Thumbnail
ფოტო: Facebook / საბა • SABA

ზურა ჯიშკარიანი: თუ ჩვენს თავებში შიშებს ჩავკლავთ, ამ ომს მოვიგებთ

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრმა, ზურა ჯიშკარიანმა 28 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა.

► ნახეთ: ტატო რუსია აქციებთან დაკავშირებით ტრეკს "გამოდი გარეთ!" ავრცელებს

► ნახეთ: დავით გაბუნიამ აქციაზე "ველოდები ომს" და "ისტორიას" შეასრულა

"რამხელა სტრუქტურებსა და ინსტიტუციებსაც არ უნდა დავეჯახოთ, რა ცოტაც არ უნდა ვიყოთ, თუ ჩვენს თავებში შიშებს ჩავკლავთ და თავგანწირვით ვიბრძოლებთ, როგორც ირაკლი ჩარკვიანმა თქვა, "ჩვენ ამ ომს მოვიგებთ". მინდა, მივმართო იმ ორკებს, რომლებსაც "ქართა ველი" ჰგონიათ თავიანთი ბოსტანი, ის არ არის ვიღაცის ბოსტანი, "ქართა ველი" არის ჩვენი, საქართველო არის ჩვენი და იქნება სულ", - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

აღსანიშნავია, რომ KayaKata-ს წევრები, მაქსიმე მაჩაიძე და ზურა ჯიშკარიანი და გიორგი კვეზერელი, სასცენო სახელით turbohikari, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს პროექტით "ქართა ველი" გამოეხმაურნენ. მათ კომპოზიცია Valley of the Wind გაავრცელეს.

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. სამოქალაქო საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტთა სამი მოთხოვნიდან ორი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული