთავრესი ინგრედიენტიც ლირიკული დიდოსტატობაა.

Skrawberries (For da Ladies) დაკარგული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ისტორიასაც თან ორმხრივი შეცდომები, ხანგრძლივი განშორება და სინანული ახლავს. სწორედ აქ ვაწყდებით ჯეიაიდის ორიგინალურ ნარატივსა და მსოფლმხედველობას. რეპერი საყვარელი ქალის წარსულ ტრავმებზე გვიყვება და სრულად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მისი არაპროგნოზირებადი ქცევის მიზეზი ოჯახური ძალადობის, არაერთი აბორტისა და გენდერული ნიშნით ჩაგვრის მძიმე მემკვიდრეობაა. არტისტი არ ერიდება საკუთარი თავის მგრძნობიარე პიროვნებად წარმოჩენას და არც ის ადარდებს, თუ კოლეგები ამის გამო "ქალაჩუნას" უწოდებენ. მისთვის ფემინურობა არა სისუსტისა და დაუცველობის, არამედ პიროვნული სიძლიერისა და გაუტეხელი სულის სიმბოლოა.

ახალგაზრდა რეპერი საკუთარი სათქმელის გადმოცემას სრული სიმძაფრით ახერხებს. მის მიერ მონათხრობი ისტორია კი, ალბათ, ბევრ მსმენელს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაახსენებს. ჯეი ქოულის ბითი, ვირტუოზი ბასისტის, თანდერქეთის პარტია და ჩიკაგო ქიდის სოულით შთაგონებული მისამღერი კომპოზიციას სწორედ ისეთ განწყობას მატებს, როგორიც მის შინაარს შეესაბამება. ჩარტებს თუ გადავხედავთ, ნათლად შევამჩნევთ, რომ თანამედროვე ჰიპ ჰოპში მსგავსი ნამუშევრების პოპულარობა საგრძნობლად იკლებს. თუმცა, თუ ნახვებისა და გაყიდვების რაოდენობაზე მეტად თქვენს ყურადღებას ხარისხი და ჭეშმარიტი ტალანტი იპყრობს, Skrawberries სწორედ თქვენთვისაა. 

4. Pusha T - Santeria

წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გრემიზე წარდგენილი Daytona ტერენს თორნტონის ყველაზე პირადული ჩანაწერია. კომპოზიციაში Santeria კი არტისტის იმ მხარეს ვხედავთ, რომლის შესახებ აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. კრიმინალურ უბანში გაზრდილი მუსიკოსი, რომელსაც თავის გადასარჩენად სენტიმენტებზე უარის თქმა ნაადრევად მოუწია, მოულოდნელად ჩვენ თვალწინ ცრემლად დაიღვარა.

ფუშა თიმ ტრეკი თავისი მეგობრისა და ყოფილი მენეჯერის, De'Von-ის ხსოვნას მიუძღვნა. ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მუსიკოსს დღემდე სტანჯავს და მან იცის, რომ ეს მუდმივად ასე იქნება. ფუშას შემოქმედებაში ძალზე იშვიათია საკუთარ სისუსტეებზე გამოვლენილი რეფლექსია, რაც ამ ნამუშევარს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

რეპერის მელანქოლიური განწყობა ქანიემ კომპოზიციის ინსტრუმენტალში იდეალურად ასახა, ალბომის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერილმა მისამღერმა კი ჩანაწერს დამატებითი ხიბლი შესძინა. 070 Shake-ის დეპრესიული ვოკალი კომპოზიციას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. G.O.O.D Music-ის ახალწვეულმა მისამღერი ლოცვას დაამსგავსა, რომელიც გულგრილს არცერთ მელომანს დატოვებს. ფუშა თის შემოქმედების გამორჩეული ღირსება მუდამ იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტექსტებში მკვეთრი პირდაპირობითა და გულშიჩამწვდომი ექსპრესიით აღწერდა. ამ მხრივ რეპერისთვის, რომელმაც კარიერა 1992 წელს დაიწყო, Santeria სავსებით ახალი საფეხურია.

3. Mac Miller - Self Care

მაკ მილერის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Swimming ჟანრისთვის სახასიათო კლასიკური ნამუშევარია. ალბომი პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან დაშორებითაა შთაგონებული და რეპერის ემოციურ რეაბილიტაციაზე მოგვითხრობს. ამ რთულად გასავლელი გზის კულმინაცია კი კომპოზიცია Self Care გახლავთ, რომელშიც არტისტი საკუთარ გრძნობებთან მარტო რჩება.

მილერს ამ ტრეკში პარტნიორობას მეგობარი რეპერი J.I.D და დევ ჰაინსი, იგივე Blood Orange უწევენ. ინსტრუმენტალის მთავარი პროდიუსერები კი დრეიქთან ასოცირებული DJ Dahi და ბითმეიქერთა კოლექტივი ID Labs არიან. ჩანაწერზე გადაღებულ ვიდერგოლში მაკ მილერი კუბოში წევს და გადატანილი ტრავმის შემდეგ საკუთარი თავის ძიებაზე მოგვითხრობს. ის საკუთარი ემოციების დამარხვას ცდილობს, გადარჩენის ერთადერთ გზად კი იმის დავიწყება მიაჩნია, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. არტისტი ისევ ცდილობს სამყაროში ადგილის პოვნას, აჯერებს თავს, რომ კარგად იქნება, თუმცა, ის მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და თითოეულ ჯერზე დაკარგული სიყვარულით გამოწვეულ ტკივილში იძირება. 

მილერს ესმის, რომ ყველაფერი წარმავალია და ეს დაუსრულებელი ციკლიც ოდესმე დამთავრდება. კლიპში ის კუბოს სახურავზე ლათინურ ანდაზას ტვიფრავს - Memento mori, გახსოვდეს, რომ მოკვდები. მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ღრმა დეპრესიაში მყოფი არტისტის ნამუშევარი ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში 26 წლის ასაკში მუსიკოსი ფენტანილის ზედოზირებით გარდაიცვალა.

2. Kids See Ghosts - Kids See Ghosts ft. Yasiin Bey

2016 წელი ქანიე ვესთისა და ქიდ ქადისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ორივე არტისტის მენტალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ქიდ ქადის, ბოლო სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას, დეპრესიით გამოწვეული სუიციდური ფიქრები გაუჩნდა, რომელთა გამო მან რელიზის თარიღი შეცვალა და მკურნალობა გადაწყვიტა. ამ დროს ქანიე ტურნეში იმყოფებოდა და ანალოგიური მიზეზებით ერთ-ერთი გამოსვლა დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩაშალა. საბოლოოდ, მისი კონცერტები გაუქმდა და ჩიკაგოელმა რეპერმაც ექიმებს მიაშურა.

ფსიქიკური პრობლემების, დეპრესიის, სუიციდური განწყობისა და შინაგანი სამყაროს ბნელი კუთხეების საკუთარ შემოქმედებაში ასახვა ორივე მუსიკოსის ხელწერაა. მას შემდეგ, რაც 2008 წელს რეპერებმა პირველად ითანამშრომლეს, ჰიპ ჰოპ სამყარო მათ ერთობლივ ალბომს ელოდა. ათი წლის შემდეგ Kids See Ghosts-მა მსმენელთა იმედები გაამართლა. ამავე სახელწოდების კომპოზიციის ინსტრუმენტალზე ქანიესა და ქადის გარდა, მათი კოლეგა Plain Pat მუშაობდა. ჩანაწერში ასევე ლეგენდარული მოს დეფი, იგივე Yasiin Bey მონაწილეობს.

ტრეკი დეპრესიული ჟღერადობის ბითით იხსნება, რომელიც გაუცხოების შეგრძნებას გვიქმნის. სინთეზატორის ხმები კი ინსტრუმენტალს პარანორმალურ ატმოსფეროს მატებს. მოს დეფი ამ განწყობას იდეალურად ერგება და თავისი პარტიით კიდევ უფრო ამძაფრებს. საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი არტისტები, ალბათ, სწორედ ასე გრძნობენ თავს. ქანიე ვესთი აქ ალბომის საუკეთესო ვერსს კითხულობს. ისეთს, როგორიც მის მსმენელს უკვე დიდი ხანია ენატრება. ძალიან რთულია, ორი ადამიანის კომპლექსური პრობლემების სათანადოდ წარმოჩენა მხოლოდ შვიდ ტრეკში. გაცილებით რთულია, ორმა დიდმა არტისტმა საკუთარი შესაძლებლობების ყველა ასპექტი თანაბრად წარმოაჩინოს ერთ კომპოზიციაში. Kids See Ghosts-ში ქანიე და ქადი სწორედ ამას ახერხებენ. ჩანაწერის ფროდაქშენი ისეთი მდიდარია, როგორც ეს ვესთის ნამუშევარს შეეფერება. ამას გამორჩეული რეჩიტატივი და ქადისთვის დამახასიათებელი არაამქვეყნიური ედლიბები ემატება, რაც ამ კომპოზიციას წლის გამორჩეულ ნამუშევრად აქცევს. 

1. Lil Wayne - Mona Lisa ft. Kendrick Lamar

ლილ უეინის ალბომს Tha Carter V მსმენელები წლების განმავლობაში ამაოდ ელოდნენ. საბოლოოდ, ჩანაწერმა 2018 წელს იხილა დღის სინათლე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ნიუ ორლეანელი ჰიპ ჰოპ არტისტის შემოქმედებაში ეს ნამუშევარი ლირიკული თვალსაზრისით სავსებით ახალი საფეხურია. მისი ფლოუ და რეჩიტატივის კითხვის მანერა მთელი ეფექტურობით კომპოზიციაში Mona Lisa იჩენს თავს, რომელშიც მუსიკოსს პარტნიორობა კომპტონელმა კოლეგამ და მისმა დიდმა თაყვანისმცემელმა, ქენდრიქ ლამარმა გაუწია.

Mona Lisa-ს გამორჩეული ღირსება მისი ინსტრუმენტული ნაწილია. ლილ უეინის ძველი კოლაბორატორის, პროდიუსერ Infamous-ის მიერ შექმნილმა ბრწყინვალე ბითმა რეპერებს რეჩიტატივის მრავალფეროვანი ხერხით წაკითხვისა და საკუთარი ლირიკული არსენალის სრული დატვირთვით გამოყენების საშუალება მისცა. ეს უეინის ძლიერი მხარეა და ძალიან ცოტა არტისტი მოიძებნება, რომელსაც შეუძლია, მას ამაში ფეხი აუწყოს.

კომპოზიციის პირველი ვერსის მოსმენა სწორედ ამ განცდას ამყარებს. უეინის სთორითელინგი და რეჩიტატივის შინაარსი ლეგენდარული The Notorious B.I.G-ის კომპოზიციას I Got A Story To Tell გვახსენებს. ნიუ ორლეანელის ფლოუ არაამქვეყნიურია და ერთი წამით გვაჯერებს, რომ მას ბადალი არ ჰყავს. თუმცა, ამ ფიქრებში გართულს, ჩახშობილი ინსტრუმენტალის ფონზე ნაცნობი ხმა გესმის, რომელიც 2012 წლის Good Kid Maad City-ში გაბრუნებს. ქენდრიქის ვერსი მის შემოქმედებაში ერთგვარი მოგზაურობაა. რეპერი მის მიერ შექმნილ ყველა ალტერ ეგოს ერთ ტრეკში აცოცხლებს. ლამარი საკუთარი დისკოგრაფიის მოკლე მიმოხილვას აკეთებს და ამ გზით ლილ უეინისადმი მოკრძალებულ მადლიერებას გამოხატავს. კარიერის დასაწყისში კომპტონელი რეპერი ხომ სწორედ კარტერის მუსიკით შთაგონებული მიქსტეიპების გამოშვებით ერთობოდა.

ტრეკი სასურველი ქალის მიერ იმედგაცრუებული მამაკაცის ამბავს მოგვითხრობს. ერთი შეხედვით, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ უეინისა და ლამარის პოეტური დიდოსტატობა მრავალგზის გაცვეთილ თემას სავსებით ახალი, მოულოდნელი კუთხიდან გვაჩვენებს. აქ ჰიპ ჰოპის კლიშედ ქცეული მასკულინური თვითდაჯერებულობის ნატამალიც კი არაა. ამის ნაცვლად თვითირონიითა და ცინიზმით სავსე ტექსტში რეპერები მათ მიერ მორგებული პერსონაჟების ტკივილის, ეჭვებისა და დაუცველობის შესახებ დაუფარავად გვიყვებიან. მე ემოციური ვარ, რადგანაც სტრესში ვარ. მე ამ ყველაფრის გადატანა არ უნდა მიწევდეს, - გვესმის ქენდრიქის ვერსში, რომელსაც ეს უკანასკნელი ისტერიულობამდე მისული აგრესიით ასრულებს. მახვილგონივრული მეტაფორებით, ალუზიებითა და მინიშნებებით სავსე Mona Lisa, ერთი მხრივ, სთორითელინგის ეტალონია, მეორე მხრივ კი - მამაკაცების მიერ სისუსტის გულახდილი აღიარება.

► 2018 წლის 20 საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი

კომენტარები

ბოლოს დამატებული